გრენლანდიის ყინული მზარდი სისწრაფით დნება
გრენლანდიის ყინული 1990-იან წლებთან შედარებით შვიდჯერ სწრაფად დნება — ეს შეფასება იმ პოლარული მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფს ეკუთვნის, რომელმაც ხელოვნური თანამგზავრების მიერ 26 წლის განმავლობაში მოპოვებული მასალა დაამუშავა.
მათი თქმით, გრენლანდიის წვლილი ზღვის დონის აწევაში იმ ნიშნულს გაუტოლდა, რომელიც ადრე მომავლის პესიმისტურ პროგნოზად მოიაზრებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საუკუნის ბოლომდე მარტო გრენლანდიამ შეიძლება კიდევ შვიდი სანტიმეტრით აწიოს ზღვის დონე. ეს კი დაბალ სანაპირო რეგიონებში მაცხოვრებელ ბევრ მილიონ ადამიანს დატბორვის რისკის ქვეშ აყენებს. დღეს დაახლოებით მილიარდი მოსახლეა, რომლის საცხოვრებელიც ათი მეტრითაც არ აღემატება ამჟამინდელი მაღალი მოქცევის ზღვარს. მათ შორის 250 მილიონი ადამიანი კი ამ ზღვარიდან მხოლოდ ერთ მეტრზე მაღლა ცხოვრობს.
"თუკი შუა ოკეანეებში წარმოქმნილი ქარიშხლები ზღვების საწყის ხაზებს გადალახავენ, წყალდიდობებისგან დამცავი ინფრასტრუქტურა ჩამოინგრევა", — ამბობს ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორი, ენდი შეფერდი, — "მარტივი ფორმულის მიხედვით, პლანეტის მასშტაბით წყლის ყოველ აწეულ სანტიმეტრს მოჰყვება ის, რომ დამატებით ექვსი მილიონი ადამიანი ხვდება დატბორვის საშიშროების ზონაში. ასე რომ, როცა გესმით, წყლის დონის თუნდაც ერთი სანტიმეტრით მომატების შესახებ, იცოდეთ, რომ ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგები".
ბრიტანელი მეცნიერი მყინვარული საფარის მასის ბალანსის ურთიერთშედარებითი კვლევის, Imbie-ის წამყვან მკვლევართაგანია. Imbie 50 საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე 89 პოლარული ექსპერტისგან შემდგარი კონსორციუმია. ამ ჯგუფმა ერთბაშად გააანალიზა 11 ხელოვნური თანამგზავრის მიერ 1992-2018 წლებში განხორციელებული მისიების მიერ შეგროვებული მონაცემები.
ეს სატელიტები განმეორებითად ზომავდნენ ყინულის ფენის სისქის, დინებისა და გრავიტაციულ ცვლილებებს. Imbie-ს ჯგუფმა თავისი დაკვირვებები ამინდისა და კლიმატის უკანასკნელ მოდელებთან გააერთიანა. შედეგად მივიღეთ ყველაზე სრული სურათი იმისა, თუ როგორ რეაგირებს გრენლანდია არქტიკაში მიმდინარე სწრაფ დათბობაზე. ეს არის მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც უკანასკნელ ათწლეულში ტემპერატურამ 0.75 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა.
Imbie-ს დასკვნა აჩვენებს, რომ კვლევის დაწყებიდან დღემდე კუნძულმა დაკარგა 3.8 ტრილიონი ტონა ყინული. ეს ზღვის დონის 10.6 მილიმეტრით მომატების ტოლფასია. უფრო მეტიც, ჯგუფმა მონაცემებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი სულ უფრო ჩქარდება. მაშინ, როდესაც ადრეულ 90-იან წლებში დანაკარგის სიდიდე ყოველ ათწლეულში ერთ მილიმეტრს უდრიდა, დღეს ის დაახლოებით შვიდ მილიმეტრს გაუტოლდა.
