როგორ ცვლის ჰალუცინოგენური სოკო კიბოს მქონე პაციენტების ცხოვრებას
სიმსივნესთან ბრძოლა მედიცინისთვის ჯერ კიდევ ძალიან სერიოზული გამოწვევაა. კანადურმა ორგანიზაცია თერაფსილმა ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ფსიქოაქტიური ნივთიერების – ფსილოციბინის გამოყენება პალიატიურ პაციენტებთან მკურნალობის პროცესში, ოღონდ არა კიბოსთან საბრძოლველად, არამედ ამ დიაგნოზთან ერთად უფრო მშვიდი ცხოვრების მისაღწევად.
თომას ჰართლის საუბრის ხალისიანი მანერა მისი სიტყვების შინაარსთან კონტრასტს ქმნის. "გულწრფელად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სიმსივნესთან ერთად მოვკვდე" — ამბობს ის, — "და არა სიმსივნით".
მას შემდეგ, რაც 2016 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ჰართლის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ოპერაციებისა და ქიმიოთერაპიის დახმარებით მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მეოთხე სტადიაში შეაჩერეს, თუმცა გასულ ზაფხულს ის კვლავ დაბრუნდა: ამჯერად არაოპერირებადი ფორმით. მუცლის მწვავე ტკივილს ახალი პრობლემა – შფოთვის მაღალი დონე დაერთო, რაც ყოველდღიური პანიკური შეტევებით გამოიხატებოდა.
ჰართლი მხოლოდ 52 წლისაა და არ სურს, შიშში გალიოს დრო, რომელიც ცოლთან და ორ შვილთან ერთად გასატარებლად დარჩა. როგორც თომასი აღწერს საკუთარ თავს, "პროფესიონალი ნერდი" და IT სპეციალისტი ამ საკითხის გარშემო კვლევებმა გაიტაცა. ის ჯონ ჰოპკინსის ნაშრომს გაეცნო, რომლის მიხედვითაც, კიბოთი დაავადებული პაციენტების 80%-ში დეპრესიისა და შფოთვის კლინიკურმა მაჩვენებლებმა იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების (ფსილოციბინის) გამოყენების შემდეგ იკლო, რომელსაც "მაგიური სოკოები" შეიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფსილოციბინი აშშ-ში 1968 წლიდან არალეგალური, ხოლო კანადაში 1974 წლიდან აკრძალულია, ჰართლიმ მაინც აღმოაჩინა არაკომერციული ორგანიზაცია Theraphsil-ი, რომელიც პალიატიური პაციენტებისთვის ჰალუცინოგენების ხელმისაწვდომობაზე მუშაობს კანადის ქალაქ ვიქტორიაში: ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონი გამონაკლისის სახით მსგავსი საქმიანობის საშუალებას იძლევა.
ჰართლი აპლიკანტთა სიაში ჩაეწერა, რათა მთავრობისგან მკურნალობაზე კანონიერი ნებართვა აეღო და 2020 წლის აგვისტოში, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მან და კიდევ სამმა პაციენტმა ჯანდაცვის მინისტრისგან თანხმობა მიიღეს.
აქედან ერთი კვირის შემდეგ ჰართლი კანადის ქალაქ სასკატუნში, თავის სახლში, საძინებლის საწოლზე იწვა და საძილე ნიღაბთან ერთად ყურსასმენები ეკეთა. მან მშრალი ფხვნილის სახით ექვსი გრამი ჰალუცინოგენური სოკო პირველად მიიღო. მისთვის შემდეგი 6-7 საათის გამოცდილებაზე საუბარი იგივეა, რომ ვინმეს არარსებული ფერის აღწერა სთხოვო.
"მუსიკამ, რომელსაც ვუსმენდი, მომაჯადოვებელი სამგანზომილებიანი სივრცეები შექმნა ჩემ გარშემო" — ყვება იგი, — "მე კი არ ვიყავი იმ სივრცეებში, მე თვითონ ვიყავი ის სივრცე".
