ნახეთ: Tesla-მ ახალი Model S-ის ფოტოები გაავრცელა და ის კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ
Tesla-მ ახალი Model S-ის ინტერიერის ფოტოები გამოაქვეყნა და მოდელის რამდენიმე ახალ, უცნაურ მახასიათებელსაც გაუსვა ხაზი. როგორც Teslarati იუწყება, ავტომწარმოებელი საკმაო ხანია მუშაობს მისი ყველაზე გაყიდვადი მოდელის ახალი ვერსიის გამოშვებაზე.
გავრცელებული ვიზუალების მიხედვით, Model S-ის ინტერიერში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ, რაც გასაკვირი არ არის იმ მოდელის ავტომანქანის შემთხვევაში, რომლის დიზაინიც 2012 წლიდან უცვლელი იყო.
ახალი Model S აღჭურვილია ეკრანებით. მათ შორის, წინა ინტერიერსა თუ სალონის ცენტრში განთავსებული ახალი ჰორიზონტალური ეკრანი Tesla-ს უახლეს მოდელებს მოგაგონებთ. მათ კი, ვინც მანქანის უკანა სავარძლებზე განთავსდება, ასევე შეუძლიათ ეკრანებში მათთვის საინტერესო კონტენტს მიადევნონ თვალი.
ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, არის თუ არა ეს ის ვერსია, რომლის შესახებაც ილონ მასკმა 2019 წელს გააჟღერა. მას Plaid-ს უწოდებდნენ და 0-დან 100-მდე კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2 წამში უნდა შეძლებოდა. ის კი ცნობილია, რომ ახალ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრი საათშია.
კომენტარები