ჯეფ ბეზოსი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს
ამაზონის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ის კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად "ბეზოსის დედამიწის ფონდს" აარსებს, საიდანაც ამავე მიზნისთვის 10 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს.
ფონდის შესახებ ინფორმაცია მან ინსტაგრამზე გაავრცელა.
მისი თქმით, თანხა იმ მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოხმარდება, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ებრძვიან. გრანტების გაცემა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როგორ და როდის დაიწყება თანხების მოსაპოვებლად განცხადებების მიღება.
ფონდთან დაახლოებულმა ადამიანმა The Verge-ს განუცხადა, რომ თანხა კერძო სექტორში ინვესტიციებს არ მოხმარდება და ფონდი სრულად ქველმოქმედებაზე იქნება ორიენტირებული.
სხვა მილიარდელებისგან განსხვავებით, ბეზოსი ქველმოქმედებით დიდად დაკავებული აქამდე არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს მის მიერ წამოწყებულ პროექტს ღარიბ დასახლებებში უფასო ბაღების მშენებლობის შესახებ. ბეზოსმა 2017 წელს ტვიტერზე ქველმოქმედებისთვის იდეების მისაღებად გამოკითხვაც ჩაატარა.
ბეზოსის საერთო ქონება ჯამში 130 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ათი მილიარდის ქველმოქმედებისთვის მოხმარება მისი ქონებისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება.
კომენტარები