ფეისბუქი ავსტრალიაში საკუთარ პლატფორმაზე ახალი ამბების დაბლოკვას გეგმავს
ფეისბუქი ავსტრალიაში ადგილობრივი და მსოფლიო ახალი ამბების საკუთარ პლატფორმაზე გაზიარების შესაძლებლობის შეზღუდვას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ კანონი ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი ამბების ავტორებისთვის კონტენტში თანხის გადახდას დაავალდებულებს. ამის შესახებ კომპანიამ ორშაბათს, საკუთარ ბლოგში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.
"ავსტრალია მუშაობს ახალ რეგულიაციაზე, რომელშიც არასწორადაა შეფასებული ინტერნეტის დინამიკა და რის გამოც ისევ ის საინფორმაციო სააგენტოები იზარალებენ, რომელთა დაცვასაც ხელისუფლება ცდილობს", — აცხადებს ფეისბუქის ავსტრალიის და ახალი ზელანდიის რეგიონალური ხელმძღვანელი, უილ ისტონი, რომელიც ასევე ამბობს, რომ კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს აღნიშნული რეგულაციების საკითხს, უგულებელყოფს მნიშვნელოვან გარემოებებს, მათ შორის მჭიდრო კავშირს სოციალურ მედიასა და საინფორმაციო სააგენტოებს შორის.
"თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ჩვენ შევუზღუდავთ მედიასაშუალებებსა და ავსტრალიელებს ლოკალური და მსოფლიო ახალი ამბების გაზიარების შესაძლებლობას ფეისბუქსა და ინსტაგრამზე", — აგრძელებს ისტონი, —"ეს ერთადერთი საშუალებაა, დავიცვათ საკუთარი თავი იმ სავალალო შედეგებისგან, რომლის გამოწვევაც აღნიშნულ, შინაარსისგან დაცლილ გადაწყვეტილებას შეუძლია და რომელიც ნამდვილად ვერ დაეხმარება ავსტრალიულ მედიაგარემოს და მის დადებით დინამიკას".
ავსტრალიის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც "მედიაში ვაჭრობის კოდექსის" სახელითაა ცნობილი, ჯერჯერობით არ მოქმედებს. კანონის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან ფეისბუქი და გუგლი, ინტერნეტ რეკლამიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს ავსტრალიური მედიაკომპანიებისგან იღებენ. ავსტრალიის ფინანსთა მინისტრმა კონკურენციისა და მომხმარებელების უფლებათა დაცვის კომიტეტს დაავალა ნებაყოფლობითი კოდექსის შემუშავება, რომელიც აიძულებდა სხვადასხვა პლატფორმას, ახალი ამბების სანაცვლოდ თანხა მედიაკომპანიებისთვის გადაეხადათ. კომიტეტის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვინმე შეთანხმებას საკუთარი ნებით შეასრულებდა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, გუგლმა და ფეისბუქმა რედაქციებს დროულად უნდა შეატყობინონ ალგორითმის ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. ორივე ტექნოლოგიური კომპანია ღიად უპირისპირდება აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომა საინფორმაციო სააგენტოებისთვის ავსტრალიაში უთანასწორო კონკურენტულ გარემოს შექმნის.
ისტონის განცხადებით, ახალ ამბებს ფეისბუქის მომხმარებლები სიახლეების ზოლში ანუ news feed-ში ხედავენ, რაც "არ წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს" კომპანიისთვის. მისივე თქმით, ავსტრალიის მედიაბიზნესში ინვესტირებული მილიონობით დოლარის გარდა, ფეისბუქმა 2020 წლის მხოლოდ პირველი 5 თვის განმავლობაში საკუთარი პლატფორმიდან ავსტრალიურ საინფორმაციო საიტებზე 2.3 მილიონი "კლიკი" გადაამისამართა — აღნიშნული ტრაფიკის ღირებულება, დაახლოებით, 200 მილიონ ავსტრალიურ დოლარს უთანაბრდება.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გუგლმაც გამოაქვეყნა ღია წერილი და საკუთარ მთავარ გვერდზე დაამატა ფანჯარა გაფრთხილებით, "შესაძლოა, ავსტრალიელებმა გუგლი ისე ვეღარ გამოიყენონ, როგორც აქამდე".
გუგლის მტკიცებით, აღნიშნული კანონი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მსხვილ მედიაკომპანიებს, რომლებიც ტექნოლოგიურ მოთამაშეებს უსაფუძვლო მოთხოვნებს წაუყენებენ იმ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი უფასოდ იღებენ.
კონკურენციისა და მომხმარებლების უფლებათა დაცვის კომიტეტმა გუგლის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ "ჯანსაღი მედიაგარემო აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისთვის".
ავსტრალიურმა მედიაკომპანიებმა ახალ კანონპროექტს დიდწილად მხარდაჭერა გამოუცხადეს.
კომენტარები