მიუხედავად იმისა, რომ აქამდე უკვე არაერთმა ინფორმაციამ გაჟონა Samsung-ის ახალი ფლაგმანების შესახებ, ბევრი ჩვენგანი მაინც ელოდა ოფიციალურ წარდგენას, რომელიც დღეს, 14 იანვარს გაიმართა. პრეზენტაციაზე კომპანიამ სამი ახალი მოდელი წარადგინა: Samsung Galaxy S21, Galaxy S21+ და Galaxy S21 ultra. პირველი ორი 799 და 999 დოლარი ღირს და შესაბამისად, ერთ-ერთ ყველაზე იაფ ფლაგმანებს წარმოადგენს მათ შორის, რაც ბოლო წლებში Samsung-ს წარუდგენია. Galaxy S21 ultra კი, რომელიც 1199 დოლარი ღირს, არა მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული, არამედ, ამ ეტაპზე, კომპანიის საუკეთესო სმარტფონიცაა.

სამივე ტელეფონის შეძენა 29 იანვრიდან იქნება შესაძლებელი, იქამდე კი სასურველი მოდელის დაჯავშნას შეძლებთ აქ.

აღნიშნული ფლაგმანების დაყოფა ორ ჯგუფად შეიძლება: Galaxy S21 და S21+ იმ მომხმარებელზეა გათვლილი, რომლებსაც ფლაგმანის შეძენა უფრო შეღავათიან ფასად უნდათ, Galaxy S21 ultra კი გთავაზობთ უმაღლეს დონეს და ფასიც შესაბამისი აქვს.

Galaxy S21 და S21+

ეს ორი მოდელი თითქმის ერთმანეთის იდენტურია, თუ არ ჩავთვლით განსხვავებას ეკრანის ზომაში, ელემენტის ზომასა და კიდევ რამდენიმე წვრილ დეტალში.

Samsung-მა წელს საბოლოოდ შეცვალა კურსი და წლევანდელი ფლაგმანები, რომელთა ფასი 799 და 999 დოლარიდან იწყება, წინამორბედებზე მთელი 200 დოლარით ნაკლები ღირს.

ამის მისაღწევად, კომპანიამ აღარ გამოიყენა დახვეწილი მრუდე კიდეები, რომლებიც წლების მანძილზე Samsung-ის ნიშანს წარმოადგენდა. 3200 x 1440 რეზოლუციის მქონე ეკრანი 2400 x 1080-ით შეიცვალა, RAM კი 12 გიგაბაიტიდან 8 გიგაბაიტამდე შემცირდა.

ფოტო: https://cdn.vox-cdn.com


Apple-ის მსგავსად, დამტენის თავი Samsung-მაც ამოიღო შეფუთვიდან, რასაც ისინი გარემოსდაცვითი მიზეზებით ამართლებენ (თუმცა კომპანია ამ ნაწილების ამოღებით ფინანსურადაც იხეირებს).

რაც შეეხება გაუმჯობესებას, სმარტფონი უზრუნველყოფილია Qualcomm-ის უახლესი Snapdragon 888 პროცესორით, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მისი მუშაობის ხარისხს (თუმცა, ევროპასა და საქართველოში ეს მოდელები პროცესორ Exynos 2100-ით შემოვა). თითის ანაბეჭდის ახალი სენსორი — Qualcomm-ის ახალი 3D Sonic Sensor Gen 2, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად და ადვილად შეასრულებს თავის საქმეს. რაც მთავარია, S21 ისევ გვთავაზობს 4 000 mAh ელემენტს, S21+-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 4 800 mAh-მდეა გაზრდილი.

