როგორ შეიძლება რუსეთის დელეგაციის მასპინძლობის დილემის გადაჭრა
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. თუმცა, ამ დრომდე ხელისუფლება მხოლოდ რუსეთის დელეგაციის მასპინძლობის საკითხს განიხილავს. მინისტერიალის თბილისში არ ჩატარებაზე კი ჯერ არ საუბრობენ.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე საქართველო ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის მასპინძლობას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა. მისივე თქმით, თუ საჭირო იქნება, "ქართული სტუმართმოყვარეობისა" და საერთაშორისო ნორმების გამო ქვეყნის ეროვნულ კანონსაც კი "აუვლიან გვერდს".
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ "ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის". როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია. ხელისუფლების წევრებს არც იმაზე უსაუბრიათ, რამდენად გაითვალისწინეს ქვეყანაში არსებული კონტექსტი, როცა მინისტერიალის თბილისში გამართვას დათანხმდნენ და არც ის უთქვამთ, ხომ არ განხილულა მინისტერიალისთვის სხვა ლოკაცია.
თუმცა, ფაქტია, რომ ლათინურ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა იმ სახით, რის მიხედვითაც საქართველოს თავმჯდომარეობა ერგო, დიდი ხანია არსებობს. მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვისაც დიდი ხანია ქვეყანა ემზადებოდა, დიდი ხანია არც რუსეთთან მიმართებით "დამთბარა" საზოგადოების განწყობები. ამიტომ, ხელისუფლებისთვის არც არსებული კონტექსტი ყოფილა ახალი და არც ის დილემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდებოდა. თუ გავითვალიოსწინებთ იმასაც, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რუსი დეპუტატის ვიზიტი, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მოვლენა იყო, გამოცდილებებზე, ალბათ, ხელისუფლებასაც უნდა ესწავლა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს და ამას გავრილოვის ვიზიტის თანმხლები მოვლენებიც მოწმობს, რუსეთის დელეგაციას საქართველოში "მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს". კოლეგის ქართული გამოცდილება ჯერ არც რუსეთის წარმომადგენლებს დავიწყებიათ. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო ტრიბუნიდან გაჟღერებული პრეზიდენტის განცხადება არ კმარა და რუსეთში ქართული მხარისგან "ბოდიშს" ჯერ კიდევ ელიან. თავად გავრილოვმა კი პრეზიდენტის მზაობაში რუსეთის წარმომადგენლების ქვეყანაში მისაღებად, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო და დიპლომატიური ურთიერთობების პერსპექტივა დაინახა.
საქართველოში კი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, ჩამოვა თუ არა თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან კოორდინაციაშია.
მინისტერიალთან დაკავშირებით "სპეკულაციებისგან" თავის შეკავების მოწოდებით გამოდის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის თანამდებობიდან გადადგდგომაც სწორედ რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებით მიიღებენ.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ამბობს, რომ შესაძლოა საზოგაოდება რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას "მიუღებლობით შეხვდეს", მაგრამ მათი მასპინძლობა ქვეყნისთვის "შანსია". მარგველაშვილის თქმით, რუსეთის წარმომადგენლების მიუღებლობით შეიძლება ის ევროპელი პარტნიორები "გავაბრაზოთ", ვინც არაღიარების პოლიტიკას აძლიერებენ.
"არ შემოშვებით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენება, რომ ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა და გიწევთ ანგარიშს და გაჩვენებთ ჩვენთვის ეს რამდენად მიუღებელია, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი", — განაცხადა მარგველაშვილმა პოლიტიკის ფორმულაში სოფო ზურაბიანთან ინტერვიუში.
უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, ნინო გოგუაძე, რომელიც ევროპის საბჭოს დელეგაციაშიც იყო, ქვეყანაში ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ფიქრობს, რომ მინისტერიალის საქართველოში ჩატარებაზე დაფიქრდებოდა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ ღონისძიებას უმასპინძლოს, მაშინ რისკებიც უნდა გაითვალისწინოს. როგორც გოგუაძე ამბობს, ქვეყანამ ოკუპაციის შესახებ კანონის აღსრულებისას პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს.
"როდესაც თავმჯდომარე ქვეყანა ხარ, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ შენს ქვეყანაში უმასპინძლო, მაგრამ ჩვენ რომ განვიხილოთ მინისტერიალის ჩასატარებლად სხვა ლოკაციები, როდესაც ჩვენ ასეთი გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს, ვფიქრობ, ევროპელი კოლეგებისათვის ეს ძალიან კარგად ახსნადი იქნება... ოკუპაციის შესახებ კანონსაც ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ მაგ მხრივ აქვს, რომ ის ადამიანები არ მოხვდნენ ქვეყანაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს კანონის დარღვევით გადაკვეთენ. თუ ჩვენ ამაზეც უარს ვიტყვით და ყოველ ჯერზე უგულებელვყოფდით ამ ნორმებს, ამ კანონის არსებობას აზრიც აღარ ექნებოდა", — აცხადებს ნინო გოგუაძე.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, სერგი კაპანაძესაც მიაჩნია, რომ შესაძლოა "გამოსავალი" ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარება იყოს. თუმცა მისი აზრით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს.
"სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს ქვეყნის კანონს. თუ ვინმეს კანონი აქვს დარღვეული, უნდა მოექცეს იმ სანქციების ქვეშ რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. თბილისში ჩატარებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და სტრასბურგში ჩატარებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში კანონი უნდა იყოს დაცული. თუ ვინმე არღვევს, მას უნდა მოეთხოვოს შესაბამისად", — აცხადებს სერგი კაპანაძე.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძეც იმ ადამიანების რიცხვშია, რომლისთვისაც რუსეთის დელგაციის და კერძოდ, სერგეი ლავროვის ჩამოსვლა მიუღებელია. ის ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნის რისკს ხედავს. მისი თქმით, გავრილოვი ლავროვთან შედარებით "პაიკია", რადგან ლავროვი პუტინის რეჟიმის საგარეო სახეა და იმ ქვეყნის მინისტრია, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი გვაქვს.
"გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება. მის ჩამოსვლაზე ნებართვის გაცემა იქნება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი მორჩილების კიდევ ერთხელ დადასტურება და დაღუპული ქართველი მეომრების სულების შეურაცხყოფა. წარმოვიდგინოთ, რომ მინისტერიალი ტარდება უკრაინაში. გაუჩნდებოდა სურვილი ლავროვს იქ ჩასვლის? აქ უნდა, რადგან სჯერა, რომ "მოსამზადებელი სამუშაოები" უკვე გაწეულია, რომ "პირობები მომწიფდა".
არგუმენტი, რომ პატივი უნდა ვცეთ ევროსაბჭოს და როგორც მასპინძელმა ქვეყანამ შევასრულოთ ვალდებულებები, არის დემაგოგია. ყველამ კარგად იცის რა მოვლენასთან გვაქვს საქმე", — აცხადებს რომან გოცირიძე.
კომენტარები