მომავალ წელს მთვარის ზედაპირზე მანქანების რბოლა გაიმართება
მთვარეზე გამგზავრებაში მანქანებს SpaceX დაეხმარება
ამბიციური სტარტაპი კოსმოსში ავტომობილების გაგზავნას გეგმავს — ორი 2.5 კილოგრამი მასის დისტანციურად კონტროლირებადი მანქანა მთვარეზე ერთმანეთს სისწრაფეში შეეჯიბრება, იქამდე მიღწევაში კი მათ SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 დაეხმარება. New Atlas-ში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რბოლა, სავარაუდოდ, 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება.
რბოლის ორგანიზატორი მულტიმედიური და საგანმანათლებლო კომპანია Moon Mark-ია, რომელიც ჰიუსტონში დაფუძნებულ კოსმოსური პროდუქტებისა და სერვისების კომპანია Intuitive Machines-თან თანამშრომლობს. Intuitive Machines ირწმუნება, რომ ის მალე გახდება "პირველი აეროკოსმოსური კომპანია, რომელიც მთვარეზე დაეშვება", — წერია Moon Mark-ის პრეს-რელიზში.
აღსანიშნავია, რომ მრბოლელი მანქანების დიზაინის შესაქმნელად, მთელი აშშ-ს მასშტაბით, შეირჩევა სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეებისგან შემდგარი ექვსი გუნდი, რომელთაგან გაიმარჯვებს ორი საუკეთესო.
სკოლის მოსწავლეებისგან შექმნილ გუნდებს "მიეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ შექმნან და შემდეგ ერთმანეთს შეაჯიბრონ სარბოლო მანქანები მთვარეზე", — წერია პრეს-რელიზში.
"მონაწილეები თავიანთ მანქანებს დისტანციურად შეაჯიბრებენ ერთმანეთს მთვარის არათანაბარ რელიეფზე. აქ მოხეტიალეები იმოძრავებენ კამერების სფეროს გარშემო, რომლებმაც შეჯიბრი ყველა მიმართულებით უნდა გადაიღონ", — აღნიშნული აგანცხადებაში.
Moon Mark-ის მთავარმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა — ტოდ ვალახმა, New Atlas-ს განუცხადა, რომ "გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ შეჯიბრს თვალყური ადევნონ თითქმის რეალურ დროში. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ დისტანციურად მანძილის გაზომვას, მანქანების კონტროლს და მათთვის ბრძანებების გადაცემას".
მთვარეზე მანქანების ავტოდრომის დიზაინს ფორმულა ერთის ავტოდრომის დიზაინერი, ჰერმან ტილკი შექმნის.
"მათთვის უკვე ცნობილია მთვარის ზედაპირი. იგი იმდენად დეტალურად და კარგადაა შესწავლილი, რომ მათ უკვე საკმარისი ინფორმაცია ექნებათ ავტოდრომის დიზაინის შესაქმნელად", — განაცხადა ავტომანქანების დიზაინერმა ფრენკ სტივენსონმა ზემოაღნიშნულ პროექტზე.
თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. ავტომობილების დიზაინერებს ბევრი დეტალის გათვალისწინება მოუწევთ. ასეთებია, მაგალითად, მთვარეზე, დედამიწასთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლები გრავიტაცია, მანქანებში მთვარის მტვრის შეღწევა და ა.შ.
"მანქანების პერფორმანსი, ალბათ, დამოკიდებული იქნება მტვრის ფილტრაციაზე, მათ წონაზე, მათ ასაგებად გამოყენებულ მასალებზე, გამძლეობასა და სტაბილურობაზე", — განუცხადა New Atlas-ს სტივენსონმა და ისიც დასძინა, რომ მანქანებმა რამენაირად უნდა შეძლონ თავიანთი თავის მწყობრში მოყვანა მთვარის უხეშ ზედაპირებზე ნახტომების გაკეთების შემდეგ.
2021 წელს, მთვარეზე მანქანების რბოლა ქვიშიანი დიუნების გარშემო, Oceanus Procellarum-თან (ლათ. შტორმების ოკეანე) გაიმართება.
კომენტარები