დააპურე მეგობარი — ამ კალენდრის შეძენით მიუსაფარ ცხოველებს დაეხმარებით
შობა-ახალიწელი ბედნიერების გაზიარების დროა, რისი სიმბოლოც, როგორც წესი, საჩუქარია ხოლმე. თუმცა მას სწორედაც რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს — ასე მეგობრისადმი მადლიერებას და სიყვარულს გამოვხატავთ.
უკიდეგანო ერთგულებისთვის გახსენებას და გულთბილ მადლიერებას იმსახურებენ ისინიც, ვინც საჩუქრად მხოლოდ საკვების გაზიარებას მოელიან.
მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად და მათ დასაპურებლად საინიციატივო ჯგუფის და 13 ფოტოგრაფის მიერ შექმნილი კალენდრის შეძენა თქვენ უკვე შეგიძლიათ. ქუჩაში მარტო მცხოვრები ცხოველების ფოტოსურათებით გაფორმებული კალენდრის შეკვეთა შესაძლებელია Extra.ge-ზე, კორპორატიული შეძენის სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ორგანიზაციის წარმომადგენელს, ნაინო ქაშიბაძეს, ნომერზე 555470176, ან ელფოსტის მეშვეობით.
რაც შეეხება კალენდარს, მისი ღირებულება საცალო გაყიდვისთვის 15 ლარია, კორპორატიული შეკვეთებისთვის კი (რომელიც, ერთგვარად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად შეიძლება, იქცეს) — 10₾. გაყიდვებიდან შემოსული თანხა, მათ შორის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი 5 ლარიც, მთლიანად მოხმარდება მიუსაფარი ცხოველების დაპურებას.
კალენდარი 13 ფოტოგრაფის ნამუშევრებითაა გაფორმებული.
ფოტოხელოვანებმა: ლუიზა ჩალათაშვილმა, გურამ წიბახაშვილმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვმა, დავით ჭალიძემ, მარიამ სიჭინავამ, დინა ოგანოვამ, ნათელა გრიგალაშვილმა, დათო ქორიძემ, გიორგი ავალიანმა, თორნიკე შენგელიამ, ელენე შენგელიამ, გიორგი გოგუამ და მანო სვანიძემ ენთუზიაზმით ითანამშრომლეს მიუსაფარი ცხოველების დასახმარებელ ორგანიზაციასთან. მათ საკუთარი ფოტოები, რომლებზეც ქუჩაში მყოფი ძაღლები და კატები არიან გამოსახულნი, სრულიად უსასყიდლოდ გაიღეს.
მიუსაფარი ცხოველების პირობები პანდემიის დროს
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მწვავდება მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. თუკი გასულ წლებში მათ დაპურებასა და ზოგჯერ გათბობასაც ახლოს მდებარე ობიექტები იღებდნენ საკუთარ თავზე, ამჯერად მარტო დარჩენილ ცხოველებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას უშუალოდ ვერავინ ითავსებს, თუმცა ამის შესაძლებლობა და სურვილიც ბევრ ჩვენგანს აქვს.
რადგან პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო იშვიათად გვიხდება სახლის დატოვება და ქუჩაში მყოფი ცხოველების მონახულებას და მათ დაპურებას ვერ ვახერხებთ, ამ გამოწვევის მიღება ორგანიზაცია Animal Project-მა (ჯგუფი მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის) გადაწყვიტა. ორგანიზაცია პანდემიის დაწყებიდან ცდილობს მიუსაფარი ძაღლებისა და კატების დახმარებას.
ჯერ კიდევ გაზაფხულზე, Animal Project-მა სხვადასხვა ადამიანებისა და კერძო კომპანიების შემოწირულობების, ასევე სატრანსპორტო კომპანიების დახმარების მეშვეობით, მოახერხა, დაეპურებინა მარტო დარჩენილი ცხოველების ნაწილი, მათ შორის — რეგიონებშიც.
ამჯერად, კამპანიამ უფრო მასშტაბური სახე შეიძინა და იგი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პროდუქტის გაყიდვით ხორციელდება. თუკი თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვისაც დიდი სურვილის მიუხედავად, ხშირად არ უხდება ქუჩაში მყოფ ცხოველებთან შეხვედრა და მათთვის საკვების განაწილება, შეგიძლიათ, 2021 წლის კალენდარი შეიძინოთ.
მიუხედავად შექმნილი პროდუქტის პრაქტიკული საჭიროებისა, ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ იგი, გარკვეულწილად, მიუსაფარი ცხოველების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
კომენტარები