2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიაში პროდასავლური პარტიები ბევრად მეტს აქტიურობენ, მეტი ადამიანის შემოკრებას ახერხებენ და მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები — ასეთია DFRLab-ის ანალიზის შედეგი.

31 ოქტომბერს ჩანიშნულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე ანტიდასავლური და პრორუსული პარტია მონაწილეობს, რაც საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის შესახებ შიშს აძლიერებს. საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიას პირდაპირ კრემლი აფინანსებს. Youtube არხის, Cyber Kmara-ს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერიდან კი ცხადი ხდება, რომ ქართული მარშის ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ იგორ მოროზოვთან საქმიანი კავშირები აქვს. რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პარტიების სია ამით არ სრულდება: თავისუფალი საქართველო ნატოში საქართველოს ინტეგრაციას ეწინააღმდეგება, ქართული იდეა კი, რომლის წევრებიც ძალადობრივ აქციებში მონაწილეობით გამოირჩევიან, აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, DFRLab-მა გადაწყვიტა ამ ოთხი პარტიის ვირტუალური აქტივობა არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებისთვის შეედარებინა. ამისთვის DFRLab-მა პოლიტიკური პარტიების ფეიჯები გამომწერების რაოდენობის მიხედვით დაალაგა. 10 ყველაზე პოპულარულ გვერდში მოხვდა პატრიოტთა ალიანსისა და თავისუფალი საქართველოს გვერდები. შერჩეულ 10 გვერდს ქართული მარშისა და ქართული იდეის ფეისბუქ გვერდები დაემატა.

ქართული პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთან კომუნიკაციისათვის სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ. გამოცემა BPI-მ რამდენიმე პოლიტიკური პარტია გამოკითხა, რომელთაც კამპანიისათვის სოციალური მედიის გამოყენების უპირატესობები დაასახელეს: განსხვავებით ტრადიციული მედიისგან, სოციალური მედია პოლიტიკოსს საშუალებას აძლევს, პირდაპირი უკუკავშირი მიიღოს ელექტორატისაგან, სოციალური მედიის პლატფორმებზე რეკლამის განთავსება სატელევიზიო რეკლამაზე ბევრად იაფია; მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი სისწრაფეა: სოციალური მედიით ასობით ათას პოტენციურ ამომრჩეველთან საკუთარი სათქმელის მიტანა ყველაზე მოკლე დროშია შესაძლებელი.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

ქართული პოლიტიკური პარტიები და მათი ვირტუალური აუდიტორია

თუ გამომწერების რაოდენობას დავაკვირდებით, ლიდერებში არიან მმართველი პარტია, ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტია გირჩი, რომელთაც თითქმის თანაბარი ზომის აუდიტორია ჰყავთ [≈155 000 მომხმარებელი]. თავისუფალი საქართველო და პატრიოტთა ალიანსი გამომწერების რაოდენობით მე-8 და მე-9 ადგილებს იკავებენ. ქართულ მარშსა და ქართულ იდეას კი შედარებით პატარა აუდიტორიები ჰყავთ (5 100 და 4 500 გამომწერი). საერთო ჯამში, პროდასავლურ პარტიებს ბევრად უფრო დიდი ჯამური აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურ პარტიებს. შედარებით მცირე ვირტუალური აუდიტორია შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მათი კონტენტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არაა, ან ეს გვერდები სოციალურ მედიაში აქტიურობას პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ.

არჩევნებში მონაწილე 12 პარტიის Facebook გვერდების გამომწერების რაოდენობა 2020 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab via CrowdTangle

DFRLab-მა ასევე შეისწავლა, როგორ იზრდებოდა ამ გვერდების აქტიურობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად. 2020 წლის მარტი-მაისისა და ივნის-აგვისტოს პერიოდების შედარება აჩვენებს, რომ პარტიების უმრავლესობა ფეისბუქზე კიდევ უფრო გააქტიურდა. ქართული მარშის პოსტების რაოდენობა ივნის-აგვისტოში წინა პერიოდთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის საგრძნობლად ჩამორჩა სხვა პარტიებს. ორივე შერჩეულ პერიოდში ყველაზე მეტი პოსტი ევროპულ საქართველოს ჰქონდა გამოქვეყნებული.

ქართული პოლიტიკური პარტიების პოსტების რაოდენობა ორ პერიოდში: 2020 წლის მარტიდან მაისის ბოლომდე და 2020 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab-ის შექმნილი გრაფიკი CrowdTangle-დან

აუდიტორიის სიდიდე ავტომატურად არ უტოლდება მომხმარებელთა ჩართულობას. მაგალითისთვის, გირჩის ფეიჯი პოლიტიკურ პარტიათა Facebook გვერდებს შორის სიდიდით მეორეა, თუმცა მასზე მეტი ჩართულობა შედარებით პატარა გვერდებს ჰქონდათ. 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ბოლომდე 12-ვე გვერდმა ერთად 330 000 ინტერაქცია დააგროვა, მათგან მხოლოდ 5.5% მოდის ჯამურად თავისუფალ საქართველოზე, პატრიოტთა ალიანსსა და ქართულ იდეაზე.

საინტერესო მაჩვენებელია ასევე interaction rate (ინტერაქციის მაჩვენებელი), რომელიც გამოითვლება ინტერაქციების საერთო რაოდენობის ფეიჯის გამომწერთა რაოდენობაზე გაყოფით. 2 ანტიდასავლურ პარტიას, ქართულ მარშსა და ქართულ იდეას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ (5.02 და 1.44), რაც იმას აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ ცოტა მომხმარებელი ჰყავდეთ, თუმცა ისინი სხვა პარტიების მხარდამჭერებზე მეტად აქტიურობენ პარტიის პოსტებზე.

გრაფიკი აჩვენებს ქართული პოლიტიკური პარტიების Facebook გვერდების საშუალო თვიურ ინტერაქციებსა და ინტერაქციის დონეს 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ბოლომდე

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab via CrowdTangle

თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ინტერაქცია სულაც არაა რეალური. ტვიტერის ქართველმა მომხმარებელმა @ShotaKincha-მ გამოაქვეყნა ქართული ოცნების ფეისბუქ პოსტების ინტერაქციების სქრინშოთი, სადაც ვხედავთ არაქართულ სახელებსა და გვარებს, რომლებიც ქართული ოცნების პოსტებს Angry რეაქციით ეხმაურებიან. ეს ანგარიშები კოორდინირებულად მოქმედებენ და მხოლოდ ერთი რეაქციით ეხმაურებიან პოსტებს.

რეაქციები ქართული ოცნების პოსტზე

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab via CrowdTangle

ვინ რამდენს ხარჯავს პოლიტიკურ რეკლამებზე

DFRLab-მა ასევე შეისწავლა, რამდენს ხარჯავენ პოლიტიკური პარტიები Facebook რეკლამებში. შედეგები დათვლილია 2020 წლის აგვისტოდან, როცა საქართველოში Ad Library ხელმისაწვდომი გახდა. თანხებში გათვალისწინებულია ცალკეული პოლიტიკური პირების მხარდასაჭერი რეკლამებიც. თუ ფეისბუქ გვერდი 100 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს რეკლამებში, მაშინ Ad Library ზუსტ თანხას არ ასაჯაროებს.

4 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გაანალიზებულმა 12-მა პარტიამ Facebook რეკლამებში ჯამურად $141 410 დახარჯა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი, $57 000 ევროპულ საქართველოზე მოდის. მმართველმა პარტიამ რეკლამებში $40 000 დახარჯა, ლელომ კი — $34 500. პატრიოტთა ალიანსმა $5 000 დოლარი დახარჯა და სწორედ ამ თანხით დაფინანსდა მათი ანტითურქული კამპანია ფეისბუქზე. თავისუფალმა საქართველომ ფეისბუქ რეკლამაში $111 დახარჯა.

ქართული მარშის მიერ დახარჯული თანხა $100-ზე ნაკლებია, ქართული იდეა კი Ad Library-ში არ ჩანს. რაც შეეხება რეკლამების რაოდენობას, ქართულ ოცნებას 1 000-ზე მეტი რეკლამა ჰქონდა ჩაშვებული, ევროპულ საქართველოს — 487, ლელოს კი — 385.

გრაფიკი აჩვენებს პოლიტიკურ პარტიების რეკლამირებაზე დახარჯულ თანხასა და რეკლამების რაოდენობას 2020 წლის 4 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab via CrowdTangle

დასკვნა

წინასაარჩევნო პერიოდში პროდასავლური პარტიები ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის ფეისბუქს აქტიურად იყენებენ, ანტიდასავლური პარტიები კი შედარებით პასიურობენ: მათ მიერ განთავსებული პოსტების რაოდენობა, ისევე როგორც რეკლამებზე დახარჯული თანხა საგრძნობლად ჩამოუვარდება კონკურენტებისას. ეს ნიშნავს, რომ პროდასავლური პარტიები სოციალურ მედიაში ოპერირების ფორმებს უკეთ იცნობენ და ეს პოლიტიკური ბრძოლის ფრონტია, სადაც ანტიდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს კონკურენციის გაწევა უჭირთ.


ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან On.ge და DFRLab. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.