როგორ განსხვავდება კორონავირუსის რისკი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის – მოკლედ
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის კორონავირუსი განსხვავებულ რისკს ატარებს, თუმცა არავინ არის ბოლომდე დაცული
პანდემიის დროს ნებისმიერი შეიძლება გახდეს ავად, თუმცა რისკი იმისა, რომ პაციენტი გართულებების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდება, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია.
უკვე გავრცელებული ცნობების თანახმად, ბავშვები და ახალგაზრდები მეტნაკლებად დაცულები არიან და სიმპტომების სიმძიმე ასაკთან ერთად იმატებს. 80 წელს ზემოთ პაციენტებში გარდაცვალების მაჩვენებელი 20%-ია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ღელავენ, რომ ამ ცნობებმა შეიძლება ახალგაზრდებს ყალბი დაცულობის შეგრძნება გაუჩინოს.
გადადების კუთხით ახალგაზრდები ვირუსისთვის გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ვირუსი შეიძლება ახალგაზრდებსაც დაემართოთ, მათი მცირე ნაწილი ძალიან ავად გახდება, კიდევ უფრო მცირე ნაწილი კი - გარდაიცვლება. შეიძლება ფატალური შედეგი იმდენად ხშირი არ იყოს, რამდენადაც დიდ ასაკში, თუმცა მონცემები გვაჩვენებს, რომ ასაკი შესაძლო გართულებებზე მოქმედი ერთადერთი ფაქტორი არაა.
როცა ვსაუბრობთ, ვისთვის უფრო საშიშია კორონავირუსი, კიდევ ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: პირველი - არსებობს მინიშნებები, რომ კაცების შემთხვევაში კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. თუ მაგალითად უხანის სტატისტიკას დავაკვირდებით, კაცებს შორის გარდაცვალების მაჩვენებლი უფრო მაღალი იყო. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება იტალიაშიც, თუმცა გენდერული ფაქტორების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
მეორე - მეცნიერებისთვის ასევე ცნობილია, რომ ადამიანები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, უფრო ხშირად ხვდებიან გართულებული სიმპტომებით საავადმყოფოში. ამაში იგულისხმება გულის პრობლემები, დიაბეტი, მაღალი წნევა, ფილტვის დაავადებები და კიბო. ამ ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე დაავადების ქონას უფრო მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფატალურ შედეგზე, ვიდრე მხოლოდ ასაკს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ინფიცირების რაოდენობა ასაკთან ერთად იზრდება (ბავშვებში კორონავირუსის ნაკლები შემთხვევაა გამოვლენილი), თუმცა იმის თქმა რთულია, რითია გამოწვეული ეს სტატისტიკა: ბავშვებს ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი, თუ უბრალოდ იშვიათად უვითარდებათ სერიოზული სიმპტომები და ამის გამო ექიმებსაც ნაკლებად მიმართავენ.
მოდი, განვიხილოთ ასაკობრივი ჯგუფები:
10 წლამდე ბავშვები
- ესპანეთში 0-9 წლამდე ინფიცირებული 129 ბავშვიდან ჰოსპიტალიზაცია 34-ს დასჭირდა (26%), აქედან ერთი მოხვდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (0,8%). დაღუპულები ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არიან.
- ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა ასევე იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ჩინეთში.
- აშშ-ის შემთხვევაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 1,6%-ია. არსებული მონაცემებით, ბავშვები Covid-19-ის რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენენ, რაც ერთდროულად უცნაურიც არის (რადგან გრიპის შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობაა) და სასიხარულოც.
თუმცა თუ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, ჩვილებისთვის ვირუსი მოზრდილ ბავშვებთან შედარებით უფრო სახიფათოა. ამ ასაკობრივ ჯგუფში გართულებების 30% ერთ წელზე 1 წლამდე პაციენტებზე მოდის.
შეჯამება: ჩვილებისთვის კორონავირუსი უფრო საშიშია, ვიდრე ბაღის ან სკოლის ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა 10 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
შესწორება: ილინოისის გუბერნატორმა, ჯ.ბ. პრიცკერმა განაცხადა, რომ ჩვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდაიცვალა, რაც მას კორონავირუსით გარდაცვლილ ყველაზე პატარა პაციენტად აქცევს.
