ეს ვირტუალური ბატი თქვენს კომპიუტერს თავდაყირა დააყენებს
რა მოხდება, თუ თქვენს კომპიუტერს თავს ვირტუალური ბატი დაესხმება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა 18 წლის სემ ჩიეტმა გადაწყვიტა. მისი შექმნილი აპლიკაცია ეკრანზე ვირტუალურ, საოცრად გამაღიზიანებელ თეთრ ბატს აჩენს, რომელიც თქვენ კომპიუტერს სრულ ქაოსში აგდებს.
ბატი ეკრანზე ხმაურიანად დარბის და შიგადაშიგ მიმებს გაჩვენებთ. მის შეჩერებას თუ ეცდებით, ის თქვენს კონტროლერს ეუფლება და არაფრის გაკეთების საშუალებას არ გაძლევთ.
ვირტუალური ბატი ძალიან გავს ადრეული 2000-იანების ერას, როდესაც ანიმირებული ასისტენტები დახმარების ნაცვლად ხელს გიშლიდნენ. ვირტუალურ ბატს თუ თავის ნებაზე მიუშვებთ და 30 წუთი არ გამორთავთ, ის ნოუთპედის უამრავ ფანჯარას გახსნის და თქვენს ეკრანს ნელ-ნელა მიმებით გაავსებს.
ბატის მოდიფიცირება თქვენითაც შეგიძლიათ, რის შემდეგაც ის უკვე თქვენთვის სასურველი მოქმედებებითა და ფოტოებით შეგაწუხებთ.
"მე ძალიან მიყვარს სასაცილო, უაზრო რამეები და ვიმედოვნებ, რომ ეს [ბატის აპლიკაცია] სწორედ ასეთი რამაა", — ამბობს ჩილეტი, რომელმაც აპლიკაცია სულ რამდენიმე დღეში შექმნა.
ჩილეტის შთაგონება პერსონალური კომპიუტერების ადრეული ეპოქა და ვირტუალური ასისტენტები იყო. მაგალითად, გაიხსენეთ Word-ის ასისტენტი — Clippy.
ჩილეტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე აპლიკაციები, წინამორბედებთან შედარებით ბევრად მოხერხებულია, ის თვლის, რომ ასისტენტ Clippy-ს და ძველ პროგრამებს გარკვეული ხიბლი ჰქონდა.
ვირტუალური ბატის აპლიკაცია მომენტალურად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი Twitch-ზე. აპლიკაციის პოპულარობასთან ერთად გაჩნდა მთელი ონლაინ საზოგადოება, რომელიც ახალ მოდებს და პაკეტებს ქმნის, რომლითაც ბატის მოდიფიცირება შეიძლება.
"წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს აპლიკაცია ამხელა მასშტაბის გახდებოდა", — ამბობს ჩიეტი.
ვირტუალური ბატის აპლიკაციის გადმოწერა თქვენც შეგიძლიათ.
კომენტარები