საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა. ამერიკული აქსელერატორის, 500Startups-ის აქსელერაციის პროგრამა უკვე დაიწყო. Next.On.ge პროგრამაში მონაწილე სტარტაპების უკან მდგომ ადამიანებს გაესაუბრა. ამ სტატიაში კი სტარტაპ Nextsale-ს გაგაცნობთ.

სტარტაპი Nextsale გვთავაზობს პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებისთვის შოპინგის სასიამოვნო გარემოს ქმნის. ვებგვერდის შეტყობინებების, პრომო ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო საშუალების გამოყენებით მომხმარებელს პრომო აქციების თუ ონლაინ მაღაზიის პოპულარობის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღების საშუალება ეძლევა. მაგალითად, მყიდველი ხედავს ოპტიმიზირებულ შეტყობინებას შეკვეთის გაფორმების დროს ან პროდუქტების თვალიერებისას. იმის დემონსტრირებით, თუ რამდენმა მომხმარებელმა შეიძინა თქვენი პროდუქტი ან რამდენი იმყოფება ამჟამად თქვენს გვერდზე, ამცირებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას თქვენი ონლაინ მაღაზიის მიმართ.

Nextsale-ის სამართავი პანელი

Nextsale-ის სამართავი პანელი

ფოტო: Nextsale-ის სამართავი პანელი

Nextsale-ის სერვისებისა და შეთავაზებების განვითარება და დახვეწა არ დასრულებულა. სულ რამდენიმე თვის წინ პლატფორმა სრულად ითარგმნა გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ და რუსულ ენებზე.

იდეიდან სტარტაპამდე

სტარტაპის თანადამფუძნებლის, ვუსალ ორუჯოვის თქმით, მას ყოველთვის აინტერესებდა რიცხვები და საიტების წარმადობა. ელექტრონული კომერციის სფეროში 10-წლიანი მუშაობის შედეგად მან ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა: "მე მჯეროდა, რომ შევძლებდი შესანიშნავი კომპანიის შექმნას, რომელიც მარკეტოლოგებს ონლაინ სივრცეში მეტ შესაძლებლობას მისცემდა, რითაც გაიზრდებოდა მათი გაყიდვები და კონვერსია".

ვუსალს სტარტაპის იდეის განვითარებაში თანამოაზრეები, თალეჰ კარიმლი და ორხან ჰაჯიევიც შეუერთდნენ.

"ელექტრონულ კომერციაში ჩვენმა უდიდესმა აკადემიურმა და პროფესიულმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, შევაფასოთ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაყიდვების გასაზრდელად პერსონალიზებული შეტყობინება მომხმარებლისთვის, რომელიც ონლაინ ბიზნესის გვერდს სტუმრობს", — გვიყვება ვუსალი.

Nextsale-ის პერსონალიზაციის გვერდი

Nextsale-ის პერსონალიზაციის გვერდი

"როგორც ვიცით, მომხმარებლების ყურადღებას ყოველთვის იქცევს პერსონალიზებული მიდგომა, იქნება ეს იმეილში ან თავად ვებგვერდზე გამოყენებული სასაუბრო ენა... აი, რას ვთავაზობთ ჩვენ კლიენტებს — სამომხმარებლო გამოცდილების პერსონალიზაციას, რაც სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს ერთგულ მომხმარებლად აქცევს", — ამბობს თალეჰი.

სტარტაპის გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ონლაინ მაღაზიების ვიზიტორთა 96% საიტზე აღარასდროს ბრუნდება. ეს დიდი გამოწვევაა ბიზნესისთვის მაშინ, როცა ონლაინ გაყიდვებში დიდი რესურსი იხარჯება.

ზუსტად ამისთვის შეიქმნა Nextsale — გაყიდვების ზრდის მართვის პლატფორმა ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლის ამოცანაცაა, მომხმარებელთა მოზიდვით გააუმჯობესოს გაყიდვების მაჩვენებელი.