ამ თერაპიის გასვლიდან თვეების შემდეგაც კი ჰართლი თავის მდგომარეობას კვლავ შთამბეჭდავად აფასებს.
"დამთრგუნველი და უსარგებლო ფიქრები, რომლებიც თან ახლავს შფოთვებს, უმნიშვნელო გახდა" — ამბობს ჰართლი, — "ჩემთვის ბევრად უფრო მარტივი გახდა აწმყოზე კონცენტრირება და ამან საგრძნობლად გააუმჯობესა ჩემი ცხოვრების ხარისხი. ახლა, როცა რამე ამტკივდება, რა თქმა უნდა, ეს დისკომფორტია და არ მსიამოვნებს, მაგრამ არ ვიწყებ მაშინვე იმაზე ფიქრს, რომ 'შეიძლება ამ საღამოს მოვკვდე'".
ფსილოციბინით მკურნალობის პროცესში აუცილებელია, პაციენტი იმ ფსიქოთერაპევტის ზედამხედველობის ქვეშ იყოს, რომელიც ჰალუცინოგენური ნივთიერების ზემოქმედების შედეგებს კარგად იცნობს. ეს საჭიროა, რათა პაციენტს ჰყავდეს დამხმარე, რომელიც მიმართულებებს მისცემს და ასევე, თერაპიის შედეგების სწორად გაგებაში დაეხმარება. ჰართლის თერაპია სწორედ იმიტომ იყო წარმატებული, რომ მას გამოცდილი ფსიქოთერაპევტი, ორგანიზაცია თერაფსილის დამფუძნებელი, კლინიკური ფსიქოლოგი ბრუს ტობინი ეხმარებოდა, რომელიც სასკატონში ჩაფრინდა და პირველი დოზის მიღებისას ჰართლის საწოლს არ მოშორებია.
"მიგვაჩნია, რომ როცა მოგზაურს უცნობი მთის დალაშქვრა სურს, ყოველთვის გამოცდილ გზამკვლევთან ერთად მოგზაურობას არჩევს, რომელიც იმ მთაზე მანამდეც ყოფილა და დახმარებასაც შეძლებს", — ამბობს ტობინი.
ონტარიოში მოღვაწე ექიმი და თერაფსილის სამედიცინო ხელმძღვანელი, შონ ო’სალივანი განიხილავს იმ განსხვავებას, რომელიც ფსიქოთერაპიისას გამოყენებულ ანტიდეპრესანტებსა და ფსილოციბინით მკურნალობის შედეგებს შორის არსებობს.
"ფსიქოთერაპიისას გამოყენებული წამლების უმრავლესობა სიმპტომურ მკურნალობას ემსახურება" — ამბობს ო’სალივანი — "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამთრგუნველი მედიკამენტებია. ისინი თრგუნავენ სიმპტომებს და სიმპტომების გამომწვევ ნერვულ გზებს".
ფსიქოდელიური ნივთიერებები კი, მაგალითად ფსილოციბინი, ზუსტად ამის საპირისპიროდ მოქმედებს.
"ჰალუცინოგენები ადამიანს არაცნობიერის კარს უხსნის და მანამდე დათრგუნულ ფიქრებს ცნობიერში გადასვლის საშუალებას აძლევს. ფსიქოდელიური სესია შეგვიძლია გამძვინვარებულ მდინარეს შევადაროთ, ოღონდ ამ დროს შენ არ გიჩნდება სურვილი, ის შეაჩერო ან დინების საპირისპიროდ წახვიდე: უბრალოდ მოძრაობის საშუალებას აძლევ".
ო’სალივანი ამბობს, რომ თერაპევტი, რომელიც გამოუცდელია და ამ ემოციურ მდინარეს არ იცნობს, ვერ შეძლებს პაციენტის დახმარებას.
