ფეისბუქი და ინსტაგრამი მომხმარებლებს პირბადის გაკეთებას შეახსენებენ
ფეისბუქის და ინსტაგრამის ფიდზე ამიერიდან მომხმარებლები პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ. შეხსენება ფიდის თავში გამოჩნდება, რომელზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებელი COVID-19-თან დაკავშირებულ ოფიციალურ საინფორმაციო ცენტრის გვერდზე გადამისამართდება. იმავე ფორმატის შეტყობინება დაგხვდებათ ინსტაგრამზეც.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ფუნქცია აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის საპასუხოდ დაამატეს. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს აშშ-ში 24 საათში რეკორდული, 50 ათასი ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც შტატების უმეტესობა ივნისში მოხსნილი შეზღუდვების ხელახალი დაწესების საჭიროებას განიხილავენ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციების მიხედვით, ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებელია პირბადის ტარება, რადგან ამით წვეთოვანი გზით ვირუსის გავრცელების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ფეისბუქი ასევე ცდილობს, საკუთარ პლატფორმაზე კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება შეზღუდოს. კომპანიამ აქამდე უკვე დაამატა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საეჭვო პოსტის მოწონების ან მის ქვეშ კომენტარის დაწერის შემთხვევაში შესაძლო დეზინფორმაციის შესახებ აფრთხილებს.
კომენტარები