სონიმ PS5-ისთვის მიძღვნილი ღონისძიება "უფრო მნიშვნელოვანი ხმის გასაგონად" გადადო
სონიმ საკუთარი ახალი კონსოლის, PlayStation 5-ის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც წესით 4 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, ამერიკის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების გამო გადადო. "ჩვენ გვესმის, რომ გეიმერები მთელი მსოფლიოდან სიხარულით ელოდებიან PS5-ის თამაშებს, თუმცა დღეს სადღესასწაულო განწყობის დრო არაა", — ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ ტვიტში, — "აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით განზე უნდა გავდგეთ, რათა უფრო მნიშვნელოვანი ხმა ისმოდეს".
სონის აღნიშნული გადაწყვეტილება მინესოტაში ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკლელობით გამოწვეულ საპროტესტო ტალღას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ სონი 4 ივნისს PS5-ის ახალი თაობის თამაშების დემონსტრირებასა და, შესაძლოა, თავად კონსოლის წარმოდგენასაც აპირებდა.
აშშ-ის დიდ ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გასულ კვირაში დაიწყო, რასაც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და სასტიკად მოპყრობის არაერთი შემთხვევა მოყვა. ტვიტერმა "ძალადობის წახალისებისთვის" დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ტვიტი დამალა.
სონის გადაწყვეტილებას შეურთდა EA და Madden NFL 21 გადადო. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე გუგლმა მიიღო და Android 11-ის ბეტა ვერსიის გამოშვება აშშ-ში მიმდინარე მოვლენების გამო გადადო.
კომენტარები