"როცა ფსიქოდელიური სესიის დროს ადამიანი ტირის, ქვითინებს, გამოხატავს გაბრაზებას ან სიხარულს, წარმოუდგენელი მოცულობის ემოციებისგან თავისუფლდება. ხოლო როცა თერაპევტი ხედავს, რომ ვიღაც ძალიან, ძალიან იტანჯება, შესაძლოა, თანაგრძნობა გამოიჩინოს, კომფორტი და დახმარება შესთავაზოს და უთხრას — 'დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება'", — ამბობს ო’სალივანი. მისი აზრით, ასეთი მიდგომის ნაცვლად, უმჯობესია, პაციენტებს ემოციების მდინარეში უფრო ღრმად შესვლაში დაეხმარო.
"ზედმეტად არ უნდა ჩაერიო, უნდა გაამხნევო, მდინარის რთული მონაკვეთების გადალახვაში დაეხმარო და შემდეგ ისევ უკან დაბრუნების უფლება მისცე... ესაა ფსიქოდელიური თერაპევტის საქმე", — ამბობს ის.
ფსიქოდელიური თერაპია რთული სამუშაოა. ერთი სესია საშუალოდ 30 საათი გრძელდება, რადგან ეს მოიცავს დეტალურ მოსამზადებელ პერიოდს, ასევე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პაციენტის მონიტორინგის დროს და სესიის შემდგომ ხელახალ ინტეგრაციაში დახმარებას.
ამჟამად თერაფსილთან მხოლოდ სამი ექიმი და თერაპევტი თანამშრომლობს და შესაბამისად, ფსილოციბინის სესიებს ატარებს. რესურსი სრულიად საკმარისი იყო 2020 წლის აგვისტოში, როცა მხოლოდ ოთხ პაციენტს ჰქონდა "მაგიური სოკოს" გამოყენებისთვის ნებართვა, მაგრამ მსურველთა რაოდენობა ნოემბრის შუა რიცხვებში 12-მდე გაიზარდა. შესაძლოა, ეს რიცხი დღითიდღე სულ უფრო გაიზარდოს.
თერაფსილი მომავალი წლისთვის თერაპევტების გადამზადებას გეგმავს. ტრენინგები თითოეული თერაპევტისთვის ფსიქოდელიური გამოცდილების მიღებას მოიაზრებს, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ, რას განიცდიან პაციენტები. ასე რომ, ორგანიზაციამ კანადის მთავრობას ჰალუცინოგენური ნივთიერების მისაღებად საჭირო კანონიერი ნებართვის ასაღებად თავისი ექიმებისთვისაც მიმართა.
ერთ-ერთი მწვავე კითხვა, რომელიც ამ ნებართვების მოთხოვნისას კანადის ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტში სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ დაისვა, იყო ის, თუ რითი განსხვავდებოდა ფსიქოდელიური თერაპევტი ჩვეულებრივი თერაპევტისგან, რომელსაც ძლიერი ანტიდეპრესანტის გამოწერა ამ მედიკამენტის პირადად მიღების გარეშე შეუძლია.
ო’სალივანი ამ კითხვას შემდეგნაირად პასუხობს:
"თუ შენ, როგორც თერაპევტს, არ გამოგიცდია ეს მდგომარეობა, მაშინ მხოლოდ იმის გაკეთება შეგიძლია, რასაც ადამიანების უმრავლესობა გააკეთებდა: ამ პროცესის მნიშვნელობას ვერ აღიქვამ ან მის პათოლოგიზებას მოახდენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს მეთოდი გაიაზრო, როგორც ადამიანის არაცნობიერის გაცნობის მდიდარი წყარო".
ვანკუვერში მცხოვრები 43 წლის კიბოთი დაავადებული კრისტიანი, რომელსაც გვარის გასაჯაროება არ სურს, საკითხს უფრო მარტივად უყურებს — "ეს საქმე სხვა პროფესიებისგან არაფრით განსხვავდება. როცა მანქანა მექანიკოსთან მიგყავს, იმედოვნებ, რომ მას მანქანა აქამდეც უტარებია".
