ახალი სამეცნიერო თეორიის მიხედვით, უძველესი შავი ხვრელები საკუთარ თავში მოიცავენ პატარა კოლაფსირებულ სამყაროებს და ისინი ბნელი მატერიისგან შედგებიან.

ეს უცნაური იდეაა, მაგრამ, როგორც Motherboard იუწყება, იგი ერთდროულად ეხება კოსმოსის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს, თუმცა სპეკულაციური მეთოდით. მეტიც, არის ვარაუდი, რომ მთელი ჩვენი სამყარო გარე დამკვირვებლისთვის შესაძლოა პატარა შავი ხვრელის ბუშტუკად ჩანდეს.

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ბნელი მატერიის, უხილავი ნივთიერების შესწავლას. მიიჩნევა, რომ ბნელი მატერიაა ჩვენი სამყაროს მასის უმეტესი ნაწილი და ის გალაქტიკებს ერთმანეთთან აკავშირებს. ახალი სამეცნიერო თეორიის მიხედვით, უძველესი შავი ხვრელები სწორედ ასეთ ბნელ მატერიას მოიცავენ.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რისგან შედგება ბნელი მატერია, მაგრამ, რადგან ვიცით შავი ხვრელების არსებობა, ბუნებრივია ვიკითხოთ, შეიძლება თუ არა ბნელი მატერია შავ ხვრელებთან იყოს დაკავშირებული", — განუცხადა Motherboard-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ალექსანდრე კუსენკომ.


უძველესი შავი ხვრელები

უძველესი შავი ხვრელები ჩვენი სამყაროს ადრეულ დღეებშიც იარსებებდა, ამ დროს სამყარო ძალიან ცხელი და მკვრივი იყო.

კუსენკოს თქმით, სწორედ ასეთი შავი ხვრელების შიგნით შეიძლება არსებობდეს პატარა სამყაროები, რომლებიც მოკლებულია მატერიას. სავარაუდოა, რომ ამ სამყაროებმა ჩამოყალიბება დაიწყეს, მაგრამ განვითარება ვეღარ მოასწრეს. ეს ყველაფერი კი სამყაროს სწრაფად გაფართოების გამო.