5 საუკეთესო ვიდეოთამაში, რომლის გამოსვლასაც 2021 წელს ველოდებით
ვიდეოთამაშები სულ უფრო იხვეწება. რამდენიმე ათწლეულის წინ, თამაშების ინდუსტრიის ასეთი ტემპით განვითარება რთული წარმოსადგენი იყო. დღეს კომპიუტერული თამაშები აღარ არის მხოლოდ გასართობი. საინტერესო სიუჟეტის მქონე თამაშით ადამიანს გართობასთან ერთად, ინფორმაციის მიღება და შემეცნებაც შეუძლია. სწორედ ასეთი სიუჟეტების გამო, ნელ-ნელა იშლება ზღვარი ფილმებსა და თამაშებს შორის. ამის რევოლუციური და პირდაპირი მაგალითია “Black Mirror: Bandersnatch.”
მომავალი, სადაც ფილმის ყურებისას ინტერაქციაა შესაძლებელი, ისევე როგორც ვიდეოთამაშის დროს ფილმივით საინტერესო სიუჟეტისთვის თვალის დევნება, უკვე აქ არის და სავარაუდოა, რომ ის კიდევ უფრო აქტუალური გახდება.
რაც შეეხება, გასულ 2020 წელს, ვიდეოთამაშების მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო. მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, დისტანცირება და თვითიზოლაცია კომპიუტერული თამაშების სამყაროს არ შეეხო და ჩვენ ვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თამაშები, როგორიცაა: The Last Of Us Part II, Ghost Of Tsushima, Assassin's Creed Valhalla, Kerbal Space Program 2 და ბევრი სხვა.
ამ ყველაფრის ფონზე, ვიდეოთამაშების მხრივ 2021 წელი კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ Sony-ის ახალი, მეხუთე თაობის კონსოლი გამოვიდა. და წინა კონსოლთან შედარებით PlayStation 5-ის გრაფიკული პროცესორი 10 ჯერ უფრო სწრაფია.
ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ 2020 წლის 5 საუკეთესო ვიდეოთამაში, ახლა წარმოგიდგენთ თამაშებს, რომლებსაც ექსპერტების აზრით, 2021 წელს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ.
Hitman 3
პლატფორმები — PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X, PC
აგენტი 47 ბრუნდება და მას Hitman 3-ში ვიხილავთ. მისი მისიების შესრულება კი როგორც თანამედროვე, ისე მომავლის კონსოლებზე იქნება შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, აგენტი 47-ის ახალი კონტრაქტი ყველაზე პროფესიონალური და მეტიც, ინტიმური იქნება.
მკვლელობის ხელოვნების მასტერი, როგორც თამაშის მთავარ პერსონაჟს მოიხსენიებენ, გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რაც მის მისიებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.
მათ, ვინც ჰიტმენს ჯერ კარგად არ იცნობს, შეგახსენებთ, რომ მთავარი პერსონაჟი კლონია, რომელიც სრულყოფილი მკვლელობისთვის შეიქმნა. მას არ აქვს ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციები. მისი ეგზისტენცია მკვლელობის მისიაა და ის ამისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.
Hogwarts Legacy
პლატფორმები — PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X, PC
ჯოან როულინგის ფანტასტიკური სამყარო ყველასთვის ცნობილია. ამ თემატიკაზე დაწერილმა წიგნებმა, თუ გადაღებულმა ფილმებმა უამრავი რეკორდი მოხსნა. რასაც ვერ ვიტყვით ფრენჩაიზზე გაკეთებულ თამაშებზე. წინა წლებში იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ მოლოდინები ვერცერთმა თამაშმა გაამართლა. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
წელს Hogwarts Legacy-ის ველოდებით, რომელიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ჰარი პოტერის ფრენჩაიზის ფანებს იმედებს არ გაუცრუებს. ამაზე თამაშის გრაფიკა და თრეილერიც მეტყველებს.
აღსანიშნავია, რომ თამაშში საყვარელ გმირებს, ჰარის, ჰერმიონს და რონის ვერ ვიხილავთ, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამწუხროს. თამაშის სიუჟეტი წარსულში, 1800-იან წლებში ვითარდება, მოთამაშე ჰოგვარტსის წარსულს ეცნობა და შეიძლება, ეს კიდევ უფრო საინტერესო იყოს.
თამაშის მთავარი პერსონაჟი ძველ ჰოგვარტსში სწავლობს და მოთამაშეს მასთან ერთად ექნება მაგიის ათვისების საშუალება. თამაში ღია სამყაროს ტიპისაა, ამასთან, მოთამაშე ხშირ შემთხვევაში, თავად ირჩევს თუ რა გზას დაადგეს. შეგეძლებათ აირჩიოთ ჯადოქრების სკოლა, მორალი და მიმართულება რასაც განავითარებთ.
მნიშვნელოვანია, რომ თამაშის სიუჟეტი ჰოგვარტსის გარდა, სხვა მაგიურ ადგილებში ვითარდება, რაც თამაშს უფრო მრავალფეროვანს ხდის.
"გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა იღებ, მომავალში განსაზღვრავს ჰოგვარტსის მემკვიდრეობას", — ნათქვამია თამაშის ოფიციალურ თრეილერში. რაც ირიბად მიგვანიშნებს, რომ ჩვენთვის ნაცნობი, ჰარი პოტერის თანამედროვე ჰოგვარტსის ბედი მოთამაშეებზეა დამოკიდებული.
DYING LIGHT 2
პლატფორმები — PC, PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X
ბევრისთვის ნომერ პირველი "ზომბი სამყარო" ბრუნდება. ზომბების თემატიკა თუ 2020-ში Last of us-ის მეორე ნაწილს ეკუთვნოდა, წელს ეს Dying Light-ის მეორე თამაშის იქნება.
