Boston Dynamics ყვითელი რობოძაღლების გაყიდვას იწყებს
Boston Dynamics-ის ყვითელი ოთხფეხა რობოტი, სახელად Spot, დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი რობოძაღლია. ის მრავალფუნქციური რობოტია: მას შეუძლია, ექიმებს COVID-19-ის პაციენტების მიღებაში დაეხმაროს, ამხანაგ რობოტს კარი გაუღოს ან თუნდაც ცხვრები მწყემსოს. აქამდე კომპანიებს Spot-ის მხოლოდ მოკლე ვადით ქირაობა შეეძლოთ, მაგრამ სულ მალე Boston Dynamics აშშ-ში არსებულ კომპანიებს რობოძაღლის ყიდვის უფლებას მისცემს.
Spot კომერციული და ინდუსტრიული მიზნებით გამოსაყენებლადაა შექმნილი და მისი ყიდვის უფლება რომ მოგეცეს, Boston Dynamics-ის მიერ განსაზღვრული, რობოტის "კეთილსინდისიერად გამოყენების" პირობა უნდა დააკმაყოფილო. ეს ფაქტი განსაკუთრებით მათ დაამშვიდებს, ვისაც რობოტების მიერ სამყაროს დაპყრობის შესაძლებლობა აშინებთ.
რობოტები ინტერნეტით გაიყიდება და დაინტერესებულ კომპანიას თავისი მიზნებისთვის ოპტიმალური რობოძაღლის ღირებულების გასაგებად Boston Dynamics-სთან დაკონტაქტება შეეძლება. მაგალითად, Spot Explorer დეველოპერებს თითო რობოტს $74,500-ად სთავაზობს. დამატებითი ელემენტებისა და ისეთი აქსესუარების ფასი კი, როგორიცაა გარემოს უკეთ აღსაქმელი მოწყობილობა, LIDAR, $4,620-დან $18,450-მდე მერყეობს.
"Boston Dynamics-მა ათწლეულები დაახარჯა რობოტების ისეთი ფუნქციების დახვეწას, როგორიცაა მობილობა, სიმარჯვე და გონიერება, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ მოქნილ რობოტებს რეალურ სამყაროში არსებული მრავალნაირი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ", — განაცხადა Boston Dynamics-ის თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, მარკ რაიბერტმა, — "დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფისა და შესრულების მაღალი დონის მქონე მექანიკური დიზაინის კომბინაცია Spot-ს ადამიანისთვის რთული ან საშიში დავალებების შესრულების უნარს სძენს. ამ რობოტს შეუძლია, უზურუნველყოს ადამიანთა უსაფრთხოება სხვადასხვა გარემოში და თავი გაართვას დავალებებს ისეთ სფეროებში, რომელთა წარმატებული ავტომატიზაციაც აქამდე ვერ ხერხდებოდა".
კომენტარები