რვაფეხები საოცარი და ჭკვიანი არსებები არიან. მეცნიერების მიერ გადაღებული უახლესი კადრები კი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ყველაფერთან ერთად, უხეშები და შარიანები ყოფილან.

როგორც ჩანს, რვაფეხას სახეობა Octopus cyanea თევზებს საცეცით უხეშად იშორებს. ეს ყველაფერი კი ზოგჯერ საერთოდ უმიზეზოდაც ხდება, ნათქვამია ჟურნალ Ecology-ში.

მეცნიერებმა რვაფეხების ეს უცნაური და ძალადობრივი გამოხტომის მიზეზი ჯერ ბოლომდე ვერ დაადგინეს, თუმცა, არის ვერსიები.

მეგობარი არაა საკვები

მკვლევრები განმარტავენ, რომ რვაფეხები, ხშირად, საკვებზე სხვა თევზებთან ერთად ნადირობენ. შესაბამისად, თუ ასეთ პროცესში, რომელიმე თევზს "თავისი ადგილი ავიწყდება", რვაფეხა მას ამას ახსენებს და ეს შეხსენება შეიძლება საცეცით ბიძგი იყოს.

თუმცა, რვაფეხა ზოგჯერ ასე იქცევა იმ დროსაც, როცა არ ნადირობს.

ამ შემთხვევაში, ორი განსხვავებული თეორიული სცენარი არსებობს. პირველის მიხედვით, რვაფეხა ამას, უბრალოდ, მავნე ჩვევის გამო აკეთებს. რაც შეეხება მეორეს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რვაფეხა ამით თევზებს ერთგვარად სჯის. დასჯის მიზეზი შეიძლება იყოს თევზის "ცუდი საქციელი", ან წინა ნადირობის დროს თევზის "სიზარმაცე".

შესაძლებელია ამით რვაფეხები გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას ცდილობენ, ან უბრალოდ, აგრესიისგან იცლებიან. თუმცა, ფაქტია, რომ რვაფეხებსა და სხვა თევზებს შორის საკმაოდ კომპლექსური სოციალური დინამიკაა, რომლის გაგებასაც მხოლოდ ახლა ვიწყებთ.