რუსეთი, როგორც საქართველოს "მხსნელი" და სხვა მანიპულაციები პრორუსულ ქართულ მედიაში
რუსული დეზინფორმაცია მსოფლიო მასშტაბით არაერთი თემის ირგვლივ ვრცელდება. პრორუსული გამოცემები ძირს უთხრიან არა მხოლოდ დასავლურ დემოკრატიულ სისტემებს, არამედ უხეშად ერევიან ქვეყნების შიგნით მიმდინარე პროცესებში და პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის "ძალის" წარმოჩენას სხვების დისკრედიტაციით ცდილობენ.
გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენი ქვეყანაც იმ დეზინფორმაციული ომის ქარცეცხლშია, რომლის ფარგლებშიც კრემლის ინტერესების გატარება პრორუსული მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ხდება. ბოლო პერიოდში ეს პროპაგანდა განსაკუთრებით კორონავირუსის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საკითხების ირგვლივაა მიმართული. თუმცა, რა ხდება, როცა ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მისი მხარდამჭერი პროპაგანდა აქტიურდება?
სწორედ ამ თემატიკას ეხება GRASS-ის მიერ მომზადებული ანგარიში. იგი რუსული დეზინფორმაციის შესახებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს აერთიანებს და იმ ტენდენციას გამოკვეთს, რომელიც საქართველოში არსებული პრორუსული მედიებისთვისაა დამახასიათებელი. On.ge ანგარიშში ასახულ ძირითად მიგნებებს და მათ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოგიდგენთ.
რუსეთი, როგორც საქართველოს პრობლემების "მხსნელი"
მსგავსი ნარატივებით, რომელიც რუსეთის ძლიერების დემონსტრირებასა და დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას ემსახურება განსაკუთრებით გამოირჩევიან შემდეგი გამოცემები: საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, ნიუსფრონტი, ასევე, რამდენიმე ფეისბუქ გვერდიც.
რუსული აქტორები ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ეს გამოცემები ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს მიმართ ინტერესები იკლებს, ამიტომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს რუსეთის გარეშე ვერ გადაწყვეტს. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, პრორუსული გამოცემები, იმ რესპონდეტებს არჩევენ, რომელთა ენით მათი სათქმელი უფრო დამაჯერებელი ხდება. თუმცა კითხვებიც რუსეთის უპირატესობის წარმოჩენაზეა მორგებული.
მაგალითად, საქართველო და მსოფლიოს მიერ გაჟღერებული პოზიციიდან ვიგებთ, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ "დესტრუქციული ქმედებები" მიმდინარეობს. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობას, აქაც ოკუპანტი ქვეყნის "მნიშვნელობას" ესმება ხაზი, რადგან მათი განცხადებით, ჩვენს შორის, "რუსეთის გარეშე არანაირი ურთიერთობა არ გამოვა". ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი, დასავლეთის ინტერესებში ოკუპირებულ რეგიონებთან კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება არ შედის, რადგან ეს "თავისთავად გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას".
ზოგიერთი მედია, არათუ არ აღიარებს რუსეთის აგრესიას, არამედ ცდილობს ისეთი პოზიციების წარმოჩენას, სადაც ოკუპანტს ცალსახად "მხსნელის" როლი აქვს მორგებული. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაციის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ოკუპაციით "იძულებული გახდა", რომ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დაეცვა, რადგან მას "დასავლური აგრესიული წრეების მარიონეტად ქცეული საქართველო ჯიუტად არ ითვალისწინებდა".
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრორუსული მედიის, ნიუსფრონტის მიერ გავრცელებულ სტატიაში კი, რუსეთთან შექმნილი დაძაბული ურთიერთობისა და ყველა პრობლემის საწყისად საქართველოა წარმოჩენილი. კერძოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ პრობლემა "ანტირუსული ისტერიით" შეფუთულ ქართველებშია.
რუსული აგრესიის უგულებელყოფასთან ერთად, პროპაგანდა ვრცელდება აგვისტოს ომის შესახებაც. იგი სრულიად მიმართულია რუსეთის დადებით კონტექსტში წარმოჩენისა და საქართველოს დისკრედიტაციისკენ. ეს ნარატივები არამხოლოდ მხარს უჭერს რუსეთს, არამედ ფაქტად ასაღებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს საქართველომ ამერიკის "ბრძანების" საფუძველზე დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, მოტყუებული დარჩა და იგი კრახით დაასრულა. ამასთან, პრორუსული ფეისბუქ გვერდები აქტიურად განიხილავენ, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არა ვაშინგტონის, არამედ მოსკოვის დახმარებით შეძლებს.
გარდა იმისა, რომ ეს გამოცემები აქტიურად ავრცელებენ პრორუსულ პროპაგანდას და ამბობენ, რომ რუსეთი მისსავე ოკუპირებულ რეგიონებში თვითონვე "დაგვეხმარება" ურთიერთობების დარეგულირებაში, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გაძლიერებაშიც რუსეთის ფაქტორზე აქცენტირებენ. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტი შემოსავალი სწორედ რუსეთისგან აქვს.
"ცალკე საკითხია, ამ [პანდემიის] პერიოდში მაშველი რგოლი ისევ რუსეთმა რომ გადმოგვიგდო. მოსავლის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთში გადის და იქ იყიდება. ჰო, იმ რუსეთში, ხელისუფლება თუ ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში რომ ლანძღავს და არავინ ამბობს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას სწორედ რუსეთიდან აქვს", — ვკითხულობთ ერთ-ერთ სტატიაში.
თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესების გამტარებელი მედიებითვის, მსგავსი ნარატივების შეთხზვა საკმარისი არ არის, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო ხისტ და კონკრეტულ ტონს ვხვდებით. მაგალითად, საქინფორმის თანახმად, დასავლეთის მცდელობების მიუხედავად ქართველი ხალხი მაინც რუსეთისკენ იხრება და მეტიც — მის ხარჯზეც კი ცხოვრობს.
რუსეთი "მხსნელია", ხოლო სხვა ყველა — "მტერი"
მანიპულაციები და პრორუსული პროპაგანდა მხოლოდ რუსეთის, როგორც ყველა პრობლემის "გადამჭრელის" წარმოჩენის ირგვლივ არ შემოიფარგლება. პრორუსული მედიები და ფეისბუქ გვერდები აქტიურად ცდილობენ საქართველოს ყველა პარტნიორის დისკრედიტაციას. მათი ნარატივების თანახმად, როგორც ამერიკა, ასევე, დასავლეთი ჩვენთვის "მტერია" და საფრთხეს წარმოადგენს.
მაგალითად, ერთ-ერთი პრორუსული გვერდი სტალინი, რომელსაც ფეისბუქზე 11 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, საქართველოს "ნომერ პირველ მტრად" ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს და პოლიტიკურ ძალებს, გარდა პატრიოტთა ალიანსისა თუ ქართული მარშისა, "მოღალატეებად" მოიხსენიებს.
ამერიკის დისკრედიტაციის მიზნით, რუსული ინტერესების გამჟღერებელი მედიები საქართველოში აშშ-ს ელჩზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანას დამოუკიდებლობა არ გააჩნია და იგი სრულად ემორჩილება ამერიკას. ვხვდებით ვერსიასაც, რომ თითქოს, ჩვენი პოლიტიკოსები "ამერიკის ელჩის ერთ დაძახებაზე ხელის ბიჭ კოსტაიასავით დარბიან".
გარდა ამისა, საქინფორმი, ევროპას "სატანად" მოიხსენიებს, რომლის მიმართულებით მიმავალი საქართველოც, მათი განცხადებით, "მსხვერპლია". აქ გაჟღერებული მოსაზრების თანახმად, "საქართველო ევროპული დროშების ფრიალით და ევროპელად გადაქცევის ღამურას ფრთების მოლოდინში მორჩილად მიაბიჯებს ჯოჯოხეთისკენ".
პრორუსული მედიები უფრო შორსაც მიდიან და დასავლეთისკენ მაცქერალ ქვეყანას 21-ე საუკუნის "კოლონიადაც" კი მოიხსენიებენ, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მდგომარეობას არა დამოუკიდებლად, არამედ დასავლეთის ინტერესებისა და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად წყვეტს.
რაც შეეხება ნატოს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, ყველაზე აქტიურად პრორუსულ მედიებსა და გვერდებზე ის ნარატივი ვრცელდება, რომ საქართველო მისი წევრი არასოდეს გახდება და მეტიც, იქ გაწევრიანება ქვეყანას მხოლოდ "უბედურებას" მოუტანს.
ამასთან, პრორუსული მედიები ატარებენ ანტითურქულ დეზინფორმაციას და ამტკიცებენ, რომ საქართველო საფრთხეშია თურქეთის მხრიდანაც. ერთ-ერთი ასეთი მანიპულაციის თანახმად, ქართველები უნდა "გამოვფხიზლდეთ", რადგან თურქული სპეცსამსახურები საქართველოს ძირძველ მხარეებში თურქების მასობრივად ჩამოსახლებას გეგმავენ.
სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის, საქართველოსადმი დამოკიდებულებას დეზინფორმაციული ნარატივით აფასებს საქართველო და მსოფლიოც. მაგალითად, მისი სტატიის მიხედვით, თურქეთს კავკასიაში გეოპოლიტიკურ ინტერესები აქვს და იგი "საქართველოს ოსმალეთის იმპერიის ნაწილად" განიხილავს. ამასთან, პრორუსული მედიები მუდმივად იმის ხაზგასმას ცდილობენ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ რუსეთს "ზურგი აქცია" და პროდასავლური კურსი აირჩია, შედეგად მხოლოდ თურქეთის "კულტურულ-ეკონომიკური ექსპანსია, სიღატაკე და უიმედობა" მიიღო.
"რაც მთავარია, არ გაგვაჩნია თავისუფლების ნასახიც კი. კისერზე ამერიკული კოლონიალიზმის უღელი გვადგას და გვაქვს ამერიკის ელჩის (მეფისნაცვლის) ერთპიროვნული მმართველობა", — ვკითხულობთ ერთ-ერთ სტატიაში.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, პრორუსული მედიები ცდილობენ, რომ რუსეთის, როგორც საქართველოს ყველა პრობლემის მომგვარებლის ნარატივები ქვეყანაში აქტიურად გაავრცელონ. მათი მანიპულაცია და დეზინფორმაცია ეხება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, არამედ ჩვენს საგარეო კურსს და სტრატეგიულ პარტნიორობასაც. ეს რუსული პროპაგანდა ოკუპანტი ქვეყნის "უპირატესობის" წარმოჩენას ემსახურება და მიმართულია სხვა ყველას დისკრედიტაციისკენ.
მსგავსი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში უკვე მრავალი წელია გრძელდება და ყოველდღე ახალ მასშტაბებს იძენს. რადგან ზღვარი ყალბსა და რეალობას შორის პრორუსული პროპაგანდით ხშირად იშლება, მნიშვნელოვანია, მათი ამოცნობა ვისწავლოთ და ჩვენი ცხოვრებიდან გავფილტროთ.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები