ეფლის ფანებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება, რადგან WWDC 2020 პირველად სრულიად ონლაინ ფორმატში ჩატარდება. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კუპერტინოში დეველოპერებისა და ჟურნალისტების ტრადიციული შეკრების ნაცვლად ონლაინ ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

მაშ ასე, მოკლედ მიმოვიხილოთ, რას უნდა ველოდოთ დღეს და როგორ უნდა ვუყუროთ ღონისძიებას.

iOS 14

iOS 14 კონცეფტი

iOS 14 კონცეფტი

რა აპარატული სიახლეებიც უნდა წარმოადგინონ WWDC 2020-ზე, ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც კომპანიის ოპერაციული სისტემების განახლებას დაეთმობა. დღეს ჯამში 5 ოპერაციული სისტემის განახლებას უნდა ველოდოთ, ესენია iOS 14, iPadOS 14, macOS 10.16, watchOS 7 და tvOS 14. აღსანიშნავია, რომ iOS 14-ის შესახებ ინფორმაცია ქსელში 8 თვის წინ გამოჩნდა, რამაც გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა მის მომავალ სიახლეებზე. ახალი ფუნქციების შესაძლო და არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მთავარ ეკრანზე სიის მიხედვით განლაგებისა და ვიჯეტების მხარდაჭერა;
  • აპლიკაცია, კოდური სახელოწდებით Gobi, რომელიც აიფონის AR ფუნქციონალს აფართოებს;
  • სხვა დეველოპერების მიერ შექმნილი აპლიკაციების ნაგულისხმევი გამოყენების შესაძლებლობა ეფლის სტანდარტული სერვისების ნაცვლად;
  • HomeKit-ის ახალი შესაძლებლობები;
  • Find my iPhone ფუნქციის განახლება, რომელსაც ახალი AirTag-ის მხარდაჭერა ექნება;
  • CarKey — ავტომობილის გასაღების ფუნქცია აიფონისთვის;
  • სისტემის აღდგენის ფუნქცია "OTA" მეთოდით;
  • ჩაშენებული თარჯიმანი Safari-სთვის და მთლიანი სისტემისთვის;
  • Xcode-ში iPad-ის დეველოპერული გარემოს უზრუნველყოფა;
  • აპლიკაციების სადემოსნტრაციო ვერსიის გამოყენება ინსტალაციის აუცილებლობის გარეშე;
  • iMessage-ში შეტყობინებების წაშლის, რედაქტირების და მიმოწერაში სხვა ადამიანების @მონიშვნის მხარდაჭერა;
  • ახალი ჟღერადობის მქონე ხმების მხარდაჭერა Siri-სთვის.

გარდა ამისა, ვრცელდება ჭორები, რომ ეფლი iOS-ის სახელწოდებაზე უარის თქმას და მობილური ოპერაციული სისტემისთვის iPhoneOS-ის დარქმევას აპირებს. აღსანიშნავია, რომ მობილური ოპერაციული სისტემა თავდაპირველად ზუსტად ამ სახელით გამოდიოდა.

iMac 2020

ახალი iMac-ის კონცეფტი

ახალი iMac-ის კონცეფტი

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში iMac-ების ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნეოდა. ცხადია, აპარატული ნაწილი მუდმივად უმჯობესდებოდა, თუმცა მონობლოკის დიზაინი წლების განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო ცვლილება უკავშირდება ეკრანის ნაწილს, რომელიც ძალიან გვაგონებს Pro Display XDR მონიტორს, რომელსაც ძალიან თხელი ჩარჩო აქვს. კუპერტინოში iMac-ების ნამდვილად ახალი ხაზის წარმოდგენა ზუსტად WWDC-ზე გადაწყვიტეს. უფრო მეტს, ცხადია, ღონისძიებაზე გავიგებთ.

AirTag

AirTag

AirTag

WWDC-ზე მოსალოდნელი კიდევ ერთი სიახლეა AirTag — ნივთების საძიებო თეგი. როგორც ცნობილია, ეფლი აღნიშნულ მოწყობილობაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. თეგი დაგეხმარებათ, იპოვოთ დაკარგული ნივთი, ხოლო მისი მიმაგრება შეგიძლიათ ყველაფერზე, რაც თქვენთვის ძვირფასია (მაგალითად, სამგზავრო ჩანთაზე, საფულეზე ან სხვა).

ვარაუდობენ, რომ ტრადიციული თეგებისგან განსხვავებით AirTag სტანდარტული Bluetooth-ის ნაცვლად Ultra Wideband კავშირს გამოიყენებს, რომელიც მეპატრონეს დაკარგული ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ეფლის სხვა მოწყობილობების გავლით მიაწვდის. ასეთი სახით, დისტანციას თქვენსა და დაკარგულ ნივთს შორის არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. გარდა ამისა, დაკარგული ნივთის ძიების პროცესს გაგიადვილებთ ჩაშენებული დამატებითი რეალობის ფუნქცია, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით გაჩვენებთ დაკარგული ნივთის ლოკაციას.

კიდევ რას შეიძლება ველოდოთ WWDC 2020-ზე

არ არის გამორიცხული, რომ ეფლმა განახლებული iMac-ის გარდა კიდევ რამდენიმე მოწყობილობა წარმოადგინოს. მათი სავარაუდო ჩამონათვალი ასეთია:

  • 10,8-ინჩიანი iPad;
  • Apple TV 6;
  • ARM პროცესორზე მომუშავე 12-ინჩიანი MacBook;
  • HomePod mini;
  • AirPower 2.0.

რადგან ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით, რას გვიმზადებენ კუპერტინოში, ამ სტატიაში მოყვანილი ვარაუდები ჯერჯერობით მხოლოდ, სწორედაც რომ, ვარაუდებია და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 21:00 საათს და NEXT.On.ge-სთან ერთად ვუყუროთ პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში.