ენერგეტიკული სასმელების მოხმარება დეპრესიად, შფოთვად და სტრესად იქცევა — კვლევა
ენერგეტიკული სასმელები შეიცავენ ისეთ ინგრედიენტებსა და ნაზავებს, როგორიცაა კოფეინი, შაქარი, გუარანა, ჟენშენი და ასპარტამი. ასეთი სასმელების მიზანი კარგი განწყობის შექმნა, სიფხიზლის შენარჩუნება და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაა, თუმცა, როგორც ახალი ლონგიტუდური კვლევა ცხადჰყოფს, მათ მოხმარებას მეტად საზიანო გრძელვადიანი მეორადი ეფექტი აქვს.
მეცნიერები სხვადასხვა კვლევებში არაერთხელ უსვამდნენ ხაზს ენერგეტიკული სასმელების ნეგატიურ გავლენას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისინი პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ არსებობს კორელაცია შფოთვას, დეპრესიას, სტრესსა და ენერგეტიკული სასმელების მოხმარებას შორის, თუმცა, ეს კვლევები კაუზალურ კავშირს არ აჩვენებდა, იმის გამო, რომ აკლდა ერთი კომპონენტი — ამ საკითხის ლონგიტუდური, ანუ გრძელვადიანი დაკვირვების მეთოდით შესწავლა.
ამის გათვალისწინებით, ახალ კვლევაში მეცნიერებმა 897 ინდივიდი 2 წლის ინტერვალით გამოკითხეს. კვლევაში მონაწილეებს კითხვები 2-ჯერ — 20 და 22 წლის ასაკში დაუსვეს. კითხვების ძირითადი ნაწილი კი ენერგეტიკული სასმელების მოხმარების სიხშირესა და განწყობას უკავშირდებოდა.
მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნარკოტიკების მოხმარების, დიეტასთან დაკავშირებული დისკომფორტების, ოჯახის შემოსავლის, მშობლების მხრიდან ალკოჰოლის მოხმარებისა და სიგარეტის მოწევის, ფიზიკური აქტივობებისა და სხვა ფაქტორების, ანუ შესაძლო გარე ცვლადების გამორიცხვის შემდეგ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ენერგეტიკული სასმელის მოხმარება დადებით კავშირშია გაზრდილ სტრესთან. ხოლო ზრდასრულ მამაკაცებში ის დეპრესიასა და შფოთვას იწვევს. ამ დასკვნის მიუხედავად, ეს საკითხი უფრო დეტალურ შესწავლას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ავტორებმა არაერთი გარე ცვლადი გამორიცხეს, კიდევ უამრავი გარეგანი ფაქტორი რჩება, რასაც შეუძლია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა. თუმცა, ავტორები გადაჭრით აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკულ სასმელებში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება მინიმუმ სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის უკვე არსებული სიმპტომების გამწვავება გამოიწვიოს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომდევნო კვლევებით ეცდებიან უფრო ზუსტი საზომები შექმნან, რადგან თვითანგარიშის კითხვარები, მით უფრო, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მაღალი სანდოობით არ გამოირჩევა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ თვითანგარიშის კითხვარის შევსებისას მონაწილეები მიკერძოებულები შეიძლება იყვნენ და ზუსტად ვერ ასახონ/გადმოსცენ საკუთარი მდგომარეობა.
კვლევა ჟურნალ Depression and Anxiety-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები