მკვლევრებმა ჩილეში განთავსებული ტელესკოპის, ALMA-ს გამოყენებით გალაქტიკა იპოვეს, რომელიც ჩვენგან 12 მილიარდზე მეტი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ ამ გალაქტიკიდან წამოსულმა სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად 12 მილიარდი წელი იმოგზაურა და ჩვენ ახლა მის იმ მდგომარეობას ვხედავთ, როცა ის 1,4 მილიარდი წლის იყო.

არსებული ცოდნით, სამყაროს ხმაურიან, ადრეულ წლებში გალაქტიკები ჩამოყალიბების დროს არასტაბილურები იყვნენ — მათ ის სტრუქტურიზირება აკლდათ, რაც დღევანდელი ირმის ნახრომის მსგავსი ასაკოვანი გალაქტიკებისთვისაა დამახასიათებელი.

მაგრამ ამ გალაქტიკის ფოტოები მოცემულ თეორიას ეჭვქვეშ აყენებს და მან, შესაძლოა, ადრეულ პერიოდში გალაქტიკების ფორმირების შესახებ ასტრონომების ცოდნა მნიშვნელოვნად შეცვალოს.

"ეს შედეგები გალაქტიკების ჩამოყალიბების პროცესის გადააზრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს — ის სტრუქტურები, რომლებსაც ახლომდებარე სპირალურ გალაქტიკებში და ჩვენს ირმის ნახტომში ვაკვირდებით, 12 მილიარდი წლის წინაც არსებობდა", — განაცხადა კვლევის ავტორმა ფრანჩესკა რიცომ.

გალაქტიკას, რომელსაც SPT0418-47 უწოდეს, ჩვენი გალაქტიკისთვის დამახასიათებელი ორი ნიშანი აქვს: მბრუნავი დისკისებრი სტრუქტურა და ვარსკვლავთა ჯგუფი, რომელიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო მდებარეობს. ვარსკვლავთა ეს ჯგუფი სამყაროს ისტორიის განმავლობაში ასე ახალგაზრდა გალაქტიკაში არასდროს დაუფიქსირებიათ.

ფოტო: ESO

"ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ ეს გალაქტიკა ახლომდებარე გალაქტიკებს ძალიან გავს, რაც აქამდე არსებულ მოდელებსა და მოსაზრებებს ეწინააღმდეგება", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ფილიპო ფრატერნალმა.

ამ გალაქტიკის შესწავლით ასტრონომები შეძლებენ იმ პერიოდზე შეიქმნან გარკვეული წარმოდგენა, როდესაც სამყაროს ასაკი ახლანდელი წლოვანების მხოლოდ 10%-ს შეადგენდა. ფოტოების ნახვამდე გუნდს ეგონა, რომ ახალგაზრდა, ქაოტურ გალაქტიკას ნახავდნენ, თუმცა ამის მაგივრად მათ სტრუქტურიზებული გალაქტიკა შერჩათ ხელში — თითქოს იგი ბევრად ასაკოვანი ყოფილიყო.

მკვლევრების თქმით, დროთა განმავლობაში გალაქტიკა ჩვენი ირმის ნახტომისგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა. ჩვენი გალაქტიკა სპირალურია, მკვლევრებს კი სჯერათ, რომ ახლადაღმოჩენილი გალაქტიკა დროთა სვლასთან ერთად ელიფსურად იქცა.

უფრო ძლიერი ტელესკოპების მეშვეობით სამომავლო დაკვირვებები ასტრონომებს ამ და სხვა გალაქტიკების უკეთ შესწავლაში დაეხმარებათ.

კვლევა 12 აგვისტოს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.