კორონავირუსის გამო ველოსიპედით გადაადგილება პოპულარული ხდება
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო შეშინებულია — გადაიდო მასშტაბური ღონისძიებები, დაიკეტა სასწავლო დაწესებულებები, კომპანიების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
ქვეყნებში, სადაც ვირუსი ფართოდაა გავრცელებული თავშეყრის ადგილებში ვირუსის გადაცემის შანსი მაღალია, გამონაკლისს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მოსახლეობა მეტროს ვაგონებისა და ავტობუსებისგან თავის არიდებას ცდილობს. მსგავს სიტუაციაში გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების ძებნაა საჭირო, ერთ-ერთ ვარიანტს კი ველოსიპედი — ყველაზე ჯანსაღი ტრანსპორტი წარმოადგენს.
ველოსიპედი გადაადგილების პოპულარული საშუალებაა, ბევრგან კი მისი გაზიარების პროგრამებიც კი არსებობს. გამონაკლისს არც ნიუ-იორკი წარმოადგენს, სადაც მსგავსი პროგრამა 2013 წლიდან საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ქალაქში კორონავირუსი გავრცელდა, მისი მოხმარების სიხშირე საგრძნობლად გაიზარდა.
ამის მიზეზი ისაა, რომ ველოსიპედით მგზავრობისას მეტნაკლებად იზოლირებული ხარ და სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტი ნაკლებად გიწევს, შესაბამისად ვირუსის გადაცემის შანსებიც დაბალია, ამას გარდა, იგი გადაადგილების იაფი, უსაფრთხო და ჯანსაღი მეთოდია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საჯარო ველოსიპედების გამოყენებისას გარკვეული საფრთხეც არსებობს. მაგალითად, თუკი მას თქვენამდე დაინფიცირებული ადამიანი იყენებდა, შესაძლოა, ვირუსი თქვენს ორგანიზმსაც მოედოს. მაგრამ თუკი საჭეებს დავამუშავებთ ან ერთჯერად ხელთათმანს გამოვიყენებთ, აღნიშნულ პროცესს ხელს შევუშლით.
ველოსიპედის ხშირი მოხმარება სასარგებლო მხოლოდ პანდემიის დროს არ არის. მისი რეგულარული გამოყენება იმუნიტეტის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით იგი კიბოსა და გულის დაავადებების შანსებს 45%-ით ამცირებს. მკვლევარები ასევე მიიჩნევენ, რომ ველოსიპედის ტარება ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც ეხმარება.
რა თქმა უნდა, უკეთესია თუ სახლში დარჩებით და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად მოერიდებით, თუმცა, თუ გარეთ გასვლა მაინც მოგიწევთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აივანზე მივიწყებულ ველოსიპედს შორის არჩევანის საშუალება გაქვთ, დიდი ალბათობით უმჯობესია, რომ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთოთ.
კომენტარები