შიმპანზეების გულში უცნაური ძვალი აღმოაჩინეს
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა რამდენიმე შიმპანზის გულის ქსოვილში პატარა ძვალი იპოვეს. ამ მინერალიზირებული ქსოვილის ზომა სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრია და იგი სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულადაა წარმოდგენილი. თუმცა საერთო ჯამში, მკვლევრების მიხედვით, ეს Os cordis — გულის ძვლის ტიპია, რომელიც, ძირითადად, დიდ მცოხნელებს, ძროხებსა და კამეჩებს ახასიათებთ, თუმცა ის აქლემებსა და წავებშიც გვხვდება.
მსგავსი რამ შიმპანზეებში ან სხვა დიდ პრიმატებში აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ.
"ახალი ძვლის აღმოჩენა ნამდვილად იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით შიმპანზეებში, რომელთა ანატომიაც ადამიანისას ძალიან ჰგავს. აღმოჩენის შემდეგ ჩნდება კითხვა, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ ზოგიერთ ადამიანსაც ჰქონდეს Os cordis", — განაცხადა ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარმა, კეტრინ რუტლენდმა.
გულის ძვალი მაღალი გარჩევადობის სკანერის მეშვეობით აღმოაჩინეს. ეს მეთოდი ჰომინიდებში პირველად გამოიყენეს.
შიმპანზეების ჯგუფის ყველაზე ასაკოვანი, 59 წლის მდედრის გულის სისხლძაღვებში გამაგრება რამდენიმე ადგილას შენიშნეს. ქსოვილის უფრო ღრმა, მიკროსკოპულ დონეზე ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეს სტრუქტურები ხან მთლიანად ძვლისგან, ხან ხრტილისგან, ხანდახან კი ამ ორს შორის არსებული ქსოვილისგან შედგებოდა.
შესაძლოა, რომ ეს, უბრალოდ, ზოგიერთი შიმპანზის ანატომიური თავისებურება იყოს, მაგრამ მკვლევრები ასე არ ფიქრობენ.
ადამიანებში გულის ფიბროზული ძვლოვანი სისტემის, cardiac skeleton-ის მინერალიზაცია, როგორც წესი, ასაკის გამო ხდება და იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზეებს კორონარული არტერიების პრობლემებისკენ მიდრეკილება არ აქვთ, გულის დაავადებები ზრდასრული შიმპანზეების 70%-ში მაინც გვხვდება.
შიმპანზეებში ყველაზე მეტად გავრცელებული გულის დაავდება იდიოპათიური მიოკარდიული ფიბროზი, IMF-ია. კვლევაში მონაწილე 16 შიმპანზიდან IMF მხოლოდ სამს არ ჰქონია. ამასთან, ყველა იმ შიმპანზეს, რომელსაც IMF ჰქონდა, გულში ძვლის ან ხრტილის ფორმაცია აღენიშნებოდა.
"Os cordis და IMF-ის მსგავსი კავშირი მიგვანიშნებს, რომ ამგვარი ძვლის ამ სახეობაში არსებობა პათოლოგიური სახის შეიძლება იყოს", — ნათქვამია კვლევაში.
IMF-ის პათოლოგია ჰომინიდებში შესწავლილი არ არის, მაგრამ თუკი კვლევის ავტორები მართლები არიან და ეს ძვალი ამ მდგომარეობასთან ნამდვილად დაკავშირებულია, მასზე უფრო მეტი რამ უნდა გავიგოთ.
ჯერჯერობით უცნობია, საშიშია თუ არა Os cordis სახეობისთვის. სხვა სახეობებში მისი ზუსტი ფუნქცია, მართალია, ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა იგი ყოველთვის ზიანის მომტანი არ არის და, შესაძლოა, გულის სარქველებიც კი დაიცვას.
კვლევა ათ ივნისს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები