რეაქტიული ზურგჩანთები და მფრინავი მანქანები — დაპირებული მომავალი არსად ჩანს
თვითმმართვად ავტომობილებს, რეაქტიულ ზურგჩანთებსა და მფრინავ მანქანებს სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობებში ხშირად შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ათწლეულებია მათ შექმნას ცდილობენ, რეალურ ცხოვრებაში ჩამოთვლილი ტექნოლოგიების ზუსტი პროტოტიპები კვლავ არ არსებობს. აქამდე შექმნილ მოდელებს კი უამრავი ნაკლი აქვთ. Popular Science-ის 1924 წლის ნომერში შეხვდებით ვარაუდს იმის შესახებ, რომ 1944 წლისთვის მფრინავი ავტომობილები უკვე ხელმისაწვდომი იქნებოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, 2020 წელია, ჩვენ კი ძირითადად კვლავ 4 ბორბალზე მოძრავი ტრანსპორტით გადავაადგილდებით.
მფრინავი მანქანები
საცობებით გამოწვეული დისკომფორტისთვის თავის ასარიდებლად მფრინავი მანქანები შესანიშნავი გამოსავალია, თუმცა ავტომობილის აფრენას, თანაც უსაფრთხოდ და ზედმეტი ხმაურის გარეშე, შესაბამისი სიძლიერის ძრავები სჭირდება.
ამავდროულად, მანქანა მოძრაობისას იმდენად მსუბუქი უნდა იყოს, რომ გზატკეცილზე დაშვება უპრობლემოდ შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპები ჭკვიან საფრენ სისტემებს წარმატებით ქმნიან, მანქანა, რომელიც ავტომობილისა და თვითმფრინავის თვისებებს ერთდროულად შეითავსებს, ჯერ არ შექმნილა, თუმცა მცდელობები მრავლადაა.
სილიკონის ველზე ერთ-ერთმა კომპანიამ ერთადგილიანი მფრინავი მანქანა უკვე დაამზადა, თუმცა მას ბორბლები არ აქვს. შესაბამისად, ის პერსონალური ვერტმფრენი უფროა, ვიდრე მფრინავი ავტომობილი. ერთ-ერთმა სტარტაპმა კი ორადგილიანი, დასაკეცი ფრთებით აღჭურვილი მანქანა ააგო. იგი ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, დაახლოებით 650 კილომეტრს ფარავს. თუმცა, მანქანას ერთი პრობლემა აქვს — დასაშვებად სპეციალური ბილიკია საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ მფრინავი მანქანების მასიური წარმოება არ მიმდინარეობს, მის კონცეფციებსა და პროტოტიპებზე ინჟინრები უკვე დიდი ხანია მუშაობენ.
1949 წელს მილტონ ტელორის მიერ შექმნილი ავტომობილი ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) უსაფრთხოდ გამოაცხადა, თუმცა ამ შემთხვევაში ფრენის დაწყებამდე მძღოლს პროპელერისა და ფრთების ავტომობილზე მიმაგრება უწევდა, შესაბამისად მოდელი გაყიდვაში არ ჩაშვებულა. 2000 წლის მარტში პოლ მოლერის M400 Skycar გამოჩნდა. მანქანა ერთადგილიანი იყო და ოთხი პროპელერი ჰქონდა, თუმცა იგი ჯერ კიდევ არ დაშვებულა. 2018 წლის Uber Air-ის პროტოტიპი ჰაერში წარმატებით გადაადგილდება და არც დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონია, თუმცა მანქანების გასაშვებად ქალაქში სპეციალურად გამოყოფილი ზონებია საჭირო.
რეაქტიული ზურგჩანთები
Popular Science-ის 1958 წლის სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ადამიანების ოცნება, იფრინონ ჩიტებივით, განხორციელებასთან საკმაოდ ახლოს იყო. სამი ათწლეულის შემდეგ პილოტმა უილიამ სუიტორმა 1984 წელს ლოს-ანჯელესში გამართული ოლიმპიური თამაშების გახსნითი ცერემონიის დროს რეაქტიული ზურგჩანთა გამოსცადა. მან ფრენა 20 წამის განმავლობაში შეძლო. მისი მოდელი საწვავად წყალბადის ზეჟანგს იყენებდა. თუმცა ხანგრძლივი ფრენისთვის ეს საწვავი გამოუსადეგარია.
დღევანდელი რეაქტიული ზურგჩანთებისთვის ნავთი და დიზელი გამოიყენება, რაც ბევრად ეფექტურია და ისინი 10-დან 20 წუთამდე ფრენას უზრუნველყოფენ. თუმცა, თანამედროვე პროტოტიპები ჯერ კიდევ დასახვეწია — ზურგჩანთები ხმაურიანი და მძიმეა. საკმაოდ რთული პროცესია აფრენაც და ის ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.
1958 წელს აშშ-ს არმიამ მუშაობა საფრენ პროტოტიპზე დაიწყო. მათი მოდელი აზოტის ხუთი ავზის გამოყენებით მხოლოდ ერთი წუთი დაფრინავდა. 2009 წელს კი რეიმონდ ლი პირველი იყო, ვინც წყალზე მომუშავე მოდელი შემოგვთავაზა, თუმცა იგი წარმატებული არ აღმოჩნდა.
თვითმმართვადი ავტომობილები
2018 წლის დასაწყისში ნელ-ნელა თითქოს მყარდებოდა მოსაზრება, რომ თვითმმართვადი მანქანები გზებზე გამოსასვლელად მზად იყვნენ. შემდეგ, თვითმმართვადი მანქანის ავტოკატასტროფას არიზონაში მსხვერპლი მოჰყვა და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ მზად არ იყო.
თვითმმართვადი ავტომობილი მთლიანად ტექნოლოგიურ კომპლექტზეა დამოკიდებული. GPS მას საუკეთესო მარშრუტს სთავაზობს, რამდენიმე ტიპის სენსორი — რადარი, ლიდარი და კამერები დაბრკოლებებს ადევნებენ თვალყურს. ხელოვნური ინტელექტი კი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს. ავტომობილს სხვადასხვა სიტუაციაში წარმოქმნილ ყველა შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად უამრავი დრო სჭირდებათ. ამ დროის შემცირება შესაძლებელი პროტოტიპების გზებზე გაყვანით ხდება, თუმცა ინციდენტის შემდეგ ეს პროცესი შეიზღუდა.
გარკვეულ შემთხვევებში მანქანები ავტომატურად გადაადგილებას ახერხებენ, მაგალითად, სწორ გზაზე ან სხვა, შედარებით მარტივ პირობებში, თუმცა ისეთ თვითმმართვად ავტომობილებზე მუშაობა, რომლებიც წვიმაში, ბურუსსა და თოვლში გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ დიდი ალბათობით კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.
კომენტარები