Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომხმარებელთა უკუკავშირით გამოიკვეთა Stack-ის მაღალი საჭიროება, რამაც მის სამომავლო განვითარებას შეუწყო ხელი.

სმარტ-ბრაუზერი დღემდე მხოლოდ MacOS-ზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა 7 მაისიდან Stack უკვე Windows-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად ბრაუზერს ქართველი მომხმარებლებისთვის ინტერფეისის ქართული ენის მხარდაჭერაც ექნება.

ახალმა სმარტ-ბრაუზერმა დღემდე წარმატების დიდი გზა გაიარა, პროდუქტმა ჯამში 12 საერთაშორისო კონკურსზე არაერთი აღიარება მოიპოვა. TechCrunch-მა კი 1 500 პროექტიდან ქართული სმარტ-ბრაუზერი 40 საუკეთესო სტარტაპს შორის ორჯერ შეარჩია. ევროპის და გლობალურ StartUp Grind-ის კონფერენციაზე Stack TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა. კომპანიამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების გრანტიც მოიპოვა და აქსელერაცია ავსტრიულ-ამერიკულ უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორში გაიარა.

ფოტო: Stack

"Stack-ის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, მისი მოქნილობა და სისწრაფეა, რაც ყოველდღიურად ვებ აპლიკაციებთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ნაცნობი ბრაუზერების დიზაინი 20 წლის წინ, თითქმის ინტერნეტთან ერთად შეიქმნა, მარტივი მიზნით — სხვადსხვა ვებგვერდის საპოვნელად, შესასვლელად და იქიდან ინფორმაციის მოსაძიებლად", — ამბობენ კომპანიაში.

"მას შემდეგ ინტერნეტი შთამბეჭდავად განვითარდა და რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებლებს შორის "ბრაუზინგს" შედარებით ნაკლები დრო ეთმობა. მეტწილად კი ინტერნეტს ყოველდღიურად სამუშაოდ, ინფორმაციის გასაცვლელად, სასაუბროდ თუ გასართობად ვიყენებთ და ამ ყველაფერს შესაბამისი ვებ-აპლიკაციების საშუალებით ვაკეთებთ. გაიხსენეთ თქვენი სოც-ქსელები, ჩეთის ან ვიდეო კონფერენციის აპლიკაციები, ონლაინ საოფისე პროგრამები, ელ-ფოსტა და სხვა. ბოლო პერიოდში სახლიდან მუშაობის ტენდენციის ზრდასთან ერთად ასეთი ყოველდღიური აპლიკაციების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. ჩვენ კი ისევ ძველმოდურ ბრაუზერებს ვიყენებთ, რომელიც 20 წელზე მეტია თითქმის არ შეცვლილა. მათი მუშაობის პრინციპი და დიზაინი კვლავ ბრაუზინგზეა მორგებული და არა ვებ აპლიკაციებთან მუშაობაზე. გინახავთ ე.წ. ტაბებით გადაჭედილი თქვენი ბრაუზერი? შესაძლოა ახლაც ზუსტად ამას უყურებთ… სწორედ ამ პრობლემას წყვეტს Stack", — გვიხსნიან კომპანიის გუნდის წევრები.

ფოტო: Stack

Stack მომხმარებელს საჭირო სამუშაო, საკომუნიკაციო თუ გასართობი ვებ-აპლიკაციების ე.წ "სთექებში" ანუ დასტებში დახარისხების შესაძლებლობას აძლევს.

სმარტ-ბრაუზერის მეორე უპირატესობა ვებ-აპლიკაციებთან ერთდროული მუშაობის შესაძლებლობაა — აპლიკაციების შორის გადართვა საჭირო აღარაა. ახალი ბრაუზერის მომხმარებელს დასტების თემატურად დახარისხება და მათ შორის მარტივი გადართვის შესაძლებლობაც აქვთ.

მათთვის, ვინც სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად იძიებს ინფორმაციას და ხშირად ახალ გვერდს დროებით ხსნის, Stack-ს განსაკუთრებული "Ghost" ფანჯრები აქვს, რომელიც ერთი ღილაკით, ერთდროულად იხურება და ყურადღებაც ისევ ყველაზე საჭირო აპლიკაციებს უბრუნდება.

სმარტ-ბრაუზერს ვებ-აპლიკაციებში შესასვლელად ერთდროულად რამდენიმე ანგარიშის მხარდაჭერაც აქვს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუშაობისას Stack-ში ერთი აპლიკაციის მთელს ეკრანზე გაშლა, ყველა სხვა აპლიკაციიდან მოსული შეტყობინებების ერთი ღილაკით გათიშვა და კონცენტრაციის სრულად, მთავარ საქმეზე ფოკუსირება საკმაოდ მარტივია", — აცხადებს Stack-ის გუნდის წევრი.

სმარტ-ბრაუზერის შექმნის პროცესში სტარტაპ კომპანია ყურადღებით უსმენდა მომხმარებლებს, რომლებიც ინტერნეტს აქტიურად იყენებენ.

"ასეთ მომხმარებლებს შორის არიან პროექტის მენეჯერები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელები და სხვა ადამიანები, რომელთათვისაც ორგანიზებული სამუშაო გარემო და ინტერნეტთან ეფექტური ურთიერთობა მნიშვნელოვანია", — ამბობენ გუნდში, რომელსაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემისა და ინტერნეტის მოხმარების პროდუქტიულობის ზრდისთვის მომავალშიც დიდი გეგმები აქვს.

ახალი სმარტ-ბრაუზერის გადმოწერა ხვალიდან ამ ბმულზე იქნება შესაძლებელი.