Viber ფეისბუქთან ყველა სახის საქმიან ურთიერთობას წყვეტს
ვაიბერი ფეისბუქზე რეკლამის განსათავსებლად თანხას აღარ გადაიხდის და საკუთარი პლატფორმიდან სოციალური ქსელის მფლობელობაში არსებულ ყველა აპლიკაციას წაშლის.
Rakuten Viber-ის ბლოგში ნათქვამია, რომ კომპანია ფეისბუქთან ყველა სახის საქმიან ურთიერთობას წყვეტს, რითაც #StopHateForProfit მოძრაობას უერთდება და სოციალურ ქსელს ბოიკოტს უცხადებს.
ვაიბერი მწვავედ აკრიტიკებს სოციალურ ქსელს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გამოყენებისა და რასისტული შინაარსის მქონე პოსტების შეზღუდვის უუნარობის გამო.
თანამშრომლობის გაწყვეტის შედეგად ვაიბერი საკუთარი პლატფორმიდან წაშლის ფეისბუქით ავტორიზაციას, Facebook SDK-ს და GIPHY-ს. კომპანია ასევე აღარ ისარგებლებს ფეისბუქის და ინსტაგრამის ფასიანი რეკლამის მომსახურებით.
#StopHateForProfit მოძრაობა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ანტირასისტული გამოსვლების შედეგად ჩამოყალიბდა. მოძრაობის ფარგლებში 6-მა სხვადასხვა ორგანიზაციამ, მათ შორის ანტიდიფამაციურმა ლიგამ და ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშეწყობის ეროვნულმა ასოციაციამ კომპანიებს ფეისბუქზე ფასიანი რეკლამის განთავსებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან, მათი თქმით, სოციალური ქსელი მომხმარებლებს სიძულვილის ენისგან ვეღარ იცავს.
ამავე მოძრაობის შედეგად ფეისბუქზე ფასიანი რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა ტანსაცმლის მაღაზიების საერთაშორისო ქსელი Eddie Bauer, ნაყინის მწარმოებელი კომპანია Ben & Jerry (Unilever), კომპანია The North Face, აპლიკაცია Talkspace, დასაქმების პლატფორმა Upwork, ბრაუზერი Mozilla და სხვები.
კომენტარები