ონლაინ შეტყობინებების ამერიკულმა პლატფორმამ, SimpleTexting, ათასზე მეტი ამერიკელი სმარტფონის მომხმარებელი გამოკითხა, რათა გაეგო, რას დათმობდნენ ისინი იმისთვის, რომ მობილურზე წვდომა შეენარჩუნებინათ.

როგორც შედეგებიდან აღმოჩნდა, როცა ადამიანებს სთხოვენ, თავიანთ სმარტფონსა და შინაურ ცხოველს შორის არჩევანი გააკეთონ, თითქმის ნახევარი, კერძოდ კი 40 პროცენტი მზადაა, რომ ერთი თვით საკუთარ ძაღლს გამოეთხოვოს, რათა იმავე დროით მობილურზე წვდომა არ შეუწყდეს.

თუმცა შინაურმა ცხოველებმა რომანტიკულ პარტნიორებზე გამარჯვება მაინც მოახერხეს. იმავე გამოკითხვის თანახმად, მონაწილეთა 44 პროცენტი აცხადებს, რომ 1 თვით თავიანთი პარტნიორის ხილვაზე უარის თქმა უფრო გაუმარტივდებოდათ, ვიდრე იმავე დროით სმარტფონების დათმობა.

ამას გარდა, გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ სმარტფონისთვის ყავას შეელეოდა; 70%-მა თავისი მობილური ნეტფლიქსს ამჯობინა; ხოლო 72 პროცენტს ალკოჰოლზე 1 თვით უარის თქმა უფრო მარტივი შესასრულებელი მოეჩვენა, ვიდრე იმავე დროით ტელეფონისგან თავის შორს დაჭერა.

გამოკითხვის სრული შედეგების ხილვა SimpleTexting-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ამერიკაში ადამიანების შინაური ცხოველებისადმი სიყვარული აქამდეც გაუზომიათ. მაგალითად, 2019 წელს OnePoll-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2 ათასი გამოკითხულიდან 34%-მა განაცხადა, რომ მათი რჩეული შვილი შინაური ცხოველი იყო და არა — რეალური შვილები.