მკვლევრებმა ნეანდერტალელის ჩონჩხი იპოვეს — პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულში
მკვლევრებმა ნეანდერტალელის ჩონჩხი ერაყში, შანიდარის გამოქვაბულში იპოვეს. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თითქმის ყველა ძვალი თავის ადგილზეა შენახული. ხშირად, ჩონჩხი განამარხებისას ზიანდება, ძვლების ნაწილი კი იკარგება ხოლმე.
ახალადაღმოჩენილი ნამარხის ადგილს, შანიდარის გამოქვაბულს არქეოლოგიაში საინტერესო ისტორია აქვს. ამ ტერიტორიაზე ნეანდერტალელის ძვლები მანამდეც აღმოუჩენიათ.
1950-1960 წლებში ჩატარებული გათხრებისას არქეოლოგებმა ერთმანეთთან ახლოს ჩამწკრივებული სასაფლაოები აღმოაჩინეს. სამარხებში კი, დამარხული ნეანდერტალელების ძვლებთან ყვავილის მტვერი იპოვეს.
იმდროინდელი ექსპედიციის წამყვანი მკვლევარის, რალფ სოლეკის თქმით, სამარხში აღმოჩენილი ყვავილის მტვერი იმაზე მიანიშნებს, რომ მიცვალებულ ნეანდერტალელებს საფლავში ყვავილებს ატანდნენ.
სოლეკის მიგნებამ დიდი დებატი გამოიწვია. მიიჩნეოდა, რომ ნეანდერტალელებს მსგავსი ქცევის განსახორციელებლად საკმარისი გონებრივი მონაცემები არ გააჩნდათ, დამარხვის რიტუალის არსებობა კი განვითარებულ კულტურაზე მეტყველებდა.
ბევრი მკვლევარი, მათ შორის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ემა პომეროი მიიჩნევს, რომ ნეანდერტალელების "კულტურაზე" გაკეთებული დასკვნები ალბათ არასწორია, იმიტომ, რომ თავდაპირველი კვლევის ჩატარების დროს, არქეოლოგიებს ლიმიტირებული შესაძლებლობები და ხელსაწყოები ჰქონდათ.
არქეოლოგების აზრით, ნამარხის თავისებურებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აღმოჩენილი ნეანდერტალი გამიზნულად იყო დამარხული, რაც უფრო მეტად ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ნეანდერტალელებს კულტურული რიტუალები ჰქონდათ.
ნეანდერტალელის ჩონჩხი დროებით კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ლაბორატორიაში გაგზავნეს, სადაც მეცნიერები სამომავლო კვლევებისთვის ჩონჩხის 3D რეკონსტრუქციას გააკეთებენ.
კომენტარები