15 ფილმი, რომელიც ქვიარ ადამიანების ემოციურ გამოცდილებაზე გვიყვება
ქვიარ ადამიანთა ისტორიების მოყოლა, მათი გამოცდილებებისა და მისწრაფებების დაფიქსირება, ხილვადობა, გაზიარების თანაბარი შესაძლებლობა სოციალური თანასწორობის აუცილებელი პირობაა. კინო კი ის მედიუმია, რომელიც ყველაზე დიდ აუდიტორიას უკავშირდება და უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
გასული საუკუნე ჩრდილიდან გამოსვლის, საკუთარი ღირსებისა და პოზიციის დაცვისთვის დაწყებული ბრძოლის დროა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ხილვადობისთვის ბრძოლა დაგვიანდა, გადავადდა და ახლაც მიმდინარეობს.
კინო საუკეთესო მეგზურია თვითაღმოჩენის თუ სხვების მიმართ დამოკიდებულებების გადაფასების გზაზე და ჯადოსნური გზებით რეალობის გარდაქმნის ძალა აქვს. ნახეთ ქვიარ ფილმები, რომელთა გამოტოვებაც არ შეიძლება.
1. Paris is Burning (1990) — ჯენი ლივინგსტონი
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩაგრული ქვიარ კულტურის და გაბატონებულ თეთრკანიანთა ურთიერთქმედებას იკვლევს, ოჯახის სოციალურად დამკვიდრებულ მნიშვნელობას ახალ შინაარსს ანიჭებს და უბრალოდ გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ღარიბები, მაგრამ ყველაზე ღირსეულები არიან.
2. 120 Beats Per Minute (2017) — რობინ კამპილო
ფილმი აივ ინფექციასთან ინდივიდუალური ბრძოლისა და სამოქალაქო აქტივიზმის, 90-იანების დასაწყისის ფრანგული ხელისუფლებისა და საზოგადოების გულგრილობის და დაკარგული ახალგაზრდობის ამბავზე.
3. The Bitter Tears of Petra von Kant (1972) — რაინერ ვერნერ ფასბინდერი
გერმანელი გენიოსის 10 დღეში გადაღებული ფილმი, რომელიც სექსუალური ძალაუფლებისა და ვნების ბუნებას სწავლობს და ფუფუნებაში ცხოვრების მომწარო არომატს გვიჩვენებს.
4. Pain and Glory (2019) — პედრო ალმოდოვარი
ფილმის მთავარი გმირი ასაკოვანი რეჟისორია, რომელიც ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილზე გამარჯვებას ცდილობს და ურთიერთობების გადაფასების პროცესს გადის. რეჟისორის ბავშვობის სცენები სექსუალობისა და ემოციური დამოკიდებულებების დაბადების პირადული ისტორიაა, რომელიც პედრომ საუკეთესო კინო გამოცდილებად აქცია. ანტონიო ბანდერასმა კი კარიერის საუკეთესო როლი შექმნა.
5. Bad Education (2004) — პედრო ალმოდოვარი
ცუდი აღზრდა ბავშვობის გამოცდილებების მნიშვნელობაზე საუბრობს. სიყვარულის, შიშით გაჯერებული რელიგიური გრძნობისა და სექსუალური ძალადობის გამოცდილების გავლენით გადაწყვეტილი ინდივიდის ისტორია.
6. The Handmaiden (2016) — პარკ ჩან-ვუკი
ქალთა ჩაგვრისა და პატრიარქალური ძალმომრეობისა და გამომყენებლური ბუნების ფონზე განვითარებული ორი ქალის სიყვარულის ისტორია სამხრეთ კორეული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ვიზუალურად დახვეწილი ნამუშევარი, რომელიც სოციალურ, სექსუალურ და რომანტიკულ ურთიერთობებს იკვლევს.