ორი წლის წინ კრისტიანი ჩინეთში სტარტაპებს ბუღალტერიასა და შესყიდვებში კონსულტირებას უწევდა, თუმცა მისი ვორკაჰოლიკობა ჩიხში შევიდა: ერთ დღეს კრისტიანის დედა მკერდის კიბოთი გადაიცვალა, მას კი მალევე სწორი ნაწლავისა და ღვიძლის მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სტანდარტული პალიატიური მკურნალობის მეთოდი თავდაპირველად მისთვის ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ გასულ აგვისტოში ტკივილის გამო უკვე 20 საათი საწოლს იყო მიჯაჭვული.
"უბრალოდ საწოლიდან წამოდგომისა და კარადამდე მისვლისთვის ნახევარსაათიანი ძალისხმევა მჭირდება", — თქვა მან.
სიმსივნის გამო შიშებმა მთელი მისი არსება მოიცვა.
"ჩემთვის ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რა მოხდება, თუ ერთ თვეში გარდავიცვლები... რა ბედი ეწევა ჩემს ცოლს?", — ამბობს ის.
კრისტიანს ალტერნატიული თერაპიების სჯეროდა. მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოში კანადის მთავრობის მიერ "მაგიურ სოკოებზე" გაცემული ნებართვების შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, თერაფსილს დაკავშირებოდა. ორი თვის შემდეგ მან ფსილოციბინის გამოყენებისთვის ლეგალური ნებართვა მიიღო. ის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან თერაფსილის დამფუძნებელი და მთავარი თერაპევტი, ტობინი მისგან ხუთი წუთის სავალ გზაზე ცხოვრობდა.
"რეალურად, მათ მხოლოდ იმ ხალხის დახმარება შეუძლიათ, რომლებიც კანადის ქალაქებში – კელოუნაში, ტორონტოში და აქ, ვიქტორიაში ცხოვრობენ" — ამბობს კრისტიანი და ასახელებს იმ ადგილებს, სადაც გამოცდილი თერაპევტები იმყოფებიან — "მე რომ ნანაიმოში ან კემპბელ რივერში ვყოფილიყავი, სავარაუდოდ, იქამდე მოვკვდებოდი, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა".
თერაფსილის აღმასრულებელი დირექტორის, სპენსერ ჰოუკსველის თქმით, მათთვის ამ გარემოებას წინააღმდეგობა ნამდვილად შეუქმნია.
"ერთხელ ქალი დაგვიკავშირდა, რომელსაც სიცოცხლის ერთი კვირა ან უფრო ნაკლები დრო თუ ექნებოდა დარჩენილი" — იხსენებს ჰაქსველი. მათ ამ ქალის დახმარება ვერ შეძლეს, რადგან იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად კანადის ჯანმრთელობის სამინისტრო ნებართვებს 10 სამუშაო დღეში გასცემს, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ პროცესი ხშირად ჭიანურდება. ჰაქსველის აზრით, თუ საკმარისი რაოდენობის გადამზადებული თერაპევტი კვლავ არ ეყოლებათ, მსგავსი შემთხვევები ხშირად შეიძლება განმეორდეს.
კლინიკა თერაფსილს მკურნალობის საკმაოდ კონსერვატული მიდგომები აქვს: მაგალითად, ფსიქოდელიკების მიღება შეზღუდულია მათთვის, ვისაც მანამდე რაიმე სახის მენტალური დაავადება აღენიშნებოდათ. ასევე მკურნალობის ამ მეთოდზე შეიძლება უარი ეთქვას მას, ვინც დამოკიდებულია რამდენიმე ანტიდეპრესანტზე, რადგან მსგავსი მედიკამენტები ფსიქოდელიურ ეფექტს საგრძნობლად ამცირებს. ამ შეზღუდვების მიუხედავად, თერაფსილს წელიწადში 2 800-მდე პაციენტისთვის შეუძლია სერვისის მიწოდება და მდგომარეობის შემსუბუქება.