"საჭირო დროს, სწორად შერჩეულ გვერდზე და მიზნობრივ მომხმარებელთან გამოჩენილი შეტყობინება თქვენს ინტერნეტ მაღაზიას უფრო მიმზიდველს გახდის. ჩვენი კლიენტები ამას Nextsale-ის ლოკალიზაციისა და პერსონალიზაციის ხელსაწყოებით აღწევენ. ასეთი სახით ვებგვერდის ვიზიტორები კონვერსიის მაღალ მაჩვენებლებად გარდაიქმნებიან", — ამატებს თალეჰი.

Nextsale-ის ანალიტიკის გვერდი

Nextsale-ის ანალიტიკის გვერდი

"Nextsale განაგრძობს ზრდას; ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გამოვცადოთ სიახლეები, რათა გავუმჯობესდეთ და უკეთ მოვემსახუროთ კომპანიებს", — აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი, ვუსალ ორუჯოვი.

სირთულეები

ვუსალის თქმით, სტარტაპის წარმატება გუნდის წევრების დაუღალავი შრომის შედეგია: "ჩვენი მიზანია ონლაინ გამყიდველები ახალი ფუნქციებით მოვამარაგოთ და უზრუნველვყოთ მუდმივი მხარდაჭერა. ჩვენი სერვერების განახლება დღეში რამდენჯერმე ხდება. პლატფორმას კი ამჟამად 87 ქვეყნის 4 ათასამდე ბიზნესი იყენებს. ჩვენი სერვერები ყოველდღიურად მილიონობით მოთხოვნას და ასობით გეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას ამუშავებს. პლატფორმის მომხმარებელთა სწრაფი ზრდის დასაკმაყოფილებლად მასშტაბირებადი არქიტექტურის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე ახალი ფუნქციების შემუშავება და სერვისის ხარვეზებით მუშაობის დროის ნულოვან ნიშნულზე შენარჩუნება ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იყო", — გვიყვება ვუსალი.

წარმატება

"ენით აღუწერელი შეგრძნება იყო, როცა პლატფორმის გაშვების პირველივე დღეს პირველი გაყიდვები დავაფიქსირეთ", — იხსენებენ Nextsale-ის გუნდის წევრები, — "პირველი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს სერვისს ათასი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ეს ყველაფერი 2019 წლის მარტში დაიწყო, როცა ჩვენ Nextsale-ის ადრეული ბეტა ვერსია წარვადგინეთ".

მომდევნო 6 თვის განმავლობაში სტარტაპმა უამრავი უკუკავშირი, შეფასება და შენიშვნა მიიღო, აწარმოა მოლაპარაკებები პოტენციურ მომხმარებლებთან და ხანგრძლივი შრომის შედეგად, 2019 წლის სექტემბერში Nextsale-ის პირველი კომერციული ვერსია გამოუშვა.

500 Stratups პროგრამა — გზა ახალი გამოცდილებისკენ

"500 Startups ჩვენთვის განმაცვიფრებელი მოგზაურობაა", — აღნიშნავენ სტარტაპის გუნდის წევრები. აქსელერატორში სტარტაპმა პროგრამის პირველი ეტაპი უკვე გაიარა. "ეს ძალიან დაგვეხმარა", — იხსენებენ სტარტაპერები, — "ჩვენ გარშემო იყვნენ გამოცდილი მენტორები და უამრავი მეწარმე, რომლებიც ჩვენი სტარტაპის სამომავლო ზრდის და წარმატების მიღწევაში გვეხმარებოდნენ. ჩვენ განვაგრძობთ მათთან ურთიერთობას, რადგან ჩვენნაირი ანტერპრენერებისგან მიღებული დროული პასუხები ძალიან გვეხმარება."

სტარტაპში მოუთმენლად ელოდებიან იმ შესაძლებლობას, როცა იმ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შანსი მიეცემათ, რომელსაც აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.