7. Teorema (1968) — პიერ პაოლო პაზოლინი
ეს ფილმი ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება დაინახო, თუმცა სექსუალური სურვილების ძალა, ემოციური კავშირების ძიება და თვითაღმოჩენის პროცესი აშკარა პლასტია, რომელიც ფილმის სიუჟეტს აგებს.
8. Kiss of the Spider Woman (1985) — ჰექტორ ბაბენკო
ამორალური ქცევის ბრალდებით დაკავებული ტრანსგენდერისა და პოლიტიკური პატიმრის მეგობრობის ისტორია, რომელიც რომანტიკული კავშირების სურვილით არის გაჯერებული და ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის ურთიერთგაგების გზას გვიჩვენებს. უილიამ ჰარტმა კი ოსკარი მოიპოვა, მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
9. Priscilla, Queen of the Desert (1994) — სტივენ ელიოტი
თავბრუდამხვევი ქვიარ სანახაობა, რომელიც აბსურდის ზღვარზე გადის და მნახველს ფერადოვნებაში ითრევს დაუვიწყარი ფილმია. კარგი იუმორით მოყოლილი მეგობრობის ისტორია, რომელსაც სოციალური ჩაგვრის ფონი ვერაფერს აკლებს.
10. Longtime Companion (1989) — ნორმან რენე
აივ ინფექციის აღმოჩენისა და ქვიარ თემში გაბატონებული შიშების ამბავი, რომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოა ფილმში სიკვდილის მოლოდინში მყოფი ადამიანების პერსონალური განცდების საშუალებით არის მოყოლილი. Longtime Companion იმ ადამიანებზე გვიყვება, რომელთაც უყვართ, ეშინიათ, იბრძვიან და ცდილობენ ბედნიერები იყვნენ.
11. The Boys in the Band (1970) — უილიამ ფრედკინი
1970 წელს გამოსული ფილმი საჯარო სივრცისთვის ფაქტობრივად არარსებულ ქვიარ ადამიანებზე გვიყვება. მათ შიშებზე, სოციუმისგან დალექილ თვითსიძულვილზე, სისუსტეებზე, ბრაზზე და უნდობლობაზე დაბადებისდღის წვეულებაზე განვითარებული ამბებით ვიგებთ, რომელზეც ჰეტეროსექსუალი სტუმარი შემთხვევით აღმოჩნდება.
12. Brokeback Mountain (2005) — ენგ ლი
ცივი, უსიყვარულობის ზღვარზე მოყოლილი ვნების, სოციალური აკრძალვების გამო ვერნათქვამი ემოციების, მასკულინობის გადაფასების თუ ვერგადაფასების და და სოციალური პასუხისმგებლობებისგან თავდაღწევის უუნარობის ამბავი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებით არის დახუნძლული.
13. Tropical Malady (2004) — აპიჩანტპონ ვირასეტაკული
მოუხელთებელი სიყვარულის და გამანადგურებელი ვნების დაუსრულებელი ზღაპარი, რომელიც სიზმარივით საყურებელია, კინოს დაუვიწყარ ძალას გაგრძნობინებს და მაგიურ სანახაობაში გითრევს.
14. My Own Private Idaho (1991) — გას ვან სენტი
საკუთარი თავის აღმოჩენის, წარსულის გადაფასების, მეგობრობის და ადგილის ძიების ისტორია, რომელიც სხვადასხვა შედეგამდე მიდის და ფონად ტკივილი, სიღარიბე, იმედგაცრუება და გადარჩენისთვის ნებისმიერ ფასად ბრძოლა გასდევს. რივერ ფენიქსისა და კიანუ რივზის შესრულება ფილმის გამორჩეული დეტალია.
15. My Beautiful Laundrette (1985) — სტივენ ფრირზი
იმიგრანტი ბიჭის ბრძოლა წარმატებისთვის, მეგობრობის, სიძულვილის და დაპირისპირებების, სიყვარულის ამბავი და სამრეცხაო, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. ახალგაზრდა დენიელ დეი-ლუისით მთავარ როლში.
კომენტარები