მონა სტრელეფი კიდევ ერთი პაციენტია, რომელმაც მძიმე დეპრესიასა და პოსტტრავმულ აშლილობასთან გამკლავებაში დასახმარებლად ფსიქოდელიურ სესიას მიმართა. მონა ფინეთში გაიზარდა და მისი ტრავმები ბავშვობიდან დაიწყო — "დედაჩემს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, მამაჩემი კი ალკოჰოლიკი იყო და ნარკოტიკებს მოიხმარდა. დეტალებში შესვლა არაა საჭირო, მაგრამ ჩემს ოჯახში ბევრი მიზეზი არსებობდა ტანჯვისთვის".
2002 წელს სტრელეფს ორივე მკერდის კიბო აღმოაჩნდა, რომელმაც საბოლოოდ რემისია განიცადა, მაგრამ ტრავმირებული დატოვა — "იმ დროს 48 წლის ვიყავ" — ამბობს ის, — "ექვსი შვილიშვილი მყავდა და სიკვდილისთვის თვალის გასწორება ძალიან რთული იყო".
ორი წლის წინ მისი ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
"შვილის დაკარგვის შემდეგ დეპრესია უფრო და უფრო მიმწვავდებოდა. იმდენს ვსვამდი, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდა. ვფიქრობ, სინამდვილეში თვითმკვლელობას ვცდილობდი", — იხსენებს ის.
სტრელეფის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში აბების მიღებამ, თერაპიამ და სხვადასხვა მკურნალობის ცენტრში მიმართვამ შედეგი არ გამოიღო. ისე მოხდა, რომ მისი გზაც თერაფსილის კლინიკამდე მივიდა და ფსიქოდელიური თერაპია ჩაიტარა.
"ეს არაა რაღაც ისეთი, რასაც თინეიჯერები გააკეთებდნენ, ხომ იცით 'მოდი მივიღოთ ფსიქოდელიკები და გავერთოთ'. ეს თერაპიაა. რთულია. რთული სამუშაოა. ძალიან ბევრი ემოციაა, რომელთან დაპირისპირებაც ძალიან ძნელია. ეს ერთდროულად სევდა, მწუხარება და სიბრაზეა, მაგრამ ასევე გრძნობ ემპათიას, თანაგრძნობასა და მიტევებას", — ამბობს სტრელეფი.
ერთი კვირის განმავლობაში ფსილოციბინის ჩაის ოთხჯერ მიღების შემდეგ სტრელეფი აცხადებს, რომ ის შფოთვებისგან გათავისუფლდა — "მშვიდად ვარ. ახლა იმაზე უფრო ცოცხალი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ".
აღსანიშნავია, რომ ყველასთვის იგივე შედეგი არაა გარანტირებული. სესიიდან რამდენიმე დღეში კრისტიანი ფიქრობდა, რომ ეს არ იყო ის, რასაც ელოდა.
"სხვადასხვა სამყაროში ვიყავი" — ამბობს კრისტიანი — "შეიძლებოდა, თვალები გამეხილა, ხალხი დამენახა გარშემო და ჩემი ცოლი მომეკითხა, თუ სად იყო ან სულაც მისთვის შემეხედა, მაგრამ ვერ აღმექვა, რომ ჩემ გვერდით იყო".
კრისტიანი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა, მისი ობსესიურ-კომპულსიური პიროვნება იმ მძვინვარე მდინარეს ებრძვის, რაზეც ო’სალივანი საუბრობდა, ნაცვლად იმისა, რომ მის დინებას მიჰყვეს.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შესაძლოა არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად მისმა შფოთვებმა მაინც იკლო: კიბოთი გამოწვეული აკვიატების გამო კრისტიანი სმარტფონზე დამოკიდებული იყო, ბოლო დროს კი დამლაგებელი ამჩნევს, რომ სულ უფრო იშვიათად იღებს ის ხელში მობილურს. შესაძლოა, არა მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მის მდგომარეობაში გაუმჯობესება მაინც შეინიშნება, ამიტომ ის კვლავ აპირებს თერაპიის გამეორებას.
