კორონავირუსის პანდემიამ რიგი ჯაჭვური რეაქციები გამოიწვია, რომელმაც ბევრგან ეკონომიკა პარალიზებული დატოვა. მიღებული პრევენციული ზომები არაერთ ბიზნესზე უარყოფითად აისახა, მაგალითად, დაიკეტა ბევრი რესტორანი და კაფე.

საინტერესოა, რომ რესტორნების და სასადილოების დახურვა ადამიანების გარდა, ცხოველების კეთილდღეობაზეც აისახა. ბევრგან, რესტორნების მუშაობის შეჩერების გამო, ვირთხები საკვების მუდმივი წყაროს გარეშე დარჩნენ.

"ნიუ-იორკში და ბევრ სხვა ქალაქში ათასობით რესტორანი უეცრად დაიხურა", — ამბობს მღრღნელების სპეციალისტი ბობი კორიგანი, "ვირთხები, რომლებიც ამ რესტორნების გარშემო ხშირად ათწლეულების და თაობების მანძილზე ცხოვრობდნენ და საკვები ობიექტების ნარჩენებზე დამოკიდებული იყვნენ, საჭმლის გარეშე აღმოჩდნენ. რამაც მათ ცოტა არჩევანი დაუტოვა".

რადგან ბუნკერებში გადაყრილ საკვებ ნარჩენებზე წვდომა გაქრა, გადარჩენისთვის ვირთხებმა რადიკალურ ზომებს მიმართეს.

კორიგანის თქმით, როცა ვირთხებს ძალიან ძალიან შიათ, ისინი მთლად სახარბიელოდ არ იქცევიან. როგორც ჩანს, ქალაქში მცხოვრებმა მღრღნელებმა თავიანთი შვილების ჭამა და ერთმანეთთან დაპირისპირება დაიწყეს.

ცნობილი ფრაზა, "ყველაზე ძლიერი გადარჩება", ვირთხების სიტუაციას კარგად აღწერს.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ქალაქში ადამიანების გადაადგილების შემცირების გამო ვირთხებმა ქუჩებში მოძრაობა უფრო თავისუფლად დაიწყეს.

ვირთხების მომრავლებამ ბევრი ქალაქის მოქალაქე შეაწუხა. ადგილობრივი სანიტარიული სამსახურები პრობლემას თავისებურად უმკლავდებიან. მაგალითად ვაშინგტონის ქუჩებში, ვირთხებზე სანადიროდ კატები გაუშვეს, რაც მღრღნელებთან გასამკლავებლად საკმაოდ არქაული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეფექტიანი ტაქტიკაა.