NASA-ს ლეგენდარული მათემატიკოსი კატერინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა
NASA-მ მათემატიკოსის გარდაცვალების შესახებ Twitter-ზე დაწერა. კოსმოსურმა სააგენტომ აღნიშნა, რომ "რასობრივი და სოციალური ბრიერების გარღვევა" ჯონსონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა.
აფრიკული წარმომავლობის ამერიკელი მეცნიერი, კატერინ ჯონსონი NASA-ს ადრეული კოსმოსური მისიების წარმოებაში ეხმარებოდა.
2016 წელს, მასზე და ნასას რამდენიმე აფრო-ამერიკელ ქალ თანამშრომელზე მხატვრული ფილმი Hidden Figures გადაიღეს, რომელიც ოსკარზეც იყო ნომინირებული.
მეცნიერი NASA-ს ხომალდებისთვის ორბიტალურ ტრაექტორიის გათვლებს აწარმოებდა. 1962 წელს ასტრონავტი ჯონ გლენი დედამიწის ორბიტაზე სწორედ მისი დახმარებით აღმოჩნდა. ჯონ გლენმა ტრაექტორიის დადასტურება ჯონსონს პირადად სთხოვა. გლენის თქმით, მისი დამოწმების გარეშე ის კოსმოსში არ იფრენდა.
ორბიტაზე ალან შეპარდის გაშვებაც ჯონსონის დამსახურებაა.
ალან შეპარდი პირველი ამერიკელი ასტრონავტი იყო, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე იმოგზაურა. ჯონსონი Apollo 11-ის მთვარის მისიის ფრენის ტრაექტორიის გამოანგარიშებაშიც მონაწილეობდა.
"ჯონსონი ჩვენს ქვეყანას კოსმოსური მოგზაურობის განვითარებაში დაეხმარა და ამასთანავე, მან კოსმოსურ კვლევაში ინტეგრაციას შეუწყო ხელი" — ამბობს ნასას ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენშტაინი.
ჯონსონმა 2015 წელს თავისი შრომისთვის აშშ-ის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი მიიღო.
როგორც ჩანს მეცნიერი მათემატიკით ბავშვობიდანვე დაინტერესდა:
"ყველაფერს ვითვლიდი. ვითვლიდი ეკლესიის კიბის საფეხურებს, ჭურჭელს, რომელიც გასარეცხი იყო, რისი დათვლაც შეიძლებოდა, ყველაფერს ვანგარიშობდი", — ამბობდა ჯონსონი. მან უნივერსიტეტი მხოლოდ 18 წლის ასაკში დაამთავრა და მალევე მათემატიკის მასწავლებელიც გახდა.
1953 წელს მან NASA-ს წინამორბედ სააგენტოში, NACA-ში დაიწყო მუშაობა, სადაც ის "გამოანმგარიშებლის" პოზიციაზე მუშაობდა.
კომენტარები