თუკი პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობა გიწევთ და თქვენი ოფისის მიმართ ნოსტალგიური განწყობა გაქვთ, შეგიძლიათ Kids Creative Agency-ს მიერ შექმნილ ვებგვერდ imisstheoffice.eu-ს ესტუმროთ და ოფისისთვის დამახასიათებელ ხმებს მოუსმინოთ.

აქ ნაცნობი ხმების საკმაოდ დიდ რაოდენობას შეხვდებით — იქნება ეს გაურკვეველი ნაწყვეტები დიალოგებიდან, ტელეფონის ზარი, კლავიატურაზე ბეჭდვა, სტვენა თუ ღიღინი.

ვებგვერდზე სქემაა მოცემული, სადაც ოფისისთვის დამახასიათებელი ნივთებია განლაგებული, თქვენ თითოეულის ჩართვა-გამორთვა მათზე დაკლიკვით შეგიძლიათ. მაგალითად, წყლის დისპენსერის ხმა, როდესაც ჭიქა წყლით ივსება, ასევე პრინტერის ნაცნობი ხმა, სავარძლებისა და პინგ-პონგის თამაშის ხმაც კი. თქვენ ასევე იმდენი თანამშრომლის არჩევაც შეგიძლიათ, რამდენიც ვირტუალურ ოფისში გინდათ, რომ გყავდეთ.

ვებგვერდი საოფისე გარემოს შეგახსენებთ, რაც თავს ისევ მეგობრებსა და თანამშრომლებს შორის გაგრძნობინებთ.