ულტრანაციონალიზმი — რუსული იარაღი ევროპის წინააღმდეგ
რუსული რბილი ძალა აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ყოველდღიურად ძლიერდება. კრემლის მთავარი დასაყრდენი ფსევდო ეროვნული მოძრაობებია. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ჯგუფები რუსეთთან არიან კავშირში.
ქართული ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები ოფისებს დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქირაობენ, აქვთ ინვენტარი, გეგმავენ აქციებს, თუმცა, საიდან მოდის ამისთვის საჭირო ფული, რთულად დასადგენია. მათი დაფინანსების წყაროები დახურულია. მემარჯვენე ორგანიზაციების ლიდერები რუსეთის სახელმწიფოსთან და ადგილობრივ პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ღიად მეგობრობენ.
ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქციებს პერიოდულად მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათთვის უცხოური დაფინანსებების აკრძალვაა.
ქართული მარში ოკუპაციას არ აპროტესტებს, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ჩრდილოელი მეზობლის მიერ ოკუპირებულია.
ქართული ნაციონალისტური ჯგუფების მსგავსად, სერბეთში რადიკალური ძალები მტრის ხატს დასავლეთისგან, მოყვრისას კი — რუსეთისგან ქმნიან.
წმ. სავას ეკლესიის ეზოში ჩვენ სერბული რადიკალური ჯგუფის, "ობრაზის" ლიდერს შევხვდით. ორგანიზაციას საქმიანობა სასამართლომ 2011 წელს აუკრძალა.
ლიდერი, მლადენ ობრადოვიჩი ძალადობრივი და არაჰუმანური მეთოდების გამოყენების გამო დაკავებული იყო. 2010 წელს ბელგრადში ობრადოვიჩის ორგანიზაცია ლგბტ პრაიდს თავს დაესხა, რა დროსაც 140 ადამიანი დაშავდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მლადენ ობრადოვიჩმა ახალი ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია შექმნა.
ულტრანაციონალისტური ჯგუფებისთვის დასავლური ღირებულებები მიუღებელია. ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებს აგრესიულად ებრძვიან, ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი გზებით ავიწროებენ უმცირესობებს.
განსაკუთრებულად არატოლერანტულები ლგბტ თემის მიმართ არიან. როგორც საქართველოში, ასევე სერბეთში რადიკალური ჯგუფები სექსუალურ უმცირესობებს ეროვნულ საფრთხედ აღიქვამენ.
ქვეყნის დასავლური საფრთხისგან დასაცავად 2018 წელს ქართული მარში სამოქალაქო პატრულირების ინიციატივით გამოვიდა.
იდეის მიხედვით, რომელიც არ განხორციელებულა, ქალაქში 15-კაციან "ლეგიონებს" უნდა ემოძრავათ, რომლებიც პოტენციურ დამნაშავეებს დააკავებდნენ და საპატრულო პოლიციას გადასცემდნენ. იგეგმებოდა ე.წ. ლეგიონების აღჭურვა ვიდეო კამერებით.
ანალოგიური ინიციატივა უკვე წელიწადზე მეტია სერბეთშიც არსებობს. ულტრამემერჯვენე აქტივისტებმა "სამოქალაქო პოლიცია" დააფუძნეს.
იდეის ავტორი ყოფილი პოლიციელი, მემარჯვენე სტეფან ჯოკიჩია. ის ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის მოხალისეებს სამხედრო ტრენინგებს უტარებს.
სამოქალაქო პატრულის იდეა არც სერბეთში დაბადებულა და არც — საქართველოში. ჯიმ დოუსონი, ბრიტანელი ულტრანაციონალისტი, უკვე წლებია აღმოსავლეთ ევროპაში ღიად მხარს უჭერს ნეონაცისტურ ძალებს. ის ბულგარელ რადიკალ აქტივისტებსაც შეხვდა, რომლებიც საზღვართან სირიელი მიგრანტების დასაკავებლად პატრულირებდნენ.
ჯიმ დოუსონი, ცნობილი, როგორც "უჩინარი კაცი", სერბულმა მედიამ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში რამდენჯერმე შენიშნა. ის სერბ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგს უტარებს.
დოუსონი 2015 წელს რუსეთში გამართულ ნაციონალისტების ფორუმს ესწრებოდა. ფორუმის ორგანიზატორი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაახლოებული რადიკალი ლიდერი ალექსანდრე დუგინი იყო. ამავე ფორუმში მონაწილეობა მიიღო სერბმა ნაციონალისტმა მიშა ვაჩიჩმაც.
მიშა ვაჩიჩი ახლო მეგობარი და თანამოაზრეა სამოქალაქო პატრულის იდეის ავტორის, სტეფან ჯოკიჩის. სერბული მედიის მიხედვით, ჯიმ დოუსონი სერბეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ყოფილ მემარჯვენე ლიდერთან ალექსანდრ ვუჩიჩთანაც მეგობრობს.
ბალკანელ გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანებისა და BBC-ის ერთობლივი საგამოძიებო მასალით, სერბეთში მემარჯვენე ჯგუფებისა და ჯიმ დოუსონის კავშირები დასტურდება. სტატიის მიხედვით, სერბი მემარჯვენეებისთვის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო რუსეთია. ასევე, გამოიკვეთა, რომ ჯიმ დოუსონი სერბ ამბოხებულებს კოსოვოში იარაღით ამარაგებდა.
საქართველოშიც ფიქრობენ, რომ ულტრამემარჯვენე ძალები ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ — კოორდინირებულად მოქმედებენ და აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ეს მმართველ პარტიას სურს.
რადიკალური ჯგუფები, როგორც წესი, არ მონაწილეობენ ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში. პირიქით, ქუჩის აქციების დროს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ისინი კონტრაქციებს მართავენ.
ფოტო: ინტერნიუსი
აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოშიც ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერებასა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლის გამოცხადებას თუ ისე შევხედავთ, როგორც ერთ მთლიან სურათს, დავინახავთ, რომ პროცესები თანმიმდევრულად და მსგავსად ვითარდება.
მეთოდები, რომლებსაც რადიკალური ჯგუფები იყენებენ, ძირითადად ერთნაირია და ორივე ქვეყანაში მეორდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნაციონალიზმის მახინჯი ფორმით გაღვივებით, ამ ქვეყნებში კრემლი საკუთარი გავლენების შენარჩუნებას ცდილობს.
ულტრამემარჯვენეების დღის წესრიგი
საქართველო და სერბეთი
ნაციონალიზმი და ულტრანაციონალიზმი — ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ირგვლივ ამ სიტყვებს ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ. იდეოლოგიის მიმდევრებს კი, რადიკალებად, უარეს შემთხვევაში, ფაშისტებად მიიჩნევენ.
ქართული საზოგადოებისათვის ნაციონალიზმის ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან, ილია ჭავჭავაძიდან დაიწყო, დღეს კი სახეცვლილი გვხვდება. ულტრანაციონალიზმი ძალადობრივი ფორმებით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელდა. ClickMedia-სა და Internews Georgia-ს ერთობლივი პროექტი საქართველოსა და სერბეთში ამ ჯგუფების გააქტიურებას ეხება.
"ნაციონალიზმი არის ეტაპი, რომელიც ნებისმიერმა ერმა უნდა გაიაროს ერად ჩამოყალიბებისთვის. ის ფორმები, რაც ახლა ხდება საქართველოში, ხშირად ეწინააღმდეგება ეროვნულობის იდეას" — გიორგი ბადრიძე, ალექსანდრე რონდელის ცენტრი.
ულტრამემარჯვენეებისათვის ერის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა "ქართველობის ან სერბობის შენარჩუნებაზე" ზრუნვამ ჩაანაცვლა. ვინც საკუთარ თავს ნაციონალისტს უწოდებს, არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას და განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანების დევნას, ფიზიკურად ანგარიშსწორებას ერიდება. ულტრანაციონალიზმის გავრცელების ძირითად იარაღად სოციალური მედია იქცა. ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ განწყობებს, მკვლევრების აზრით, რუსეთი აღვივებს, აფინანსებს და ახალისებს.
მასალა მომზადებულია მედია პლატფორმა Clickmedia-ს მიერ, ინტერნიუსის მხარდაჭერით. გადაღებები სერბეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა 2019 წლის შემოდგომაზე.
კომენტარები