გუგლის თქმით, ბრაუზერ ქრომში ტაბები 10%-ით უფრო სწრაფად ჩაიტვირთება
როგორც კომპანიის ოფიციალურ ბლოგშია აღნიშნული, გუგლი ბრაუზერ ქრომში ტაბების ჩატვირთვის სიჩქარე 10%-ით გაუმჯობესდა.
"მაშინ, როცა შესასრულებელი დავალებების მთელი სია გაქვს, იმ რამდენიმე წამსაც კი, რომელსაც ტაბების ჩატვირთვას მიაქვს, მუშაობის პროცესის მნიშვნელოვნად შეფერხება შეუძლია", — წერს ალექს ეინსლი გუგლიდან.
ქრომი აქტიური ტაბების ჩატვირთვას დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი ტაბებისთვის გამოყოფილი რესურსის გადამისამართების ხარჯზე ააჩქარებს. ამ მეთოდით "ჩვენ ჩატვირთვის სისწრაფის გაუმჯობესებასთან ერთად, მეხსიერების და ელემენტის მოხმარების დაზოგვასაც ვამჩნევთ", — წერს ქრომის გუნდის დირექტორი, მაქს კრისტოფი.
ტაბების დაჯგუფების ფუნქცია, რომელიც გუგლმა მაისში დააანონსა, საშუალებას მოგცემთ, ეს ტაბები ერთბაშად ჩაკეცოთ ან გააფართოვოთ.
ქრომი ასევე ტაბების წინასწარი შეთვალიერების ფუნქციას დაამატებს (ფუნქცია ბეტა რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომია), რაც კურსორის ტაბთან მიტანისას გახსნილი ვებგვერდის მინიატურის ნახვის საშუალებას მოგცემთ.
გუგლის ბრაუზერში ასევე PDF-ის მხარდაჭერის გაფართოება იგეგმება: ეინსლის თქმით, უახლოესი კვირების განმავლობაში PDF ფორმების შევსება და შენახვა ქრომიდანვე გახდება შესაძლებელი. ამასთან, როცა ფაილს ხელახლა გახსნით, იმ ადგილზე გადამისამართდებით, სადაც მუშაობა შეწყვიტეთ.
სხვა ფუნქციური გაუმჯობესებებიდან შეგვიძლია აღვნიშნოთ ტაბების სენსორულ ეკრანებზე მართვის ოპტიმიზაცია. ასევე, თუ ანდროიდზე იმ ვებმისამართის აკრეფას დაიწყებთ, რომელიც რომელიმე ტაბში უკვე გახსნილი გაქვთ, ბრაუზერი ავტომატურად შემოგთავაზებთ იმ ტაბზე გადასვლის შესაძლებლობას.
კომენტარები