ფოტო: https://cdn.vox-cdn.com/

Galaxy S21-სა და S21+-ს სამი კამერა აქვს. ფლაგმანების უკანა კორპუსზე შეხვდებით 64 მეგაპიქსელიან ტელეფოტო ლინზას, ისევე, როგორც 12 მეგაპიქსელიან ფართოკუთხოვან, ასევე 12 მეგაპიქსელიან ულტრაფართე კამერებს. S21 Plus-ს სიღრმის სენსორი აღარ აქვს. წინა მხარეს კი 10 მეგაპიქსელიან სელფის კამერას შეხვდებით. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია პორტრეტული რეჟიმი, AI-ის დახმარებით უკეთ კეთდება 3D ანალიზი და გადასაღები ობიექტის უკანა ფონისგან გამოყოფა. რასაც, ალბათ, ბევრი მომხმარებელი ელოდა, კამერაში დახვეწილია Space Zoom ფუნქციაც და ის 30-მდეა გაზრდილი. ორივე მოდელს აქვს 5G მხარდაჭერა (mmWave და sub-6GHz ქსელებისთვის). ასევე, S21 და S21+ მოდელები აღჭურვილია 8K ვიდეო გადაღების სისტემითა და განახლებული ვიდეო სტაბილიზაციით.

Galaxy S21 ultra

ეს უკანასკნელი არის ფლაგმანი, რომლის შექმნის დროსაც კომპანია არც ერთ კომპრომისზე არ წასულა. იგი წარმოაჩენს Samsung-ის საუკეთესო აპარატულ მოწყობილობას, რისი შემოთავაზებაც ამ ეტაპზე Samsung-ს შეუძლია.

Galaxy S21 Ultra-ს ეკრანის ტექნოლოგიას 25 პროცენტით მეტი სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია, ამავდროულად, კონტრასტის დონე 50 პროცენტითაა გაზრდილი. S21 ultra უფრო დახვეწილი ვერსიაა გასული წლის S20 ultra-სთან შედარებით. იგი, S21-ის და S21+ -ის მსგავსად, გამოირჩევა კიდევ უფრო გლუვი კიდეებით.

ეს ფლაგმანი აღჭურვილია 6.8 დიუმიანი 3200 x 1440 ეკრანით, 12 გიგაბაიტიანი RAM-ით, 5000 mAH ელემენტით, 512 გიგაბაიტამდე მეხსიერებით და Qualcomm-ის უახლესი Snapdragon 888 პროცესორით (თუმცა, ევროპასა და საქართველოში ეს მოდელი პროცესორ Exynos 2100-ით შემოვა). სმარტფონს აქვს ჭკვიანი ეკრანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ 120Hz-სა ან/და QHD+ რეზოლუციას შორის, ამაზე სმარტფონი თვითონ იზრუნებს და ავტომატურად დაარეგულირებს იმის მიხედვით, თუ რა პარამეტრები სჭირდება კონკრეტულ კონტენტს.

Samsung S21 ultra-ს უკანა კორპუსზე აქვს ოთხი კამერა. ესენია: 108 მეგაპიქსელიანი Pro, 12 მეგაპიქსელიანი ულტრაფართე, 10 მეგაპიქსელიანი ფართე და 10 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო 3x ზუმით. 108MP-იანი Pro სენსორი გვაძლევს 12-ბიტიან HDR ფოტოების გადაღების საშუალებას, 64-ჯერ უფრო მდიდარი ფერებითა და 3-ჯერ უფრო უკეთესი დინამიკური დიაპაზონით. S21 Ultra-ს შეეძლება გადაიღოს 4K ვიდეო 60 FPS-ით ნებისმიერი ლინზიდან (იქნება ეს ტელეფოტო თუ ულტრაფართე). გარდა ამისა, სმარტფონს აქვს 12-ბიტიანი RAW ფაილის შენახვის ფუნქციაც, რაც უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფებს ფოტოფაილების უფრო მაღალი დეტალიზაციით დამუშავების საშუალებას მისცემს. Galaxy S21 Ultra-ს Bright Night სენსორი კი ღამის ფოტოგრაფიის კუთხით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

წლების განმავლობაში, Samsung აქცენტს აკეთებდა საუკეთესო ტელეფონების დამზადებაზე. S21-ის ხაზით კი მან მიაღწია ამ მიზანს. ამ სერიით კომპანია მომხმარებლის მრავალფეროვან მოთხოვნებსა და საჭიროებებს პასუხობს. თუ Samsung-ის საუკეთესო მოდელის შეძენა გინდათ, ამ ეტაპზე, S21 ყველაზე შთამბეჭდავი სერიაა, რაც კი ამ კომპანიას შემოუთავაზებია.