ელექტრულმა გველთევზებმა ჯგუფურად ნადირობა დაიწყეს
როგორც ჩანს ელექტრული გველთევზები ისეთი მარტოსულებიც არ არიან, როგორც გვეგონა.
ბრაზილიის ღრმა ტყეებში, ერთ-ერთ პატარა ტბაში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ გველთევზები ერთად ცხოვრობენ, ერთად აგროვებენ საკვებს და მეტიც, ერთად ნადირობდნენ.
როგორც ჩანს, ჯგუფური ნადირობის სტრატეგია ამართლებს. ვოლტას ელექტრული გველთევზები Electrophorus Voltai ამ პატარა ტბაში უხვად არიან. ბევრი მათგანი 1,2 მეტრის სიგრძეს აღწევს, რაც სახეობისთვის იშვიათი არაა. თუმცა, ამ სახეობის ცხოველებისთვის გუნდური ნადირობა უჩვეულო რამაა.
"გასაოცარი აღმოჩენაა", — ამბობს იხტიოლოგი კარლოს დევიდ დე სანტანა. "ელექტრულ გველთევზებში მსგავსი რამ არასდროს დაფიქსირებულა".
ვოლტას გველთევზა, არც ისე დიდი ხნის წინ, ირირის მდინარეში აღმოაჩინეს და ცალკე სახეობად მხოლოდ შარშან გამოყვეს, ამიტომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა, ამ გველთევზას, დაახლოებით, 860 ვოლტის ელექტროშოკის წარმოება შეუძლია, რაც სხვა გველთევზებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი რიცხვია.
დე სანტანას ჯგუფმა ამ ელექტრული გველთევზების გუნდური ნადირობა პირველად 2012 წელს შენიშნა. თუმცა, ერთი დაკვირვება საკმარისი არაა, რომ გარკვეული ქცევა "ჩვეულებრივ ქცევად" ჩაითვალოს. მარტივად რომ ითქვას, შესაძლებელი იყო, რომ დე სანტანას გუნდი ანომალიას შეესწრო. თუმცა, 2014 წელს მეცნიერების გუნდი პატარა ტბაში მცხოვრებ გველთევზებს 72 საათის მანძილზე აკვირდებოდა. დროის ამ მონაკვეთში გველთევზები მუდამ ერთად ნადირობდნენ.
დღის და ღამის მანძილზე ელექტრულ გველთევზებს მეტწილად სძინავთ. თუმცა, შებინდებისას და მზის ამოსვლილას, ცხოველებზე სანადიროდ გადიან. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ვოლტას ელექტრული გველთევზებისთვის ეს იშვიათია.
ერთ-ერთი ნადირობისას, გუნდურად 100-ზე მეტი გველთევზა მუშაობდა. მათ პატარა თევზების გარშემო ერთგვარი ცოცხალი გალავანი გააკეთეს, მსხვერპლს კი თანდათან უფრო ავიწროვებდნენ. როცა დრო მოვიდა, მტაცებლებმა თავდასხმა დაიწყეს. თევზების "განეიტრალების" შემდეგ, გველთევზების გუნდმა ჭამა ერთდროულად დაიწყო.
"გუნდური ნადირობა ძუძუმწოვრებში ხშირია, თუმცა თევზებში საკმაოდ იშვიათია", — ამბობს დე სანტანა. "თევზის მხოლოდ 9 სახეობაა, რომელიც ასე ნადირობს, ამიტომ ეს აღმოჩენა განსაკუთრებულია".
მიუხედავად იმისა, რომ გველთევზების გუნდური ნადირობა ალბათ ნორმალური ქცევაა, შესაძლოა, რომ ეს გარკვეული გარემოებებითაა განპირობებული. შეიძლება, რომ ეს ფენომენი კონკრეტულ ადგილებში, საკვების სიუხვისას იჩენს თავს, სხვა დროს კი გველთევზები დამოუკიდებლად ნადირობენ.
ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მკვლევართა გუნდი დარწმუნებულია, რომ გველთევზები აღნიშნულ ტბას ყოველ წელს აკითხავენ. გუნდმა "მოქალაქე მეცნიერების" პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებით დაინტერესებული მოქალაქეები ტბას მიაკითხავენ და დაკვირვებებს აწარმოებენ, სანამ მკვლევრები ლოკაციას დაუბრუნდებიან და ახალ კვლევას დაიწყებენ.
ამასობაში, მეცნიერები გველთევზების სხვა პოპულაციებსაც ეძებენ, სადაც გუნდური ნადირობა შეიძლება გავრცელებული იყოს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ გველთევზების ჯგუფური ნადირობის შესწავლა, მათ ამ ცხოველებში არსებულ იერარქიებზე და სოციალურ სტრუქტურებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნით.
კვლევა Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები