ელ დორადო — მითი და რეალობა დაკარგული ოქროს ქალაქის გარშემო
მითები და ლეგენდები საზოგადოებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ. არსებობს ისტორიები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და მსოფლიოს გარშემო ვრცელდება. მსგავსი ლეგენდების პირველწყარო ხშირად რეალური ისტორიებია, რომლებიც ბევრ კულტურაზე და საზოგადოებაზე საინტერესო ამბავს გვიყვება.
ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა, რომლის წყაროს ძიებას არაერთმა მეცნიერემა თავისი ცხოვრება მიუძღვნა, დაკარგული ოქროს ქალაქის, ელ დორადოს ისტორიაა. პოპულარული მითის თანახმად, სადღაც სამხრეთ ამერიკაში არსებობდა ადგილობრივთა ქალაქი, რომელიც უზარმაზარი სიმდიდრის წყარო იყო და ფასეულ განძს ინახავდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული ქალაქი არავის უპოვია, არქეოლოგები და ისტორიის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველი ლეგენდა რეალურ ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება. იმისთვის, რომ გავიგოთ, საიდან დაიწყო "ოქროს ქალაქის" მითი, წარსულში უნდა ვიმოგზაუროთ და მისი [ლეგენდის] ევოლუცია კარგად შევისწავლოთ.
კაცი, რომელმაც ოქროს ქალაქი ნახა
ელ დორადოს მითმა მასობრივი პოპულარობა ჯერ კიდევ 17-ე საუკუნეში მოიპოვა, როცა ესპანელი მოგზაურის დიეგო დე ორდაზის ხომალდის კაპიტანმა, ხუან მარტინეზმა სხვა მეზღვაურები და თავგადასავლების მაძიებლები სიკვდილის წინ თავისთან იხმო და გასაოცარი ისტორია მოუყვა, თუ როგორ იმოგზაურა ქალაქ მანოაში და როგორ იხილა ოქროს ქალაქი.
ამბის მიხედვით, მარტინეზს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, როცა მისმა მეგობრებმა და მეზღვაურებმა ის ჩუმად ნავით გააპარეს.
"ნავს დინების ბოლოს გუინელები [ადგილობრივები] შეხვდნენ, მათ მანამდე თეთრკანიანი ქრისტიანი ნანახი არ ჰყავდათ, ამიტომ თავისთან წამიყვანეს", — ყვებოდა მარტინეზი. ახალგაზრდა კაპიტანს ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ, სანამ თვალებახვეული ლეგენდარულ, სიმდიდრით სავსე დასახლებაში, მანოაში არ მიიყვანეს, სადაც მან იმპერატორი ინგა გაიცნო, რომლის სასახლეშიც 7 თვე გაატარა, რის შემდეგაც იმპერატორმა მარტინეზს ქალაქის დატოვების უფლება დართო.
ეს ისტორია მთელ ევროპაში გავრცელდა, რამაც უამრავ მეზღვაურს და მოგზაურს ამ ქალაქის ძიებისკენ უბიძგა. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ რუკებზე ელ დორადო მდინარე პარიმესთან მდებარე ქალაქად იყო აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერავინ იპოვა. მეტიც, უშუალოდ პარიმეს ტბაც არსად ჩანდა, ამიტომ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ის რუკიდან გაქრა.
მიუხედავად ამისა, ქალაქის ძიება არ შეჩერებულა.
წმინდა გრაალი სამხრეთ ამერიკაში
ისიც აღსანიშნავია, რომ ელ დორადოს ლეგენდა სინამდვილეში უფრო ძველია. ხუან როდრიგეზ ფრეილე ესპანეთის ამერიკული კოლონიების ისტორიკოსი იყო, რომელიც ადგილობრივებზე და მათ ტრადიციებზე ვრცლად წერდა. 1638 წლის მონოგრაფში ის წერს გუატავიტას ტბაზე, რომელსაც ადგილობრივები რიტუალებისთვის იყენებდნენ და რომელიც ოქროს მტვრით იყო დაფარული. როგორც ჩანს, ფრეილე უცნაურ სანახაობას შეესწრო:
"ახალი მმართველის დანიშვნისას სპეციალური ცერემონია ეწყობა. მმართველი პირველ რიგში გუატავიტას ტბასთან უნდა მივიდეს და ღმერთს მსვერპლი შესწიროს... ახლად დანიშნული ბელადი გააშიშვლეს, სხეულზე ტალახი წაუსვეს და შემდგომ ოქროს მტვრით შეღებეს. ის ტივზე დააყენეს, ფეხებზე კი ოქროს ნაჭრები და ძვირფასი ქვები დაამაგრეს. ტივი ტბის ცენტრისკენ გაიმართა, საიდანაც საგანძური ტბაში ჩაყარეს".
მსგავს ისტორიას ისტორიკოსი გონცალო ფერნანდეზ დე ოვიედოც (1478-1557) ყვება და ამბობს, რომ ბელადს ოქრო ისე მოაყარეს, თითქოს მარილი ყოფილიყოს. ყველა ეს ისტორია მუისკას ტომს ეხება, რომელიც ადგილობრივ მდინარეებიდან და წიაღებიდან უამრავ ოქროს მოიპოვებდა და მას მეტწილად რიტუალებისთვის იყენებდა.
მუისკას ტომი და სხვა მცირე დასახლებები ესპანელი მოგზაურებისთვის მეტად საინტერესო იყო. ოქროს მაძებარმა კონკისტადორებმა ოქროს ძიების პროცესში უამრავი სოფელი გაანადგურეს. ელ დორადოს მითის პირველწყარო, გუატავიტას ტბა კონკისტადორებმა 1537 წელს აღმოაჩინეს. გონცალო ჯიმენეზ დე კუესადას ბრძანებით, მისმა ქვეშევრდომებმა ტბის "დაცლა" დაიწყეს. ასობით ადამიანი ტბას ვედროებით მიადგა. რა გასაკვირია და მათი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
გუატავიტას ტბის დაცლის მცდელობების პარალელურად, ბევრი კონკისტადორი ისევ ტბა პარიმეს ძიებაში იყო, სადაც ლეგენდის თანახმად, ოქროს ქალაქი ელ დორადო მდებარეობდა, ცხადია, ისევ უშედეგოდ, თუმცა ელ დორადოს აქტიური ძიება მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.
ძიება მეოცე საუკუნეში
მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნეში არქეოლოგები და მკვლევრები შეთანხმდნენ, რომ ელ დორადოს ისტორია მხოლოდ მითია, ბევრი მკვლევარი ოქროს ქალაქის არსებობის იდეას მაინც ვერ შეელია. 1987-1988 წლებში ლონდონის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიცია სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. ისტორიკოსი ჯონ ჰემინგი დარწმუნებული იყო, რომ ქალაქი მანოა, სადაც, ლეგენდის თანახმად, ხუან მარტინეზმა რამდენიმე თვე გაატარა, მართლაც არსებობდა.
ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა, მისი წევრები კი ისტორიული არტეფაქტების მოპარვაში დაადანაშაულეს. ჯონ ჰემინგის ეჭვი, რომ ელ დორადო მართლაც არსებობდა, ნაწილობრივ თანამედროვე კვლევით იყო გამყარებული. 1977 წელს ბრაზილიელმა გეოლოგებმა გერტ ვოელტჟემ და ფრედერიკო გუიმარაეს კრუზმა, როლანდ სტივენსონთან ერთად ქალაქ ბოა ვისტასთან გიგანტური დამშრალი ტბის კვალს მიაგნეს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტბის დიამეტრი ერთ დროს, სავარაუდოდ, 400 კილომეტრი იყო, მისი ფართობი კი 80 ათასი კვადრატული კილომეტრი. ტექტონური მოძრაობების გამო, ტბა 700 წლის მანძილზე იცლებოდა. 1690 წელს, მიწისძვრის გამო, ტბის ფსკერზე ბზარი გაჩნდა, რამაც წყლის თანმიმდევრული გადინება გამოიწვია. კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ტბა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მთლიანად დაშრა.
დამშრალი ტბის გარშემო უამრავი პიქტოგრაფებია, რომლებიც რიტუალებს (მათ შორის, ოქროს წყალში ჩაყრას) აღწერს. მიმდებარე ტერიტორიის მდინარეებში და ნაკადულებში კი მეცნიერებს და მოყვარულ არქეოლოგებს არაერთი უძველესი ოქროს არტეფაქტი უპოვიათ.
რატომ ეძებენ ელ დორადოს
ამერიკის კონტინენტის აღმოჩენამ ევროპელ მოგზაურებში ახალი სულისკვეთება გააჩინა. ადრეულ მოგზაურებს ცნობისმოყვარეობა და ერთგვარი ეგზოტიციზმი ამოძრავებდათ. ამერიკის აბორიგენული კულტურა ევროპულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. რაც მთავარია, ბევრი ამერიკული ტომისთვის ოქროს და სხვა ძვირფას ქვებს ევროპული კულტურისგან განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.
ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი კონკისტადორები უშრეტ სიმდიდრეს ეძებდნენ და ხშირად იმაზე მეტს პოულობდნენ, ვიდრე სჭირდებოდათ. ამიტომ ოქროს ქალაქის ან ფარული ცივილზაციის მაძებრებს მხოლოდ მატერიალისტური მიზნები არ ამოძრავებდათ.
ბევრი ადრეული მკვლევარი უბრალოდ შეუძლებელი, ხშირად არაპრაქტიკული მისიების განხორციელებით იხიბლებოდა. კვლევა კვლევისთვის, მოგზაურობა მოგზაურობისთვის და არა — რაიმე პრაქტიკული მიზნისთვის. პრესტიჟის და პირველად რაღაცის აღმოჩენის სურვილი ადამიანისთვის ნაცნობი გრძნობაა და მისი მსხვერპლნი ხშირად მეცნიერებიც ხდებიან.
ელ დორადოს მითი — მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ისტორიიდან დაიწყო — მალე დიდების ან ბედნიერების ძიების სიმბოლოდ იქცა. ის ნელ-ნელა ახალგაზრდობის შადრევნის ან შანგრი-ლას ლეგენდას დაემსგავსა.
კომენტარები