მენოპაუზის დროს მდედრები სიცოცხლის დასრულებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე რეპროდუქციის უნარს კარგავენ. ეს მოვლენა საკმაოდ საინტერესოა და ის ბევრ კითხვასაც ბადებს.

რატომ უნდა ყოფილიყო ინდივიდისთვის რეპროდუქციის შესაძლებლობის დაკარგვა ხელსაყრელი? ამ კითხვაზე ყველაზე გავრცელებული პასუხი შემდეგია — ბებიებს აქვთ უნარი, რომ საკუთარ შვილიშვილს გადარჩენაში დაეხმარონ. ცელნამგალა ვეშაპებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბებიები, რომლებმაც რეპროდუქციის უნარი დაკარგეს გაცილებით წარმატებულად ეხმარებიან შვილიშვილებს გადარჩენაში, ვიდრე ბებიები, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარ შვილებს უვლიან. გარდა ამისა, მენოპაუზის დახმარებით მცირდება პარტნიორისთვის კონკურენცია ბებიებსა და მათ შვილებს შორის.

ადამიანების მსგავსად, ცელნამგალა ვეშაპები სოციალურ ჯგუფებად ცხოვრობენ. ახალგაზრდა ვეშაპებს დედის რძის გარდა სხვა საკვების მიღებაც სჭირდებათ. ამ დროს ბებიების როლი მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ როგორც საკვების, ასევე ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების შვილიშვილებისთვის გაზიარება.

ფოტო: RON SANFORD

მკვლევართა ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ცელნამგალა ვეშაპების პოპულაციას. ისინი თვალყურს ადევნებდნენ ათასობით ინდივიდის ქცევას და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესს. აწარმოებდნენ ჩანაწერებს მათი დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ.

შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ბებიის როლი ვეშაპების სოციუმში მნიშვნელოვანია და გადარჩენის მაჩვენებელი იმ ვეშაპებისთვის, რომლებსაც ბებია არ ჰყავთ, მკვეთრად ნაკლებია.

მკვლევარების აზრით, ორაგულის პოპულაციის შემცირების გამო ცელნამგალა ვეშაპებთა ოჯახებისთვის ბებიები კიდევ უფრო საჭიროები ხდებიან, რადგან მათი ცოდნა და გამოცდილება ოჯახის ახალბედა წევრებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.