Techland-მა თამაშის პირველი ნაწილი 2015 წელს გამოუშვა და მას შემდეგ, ამ თამაშის მეორე ნაწილს მილიონობით ადამიანი ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ბევრად ადრე უნდა გამოსულიყო, ეს მისია, საბოლოოდ, 2021-მა წელმა იტვირთა.
თამაშის სიუჟეტი პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ვითარდება, სადაც ყველგან ზომბები გვხვდებიან. ისინი პლანეტის ახალი მბრძანებლები არიან. პირველი ნაწილის დასასრულიდან 15 წლის შემდეგ თამაშში ახალი მთავარი პერსონაჟი — ეიდენ კალდუელი შემოდის, რომელიც პარკურის გასაოცარ უნარ-ჩვევებს ფლობს.
Dying Light 2 მოიცავს მასიურ ღია სამყაროს და ქალაქებს, რომლებშიც მოგზაურობა მოთამაშეებს თავისუფლად შეეძლებათ. ახალი რუკა ოთხჯერ აღემატება პირვანდელს და რაც მნიშვნელოვანია, დახვეწილი გრაფიკა თამაშს კიდევ უფრო სასურველს ხდის.
Horizon Forbidden West
პლატფორმები — PS4, PS5
Guerrilla Games-ის "ჰორაიზენი" პირველად 2017 წელს გამოჩნდა და მოთამაშეების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ სერია შედარებით ახალია, ფაქტობრივად, ვერ ნახავთ აქტიურ მოთამაშეს, რომელსაც ის ნათამაშები არ აქვს.
ოთხი წლის შემდეგ, თამაშის შემქმნელები მეორე ნაწილს აანონსებენ. ისევე როგორც პირველი ნაწილი, მეორე ნაწილიც პოსტაპოკალიპტურ მომავალზეა, სადაც ადამიანებმა ტექნოლოგიებზე კონტროლი დაკარგეს, ქალაქები მცენარეებმა დაფარეს და ამ ჯუნგლებში გიგანტური მექანიზირებული (რობოტი) ცხოველები დააბოტებენ. ის რაც ოდესღაც ადამიანმა ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, ახლა მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია.
სიუჟეტი სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს მოიცავს და ამასთან ერთად, სათავგადასავლოც არის. სიუჟეტი ნორას ტომის ახალგაზრდა მონადირე გოგონას, ელოის გარშემო ვითარდება. ჩვენ პირველ ნაწილშიც გავიგეთ, რომ ელოი განსაკუთრებულია და ის რაღაცით აპოკალიფსთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ პირველმა ნაწილმა უამრავი შეკითხვა პასუხების გარეშე დატოვა.
როგორც ჩანს, მეორე ნაწილში ელოი სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას შეეცდება. თრეილერში ვნახეთ, რომ თამაშს რამდენიმე წყალქვეშა მისია დაემატება, რაც აქამდე არ იყო. ამასთან, გრაფიკა კიდევ უფრო დახვეწილია.
Horizon Forbidden West-ზე Sony დიდ იმედებს ამყარებს და მიიჩნევა, რომ ის 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
Resident Evil 8: Village
პლატფორმები — PC, PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X
რთულია იპოვო ადამიანი, ვისაც ვიდეოთამაშები უყვარს და Resident Evil ნათამაშები არ აქვს. ეს თამაში, ზოგადად, თამაშების ინდუსტრიასაც გასცდა და ჰოლივუდშიც დიდი წარმატება მოიპოვა. სინძი მიკამის მიერ შექმნილი ეს ფრენჩაიზი თამაშებიდან ფილმებში, ფილმებიდან კომიქსებში და რომანებში გადავიდა და ყველგან წარმატება მოიპოვა.
სერიის პირველი თამაში 1996 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ის ვითარდება, როგორც სიუჟეტურად, ისე გრაფიკულად. თამაში იმდენად მასშტაბურია, რომ მან მთლიანად Survival Horror-ის ჟანრის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თამაშის სიუჟეტი, ძირითადად, რამდენიმე პერსონაჟის ბრძოლის გარშემო ვითარდება. ისინი ზომბებთან და სხვა მონსტრებთან იბრძვიან, რომლებიც გაჩნდნენ ბიოლოგიური იარაღის T-ვირუსის გავრცელების შედეგად.
Resident Evil Village, Resident Evil 7-ის გაგრძელებაა. თავდაპირველად, თამაშის გამოსვლა 2020 წლის ივნისისთვის იყო დაანონსებული, თუმცა როგორც გაირკვა, ის საბოლოოდ 2021 წელს გამოვა. სიუჟეტი Resident Evil 7-ის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ეთანის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც კრის რედფილდი, მოულოდნელი და ნაცნობი სახე გამოჩნდება. ამით იწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ, იდუმალებით მოცულ სოფელში იხსნება.
ფრენჩაიზის ფანები ახალი თამაშის გამოჩენას უკვე დიდი ხანია ელოდებიან და სავარაუდოა, რომ Resident Evil-ის შემქმნელები მათ იმედებს არც ამჯერად გაუცრუებენ.
ფაქტია, 2021 წელი გეიმერებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ჩამოთვლილი თამაშების გარდა, გამოვა Far Cry 6, God of War: Ragnarok, Ratchet and Clank: A Rift Apart, Mass Effect, Elden Ring და ლეგენდარული ფრანჩაიზი Halo Infinite.
დასასრულს კი, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა ეს თამაში იმედებს გაამართლებს და Cyberpunk 2077-ის ბედს არ გაიზიარებს.
ასევე იხილეთ: 2020 წლის 5 საუკეთესო ვიდეოთამაში
კომენტარები