აკრძალვისა და რთულად მისაღები ნებართვის პირობებში ადამიანები სხვადასხვა გზას ეძებენ, რომ ფსილოციბინი მოიპოვონ: "ერთ-ერთი აპლიკანტი თავად ზრდის სახლში სოკოს, სხვა პაციენტმა კი მითხრა, რომ სოკოს სანდო მეგობრისგან მიიღებს და ამასთან დაკავშირებით მეტის თქმა არ სურს", — ამბობს თერაფსილის დამფუძნებელი, ბრიუს ტობინი.
ო’სალივანი აღნიშნავს, რომ ადამიანს, ვინც მათ კლინიკაში თერაფსილის მისაღებად მიდის, ნამდვილად დახმარება სჭირდება და ის არ არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც "პარასკევ საღამოს ჰალუცინოგენურ სოკოს ექვს ბოთლ ლუდს აყოლებს გასართობად".
"ჩვენ გვყავდა 45 წლის ქალი, რომელსაც სიმსივნე ძვლებში ჰქონდა გავრცელებული. ასევე 53 წლის ქალი, რომლის ძვლებსა და ტვინს სიმსივნე ერთდროულად მოედო. გვყავდა ახალგაზრდა პაციენტები რბილი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნით. ამ ადამიანებს ჩვენი საშუალებით უბრალოდ კანონისთვის გვერდის ავლა არ სურთ და მთავრობაც აცნობიერებს ამას".
თუმცა, ამჟამად ის, რაც ფსილოციბინის ფსიქოთერაპიას ყველაზე მეტად აფერხებს, ფულია და არა — რეგულაციები.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თერაპევტების რაოდენობა საკმარისი არ არის. მათ გადამზადებას გარკვეული ფინანსები სჭირდება, ამიტომ თერაფსილი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვას აპირებს 500 ათასი დოლარის შესაგროვებლად. სპენსერ ჰაქსველი ამბობს, რომ ანონიმურმა დონორმა ფორდში $250 000 უკვე ჩარიცხა.
წარმატების შემთხვევაში ისინი არაპალიატიური პაციენტების მკურნალობასაც შეძლებენ, როგორიც მონა სტრელეფი იყო. ტობინი ამბობს, რომ ეს არ შეცვლის მათ არაკომერციულობას და ორგანიზაცია კვლავ თავდაპირველ ჰუმანიტარულ კონცეფციას შეინარჩუნებს — "ჩვენ არასდროს გავხდებით კომერციული ორგანიზაცია. არასდროს გვეყოლება ინვესტორები. ჩვენი თანამშრომლები გონივრულ ანაზღაურებას იღებენ და ამაზე მეტ მოგებას თერაფსილი არასდროს მიიღებს და მე, როგორც დამფუძნებელი, ვალდებული ვარ, რომ ერთი პენიც არ ავიღო აქედან".
კანადაში კიბოს კვლევებისთვის დახარჯულ მილიონობით დოლართან შედარებით თერაფსილისთვის საჭირო ფინანსები მიზერულია.
იმ კვლევითი სააგენტოებისგან განსხვავებით, რომლებიც სიმსივნის განკურნების გზებს ეძებენ, თერაფსილს მსგავსი რამის შეთავაზება არ შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული გაგებით. იმის იმედი არ არსებობს, რომ ფსილოციბინის თერაპია სასწაულებრივად გამოიწვევს სიმსივნის რემისიას ფსიქიკის გამოსწორებით. ო’სალივანის თქმით, ეს უბრალოდ ასე არ მუშაობს.
"მე მყავდა შვილი, რომელიც შვიდი წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა" — ამბობს ო'სალივანი, — "ის ამ სამყაროში სინათლის პატარა ანგელოზი იყო. მას არ ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც სიმსივნეს გამოიწვევდა. ასე რომ, არა... ეს არაა სიკვდილის პრევენციის მცდელობა. ეს ადამიანებისთვის მშვიდად სიკვდილში დახმარების მცდელობაა".
კომენტარები