პანდემიით განპირობებულმა პრევენციულმა ზომებმა ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებს კვლევის გაგრძელების ინოვაციური მეთოდების გამოყენებისკენ უბიძგა. £100 ათასად შეფასებული დაპროგრამირებადი მკვლევარი რობოტი ექსპერიმენტებს თავისით ატარებს და მონაცემთა ანალიზი შეუძლია.

"მას [რობოტს] ავტონომიურად მუშაობა შეუძლია, რაც ექსპერიმენტის სახლიდან ხელმძღვანელობის საშუალებას მაძლევს", — ამბობს რობოტის დეველოპერი, ბენჯამინ ბურგერი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი ტექნოლოგია მეცნიერულ აღმოჩენებს "ათასჯერ დაასწრაფებს".

ქიმიის სამეფო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, პოსტკოვიდური ეროვნული კვლევის სტრატეგიის მიხედვით, კვლევაში რობოტების და ხელოვნური ინტელექტის, ისევე როგორც დახვეწილი კომპიუტერების გამოყენება უნდა დაჩქარდეს და "წახალისდეს", რაც სოციალურად დისტანცირებულ მეცნიერებს მუშაობაში დაეხმარება.

ლივერპულის უნივერსიტეტში მომუშავე რობოტი მეცნიერი ამჟამად კატალისტის ძიებაშია, რომელიც მზის პანელების მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის. თუმცა, პროფესორი ენდი კუპერი მიიჩნევს, რომ რობოტი COVID-19-თან გამკვლავებაშიც დაგვეხმარება.

"COVID-19, კლიმატის ცვლილება — უამრავი პრობლემაა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი რობოტების მსოფლიოს გარშემო განთავსების შემთხვევაში, ისინი ცენტრალიზებულ "ტვინს" დაუკავშირდებიან. ეს ჯერ არ გაგვიკეთებია, თუმცა გვინდა რომ მსგავსი რამ განხორციელდეს".

მსოფლიოს გარშემო მიმოფანტული რობოტები, რომლებიც ერთი პრობლემის გადაჭრისთვის მუშაობენ, სამეცნიერო კვლევებს მართლაც ძალიან დააჩქარებს. რობოტის უპირატესობათაგანი ისაა, რომ ის არ იღლება, არ ჭირდება არდადეგები და ათასობით ტესტის ერთდროულად ჩატარება შუეძლია, რაც მეცნიერებს მექანიკური სამუშაოსგან შესვენების და ინოვაციაზე კონცენტრაციის საშუალებას აძლევს.

მეცნიერები რობოტების კოსმოსური კვლევებისთვის გამოყენებასაც გეგმავენ, რაც ადამიანებისთვის პოტენციურ რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.