Epic Games-მა ეფლის ცნობილი სარეკლამო ვიდეორგოლი გააშარჟა
ეფლის შესახებ დამცინავი ხანმოკლე ვიდეორგოლი Epic Games-მა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ხუთშაბათს კომპანიამ ამავე სტუდიის თამაში, Fortnite საკუთარი აპლიკაციების მარკეტში, AppStore-ში დაბლოკა. გამოქვეყნებული ვიდეორგოლის სახელია "Nineteen Eighty-Fortnite", რითაც თამაშების შემქმნელი სტუდია ეფლის 1984 წელს გადაღებულ ლეგენდარულ სარეკლამო რგოლს აშარჟებს. ალტერნატიულ ვიდეორგოლში პეროსნაჟები Fortnite-ის სტილში არიან წარმოჩენილნი.
ვიდერგოლში ნაჩვენებია შავ-თეთრი აუდიტორიის წინ დადგმული დიდი ეკრანი, რომლიდანაც საუბრობს ჩაკბეჩილი და ჭიანი ვაშლის ფორმის თავის მქონე არსება და მრისხანე ტონით წარმოთქვამს: "დღეს ჩვენ პლატფორმის გაერთიანების დირექტივების წლისთავს აღვნიშნავთ. წლების განმავლობაში ისინი გვაძლევდნენ საკუთარ მუსიკას, ნაშრომებს და ოცნებებს. ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ ჩვენი ჯილდო, ჩვენი მოგება და კონტროლის საშუალება. ეს ძალაუფლება მხოლოდ ჩვენია! ჩვენ გავიმარჯვებთ!".
ბოლო ფრაზის წარმოთქმის შემდეგ (იგივე ფრაზა ეფლის ვიდეორგოლშიც ისმის) ქალი შემორბის დარბაზში და Fortnite-ს თოხწერაქვს ესვრის ეკრანს — ამით მეორდება კომპანია ეფლის ლეგენდარული ვიდეორგოლის სცენა, სადაც ქალი მსგავს მონიტორს უროს ესვრის.
ეკრანის დამსხვრევის შემდეგ ჩნდება ტექსტი — "Epic Games-მა App Store-ის მონოპოლიას შეუტია. ამის საპასუხოდ კი ეფლმა Fortnite მილიარდობით მოწყობილობაზე დაბლოკა. შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რათა 2020 არ გადაიქცეს "1984"-ად".
ეფლის ლეგენდარული ვიდეორგოლის, "1984"-ის ყურება აქ შეგიძლიათ:
შეგახსენებთ, რომ კომპანია ეფლმა თამაში Fortnite საკუთარი აპლიკაციების მაღაზია AppStore-დან იმის გამო წაშალა, რომ სტუდია Epic-მა თამაშში პირდაპირი გადახდების სისტემა დაამატა, რაც AppStore-ის ანგარიშსწორების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. ამის შედეგად ეფლმა დაბლოკა თამაში. საპასუხოდ, Epic Games-მა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის შეიტანა. ვიდერგოლის გამოშვების შემდეგ Epic Games-მა გაუშვა საიტი #FreeFornite, რომელზეც გამოქვეყნებულია კომპანიის ოფიციალური პოზიცია ეფლის მხრიდან შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
კომენტარები