"გრენლანდია ორი გზით კარგავს ყინულს, — ამბობს Imbie-ს ერთ-ერთი მეცნიერი და დანიური მეტეოროლოგიური ინსტიტუტის წევრი, რუთ მოტრამი, — "პირველი ზედაპირული დნობაა, რის შედეგადაც წყალი ოკეანეში ჩაედინება; მეორე კი მაშინ ხდება, როცა აისბერგს ნაწილი სწყდება და ყინული იმ ადგილებში იწყებს დნობას, რომელიც ოკეანის წყალს უშუალოდ ეხება. ზღვის დონის მატებაში ორივე პროცესის გრძელვადიანი წვლილი დაახლოებით ტოლია".
ახლა უკვე ყოველწლიურად გრენლანდია საშუალოდ 250 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს. თუმცა გასული წელი გამორჩეულად თბილი აღმოჩნდა. სანაპირო ქალაქ ილულისატში, არც თუ ისე შორს იმ ადგილისგან, სადაც იაკობშავნის მყინვარი ოკეანეს უერთდება, ტემპერატურამ 20 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მყინვარული საფარის შიგა ნაწილშიც კი, მის უმაღლეს წერტილში ტემპერატურა დაახლოებით ნულს გაუტოლდა. "ყინულის დანაკარგი 2019 წელს 370 მილიარდ ტონაზე მეტი იყო", — ამბობს დოქტორი მოტრამი.
ჯერ კიდევ 2013 წელს კლიმატის ცვლილებების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, (IPCC) — ავტორიტეტულმა ორგანომ, რომელიც კლიმატის შესახებ არსებულ ყველა მეცნიერებას აერთიანებს, მოგვცა მიახლოებითი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2100 წლისთვის ზღვის დონე 60 სანტიმეტრით მოიმატებდა, რაც ყინულის დნობისა და დამთბარი წყლის მოცულობის ზრდის შედეგი იქნებოდა.
მაგრამ როცა Imbie-მ 2018 წელს ანტარქტიდის შესახებ თავისი თანმდევი მიმოხილვა გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ თეთრი კონტინენტის წვლილი 2100 წლისთვის ზღვის დონის მატებაში ზედმეტად ოპტიმისტურად იყო შეფასებული. Imbie-ის თქმით, განახლებული მონაცემებით, მხოლოდ გრენლანდია შვიდი სანტიმეტრის მომატებაზე იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად, IPCC-ს მოუწევს ამ სიახლეების გათვალისწინება, როცა ორ წელიწადში დედამიწის კლიმატის შესახებ მოხსენებას, AR6-ს გამოაქვეყნებს.
დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რენე ფორსბერგი, ამბობს, რომ Imbie-ის კვლევები ხაზს უსვამს ხელოვნური თანამგზავრების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი იმ სატელიტებისას, რომლებიც გრენლანდიის ზედაპირს ჩრდილოეთ განედის 83 გრადუსზე მაღლა აკვირდებიან. ამის გაკეთება ამჟამინდელი მთლიანი კოსმოსური ფლოტის მხოლოდ ორ ობიექტს შეუძლია და აქედან ერთ-ერთი უკვე გათვალისწინებულ პერიოდზე მეტი ხანია, რაც ფუნქციონირებს.
"იმ ცვლილებების უმეტესობა, რომლებიც გრენლანდიაში შევნიშნეთ, ეხება მის სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, მაგრამ ეს პროცესი ნელ-ნელა დაიძრა ჩრდილოეთისკენ. ასე რომ, კი, ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამის შემდეგმა სატელიტმა უფრო ზედა განედების დაკვირვება უნდა მოახერხოს და ეს უკვე განიხილება ევროკავშირისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ", — უთხრა პროფესორმა ფორსბერგმა BBC-ის.
ახალი თანამგზავრული სისტემა, რომელიც დღეისთვის Crystal-ად მოიხსენიება და გაფრენის შემთხვევაში Sentinel დაერქმევა, იქნება რადარული ალტიმეტრი, რომელიც გრენლანდიის ფორმის ცვლილებას გაზომავს.
კომენტარები