მოზარდები და თინეიჯერები (10-19 წელი)
მნიშვნელოვანი სტატისტიკა:
-
ესპანეთში 10-დან 19 წლამდე გამოვლენილი 221 შემთხვევიდან 15-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია (7%), მათგან არც ერთი არ მოხვედრილა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ერთი ადამიანი გარდაიცვალა (0,4%)
-
იტალიასა და სამხრეთ კორეაში ამ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მონაცემებით, სიკვდილიანობა 0,2%-ია.
-
აშშ-ში 10-დან 19 წლამდე პაციენტებში საავადმყოფოში გადაყვანა 1,6%-ს დასჭირდა. ისევე, როგორც სხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც, არსებული სამედიცინო პრობლემა გართულებების რისკს ზრდის, თუმცა სამედიცინო პრობლემის არარსებობა სრულად არ გიცავს მძიმე მდგომარეობისაგან: მაგალითად, ატლანტაში 12 წლის გოგო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდა, სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
შეჯამება: 10-დან 19 წლამდე მოზარდები / თინეიჯერები, როგორც ჩანს უფრო მძლავ წინააღმდეგობას უწევენ ვირუსს, ვიდრე ბავშვები ამ ასაკობრივ ჯგუფს ქვემოთ (ამას აჩვენებს ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი), თუმცა გარდაცვალების მცირე რისკი მაინც არსებობს.
ახალგაზრდები (20-დან 29 წლამდე)
- ესპანეთის შემთხვევაში ამ ასაკობრივ კატეგორიაზე ბევრად მეტი მონაცემები გვაქვს, ვიდრე სხვა ჯგუფებზე. 1285 შემთხვევიდან 183 მოხვდა საავადმყოფოში (14%), მათგან 8-ს დასჭირდა ინტენსიური თერაპია (0,6%) და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა (0,3%).
- იტალიასა და სამხრეთ კორეაში ამ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ჩინეთის შემთხვევაში შემთხვევათა 0,2% დასრულდა ტრაგიკულად.
- აშშ-ის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია 14,3%-ს დასჭირდა, ინტენსიური თერაპია - 2%-ს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,1%-ია.
შეჯამება: თუ თინეიჯერებს შევადარებთ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მაღალია. ფატალური დასასრულის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა არა - უმნიშვნელო.
საშუალო ასაკის პაციენტები (30-დან 49 წლამდე)
მნიშვნელოვანი სტატისტიკა ამ ასაკის პოპულაციის შესახებ:
- ესპანეთში, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 5 127 შემთხვევიდან 1 028 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში (20%), მათგან 55 - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (1,1%) და 12 ადამიანი დაიღუპა (0,2%)
- იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,3%-ია, ჩინეთში - 0,2%, სამხრეთ კორეაში - 0,1%
- CDC-ისთვის 20-დან 49 წლამდე პაციენტებს ერთ ჯგუფში აერთიანებს და ამ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 14,3%-ია, ინტენსიურ თერაპიას 2% მოითხოვს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 0,1%, თუმცა ჯგუფის შიგნით განსხვავებები ყურადსაღებია. 45-დან 54 წლამდე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 21,2%-ია, ინტენსიური თერაპიის - 5,4%, სიკვდილიანობა კი 0,5%-ს აღწევს.
ეს რიცხვები ზედმეტად აბსტრაქტული რომ არ იყოს, ჯეფრი გჰაზარიანის შემთხვევას მოგიყვებით. ლოს-ანჯელესში მცხოვრები 34 წლის ჯეფრი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა კორონავირუსით, ის 5 დღის განმავლობაში იყო შეერთებული სასუნთქ აპარატზე. მას წარსულში კიბო ჰქონდა გადატანილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ან დასუსტებული იმუნიტეტი აქვთ, ვირუსი რთულ ფორმებში უვითარდებათ.
შეჯამება: ამ ჯგუფის შემთხვევაში ხუთიდან ერთი შემთხვევა ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება 40-დან 50 წლამდე კატეგორიაში. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ესპანეთშიც. თუ 30-დან 39 წლამდე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 17%-ია, 40-დან 49 წლამდე რისკი 23%-ს აღწევს.
საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი ადამიანები (50-დან 69 წლამდე)
მნიშვნელოვანი სტატისტიკა:
- ესპანეთში 6 045 შემთხვევიდან 2 166 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია (36%), 221 გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (3,7%) და 83 ადამიანი გარდაიცვალა (1,4%).
- იტალიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემთხვევაში გარდაცვალების მაჩვენებელი 0,4%-დან 3,6%-მდე მერყეობს.
- 55 წლიდან 64 წლამდე ადამიანების შემთხვევაში, CDC-ის სტატისტიკით 20,5%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 4,7%-ს კი - ინტენსიური თერაპია. გარდაიცვალა 1,4%.
- 65-დან 74 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი შემდეგი მაჩვენებლებია: ჰოსპიტალიზაცია (28,6%), ინტენსიური თერაპია (8,1%) და გარდაცვალება (2,7%).
50 წელს ზემოთ გართულების რისკი მკვეთრად იზრდება არა მხოლოდ ასაკობრივი ფაქტორის გამო, არამედ იმის გამოც, რომ მეტი შანსია, ადამიანს უკვე ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. 55-დან 64 წლამდე ამერიკელების ნახევარს მაინც აქვს ერთი ქრონიკული დაავადება.
რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, იზრდება შანსი, რომ ჩვენი უჯრედები არასწორად "გადაკოპირდებიან", შესაბამისად უფრო გაიზრდება "შეცდომების რიცხვი", რის გამოც ჩვენმა ორგანოებმა შეიძლება ნორმალურად ფუნქციონირება შეწყვიტონ. ეს კი ხელს აძლევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა კიბო ან დიაბეტი. ისედაც შედარებით დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე, ეს დაავადებები სხეულს კიდევ უფრო ურთულებენ ინფექციასთან ბრძოლას.
შეჯამება: ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ასაკი, არამედ ასაკს დამატებული ერთი ან ორი ქრონიკული დაავადება. იტალიაში გარდაცვლილი 105 პაციენტიდან (4 მარტის მონაცემებია), ორ მესამედს სამი ან მეტი არსებული სამედიცინო პრობლემა ჰქონდა. ყველაზე ხშირი იყო მაღალი წნევა, რასაც მოსდევდა გულის დაავადებები და დიაბეტი. გარდა ამისა, ამ დაავადებების მკურნალობას ხშირად მოსდევს იმუნიტეტის დაქვეითება, რაც სხეულს პათოგენებთან ბრძოლაში დაუცველს ტოვებს.
ასაკოვანი ადამიანები (70 წლის და ზემოთ)
მნიშვნელოვანი სტატისტიკა ყველაზე მაღალი რისკჯგუფის შესახებ:
- ესპანეთში 6 152 შემთხვევას შორის 3 388 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში (55%), 199 - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (3,2%) და 705 ადამიანი გარდაიცვალა (11,4%).
- იტალიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემთხვევაში სიკვდილიანობა 6,2%-დან 20,2%-მდე მერყეობს.
- 75 წელს ზემოთ CDC-ის სტატისტიკა ასეთია: ჰოსპიტალიზაცია - 30,5%, ინტენსიური თერაპია - 10,5%, გარდაცვალება - 4,3%. 85 წელს ზემოთ კი სიტუაცია მკვეთრად უარესდება: 31,3% ხვდება საავადმყოფოში, 6,3% - ინტენსიურ მზრუნველობას საჭიროებს, 10,4%-ს სამწუხაროდ ექიმები ვერაფრით ეხმარებიან.
შეჯამება: მონაცემები ადასტურებს იმას, რაც ხალხის დიდმა ნაწილმა უკვე იცის: კორონავირუსი ყველაზე მეტად ასაკოვან ადამიანებს აზიანებს. რაც შეეხებათ დანარჩენ ადამიანებს, რისკი ნაკლებია, თუმცა არსებობს. არ უნდა გამოგვრჩეს ასაკს მიღმა არსებული რისკფაქტორები და, რაც მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ყველაზე დაუცველ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ.
კომენტარები