NASA-ს მეცნიერებმა მარსის პანორამაზე უცნაური რამ დააფიქსირეს
NASA-მ მარსზე თავისი მორიგი ამაღელვებელი თავგადასავალი დაიწყო და ჩვენდა საბედნიეროდ, სააგენტო ჩვეულებრივ ადამიანებსაც მოგვცემს ამ მოგზაურობისთვის თვალის დევნების საშუალებას.
კვირის დასაწყისში NASA-მ გამოაქვეყნა მაღალი რეზოლუციის პანორამა, რომელიც "შეუპოვრობამ" Mastcam-Z კამერით გადაიღო და მოგვიანებით, რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ინჟინრებმა მას საბოლოო სახე მისცეს.
ამ საოცრად მაღალი გარჩევადობის სურათზე უამრავი დეტალის შემჩნევა შეგვიძლია. იგი საშუალებას იძლევა, კარგად დავაკვირდეთ ეზეროს კრატერს — მარსის რეგიონს, სადაც ერთ დროს, მეცნიერების აზრით, მარსის უძველესი, უკვე დამშრალი მდინარის დელტა იყო.
უამრავ ქვას შორის მკვლევრებმა მარსის ზედაპირზე უცნაური ფორმის შვერილი შეამჩნიეს. ბნელი, უჩვეულოდ მაღალი ქვა მარსის ქვიშიან და ქვიან ლანდშაფტზეა წამომართული. წყლის ძუძუმწოვრის, სელაპის მსგავსი ფორმის გამო, მეცნიერთა გუნდმა მას უკვე ზედმეტსახელიც შეურჩია — "Harbor Seal Rock". Space.com-ის მიხედვით, ამ სიახლის შესახებ ხუთშაბათის ვებგადაცემაში ჯიმ ბელმა, Mastcam-Z-ს მთავარმა მკვლევარმა ისაუბრა.
აღნიშნულმა ქვამ დღევანდელი სახე, სავარაუდოდ, წლების მანძლზე კრატერზე ძლიერი ქარების ზემოქმედების შედეგად მიიღო.
პანორამაზე ასევე ჩანს ტერიტორია მოხეტიალესთან ახლოს, სადაც მისი "ცის ამწის" ზემოქმედებით მტვერი მისგან შორს იფანტება. ეს მოწყობილობა მოხეტიალემ 18 თებერვალს მარსის ზედაპირზე დასაშვებად გამოიყენა.
მსგავსად აღნიშნულისა, წითელი პლანეტის სხვა არეალშიც გამოჩნდა ზედაპირიდან ამოშვერილი ქვები, რომლებიც, მეცნიერბის აზრით, ვულკანური აქტივობის შედეგი უნდა იყოს — თუმცა მათი შესწავლა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა.
საბედნიეროდ, მალე უფრო ახლოს ვიხილავთ ყველაფერს შეუპოვრობის გარშემო. როდესაც მოხეტიალე ზედაპირზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადაერთვება (ეს ოთხდღიანი პროცესია, რომელიც უკვე დაიწყო). ამის შემდეგ იგი სამჯერ უფრო მაღალი გარჩევადობის პანორამების გადაღებას შეძლებს.
კომენტარები