მუსიკალურ ბიზნესს რომ შესძლებოდა, მონაწილეობა მიეღო ათწლიან გამოწვევაში — სოციალურ მედიაში პოპულარულ ტრენდში, რომლის დროსაც ერთმანეთს ათწლეულის დასაწყისში და ათწლეულის ბოლოს გადაღებულ ფოტოებს ადარებენ — მაშინ 2009 წლის პრიალა ფოტოს ნამდვილად დაჯაბნიდა 2019 წლის მეტად იმპულსური და მრავალფეროვანი კადრი. ციფრულმა ერამ არა მხოლოდ დაუსრულებელი ფლეილისთებით მოგვამარაგა, მან შორეული სცენები და მრავალფეროვანი სტილებიც მეტად ხელმისაწვდომი გახადა. ეს ყველაფერი კი 2010-იანი წლების მუსიკალურ ტენდენციებზე პირდაპირ აისახა.

აფრიკელთა ხმა

დევიდომ თავისი მეორე სტუდიური ალბომი, A Good Time, 2019 წლის ნოემბერში გამოუშვა.

ფოტო: Getty

თანამედროვე აფრიკელი ვარსკვლავების დამსახურებული გლობალური აღიარება ამ ტენდენციის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. საერთაშორისო მუსიკაზე აფრიკის სასიცოცხლო გავლენასა და ყველა ჟანრთან ურთიერთქმედებას ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ ამ ათწლეულში ჰიმნური აფრიკული ჟღერადობა, აფრობიტი მეინსტრიმულ პოპ-ტერმინად პირველად დამკვიდრდა. ამ მხრივ გამორჩეულია ნიგერიელი ვარსკვლავი დევიდო, რომლის 2012 წლის სადებიუტო ალბომს ეწოდება Omo Baba Olowo, რაც იორუბას ენაზე "მდიდარი კაცის შვილს" ნიშნავს. ის, ასევე, ნიგერიაში ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული ანგარიშის მფლობელია, 14 მილიონი გამომწერით. ცალკე აღნიშვნის ღირსები არიან ვიზკიდი, მისტერ იზი და ბურნა ბოიც. მათი მუსიკალური სტილი, არსებითად, პან-აფრიკული გახლავთ, რომელიც ჰიპ-ჰოპის, განური ჰაილაიფის, სამხრეთაფრიკული კვაიტოს და ბევრი სხვა მიმდინარეობის ელემენტებითაა გაჯერებული.

ამასთან, ისეთი ამერიკელი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბიონსე, კანიე ვესტი და კენდრიკ ლამარი, მუსიკალური და ვიზუალური შთაგონების წყაროდ აფრიკელ შემსრულებლებს ხშირად იყენებენ. დისნეის მეფე ლომის 2019 წლის რიმეიქისთვის ჩაწერილ საუნდტრეკში ბიონსემ მრავალ აფრიკელ მუსიკოსთან ითანამშრომლა კიდეც, რომელთა რიცხვშიც იყვნენ ვიზკიდი, იზი, ტივა სევიჯი და ბუსისვა. ახალგაზრდა ბრიტანელი შემსრულებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც წარმოაჩინა შემოქმედებაში თავისი აფრიკული ფესვები, რაც მათ მუსიკაზე განური, გამბიური თუ ზიმბამბვეური კულტურის გავლენით გამოიხატა. ასეთ მუსიკოსთა შორის იყვნენ ლონდონელები ფიუზ ოდიჯი და მომღერალი, კომპოზიტორი და რეპერი ჯეი ჰუსი. ელეგანტურად თამამმა შინგაი შონივამ კი თავის 2019 წლის ალბომში, უძველესი მომავლები, ბანტუს მუსიკალური მემკვიდრეობა ახლებურად გააცოცხლა.

კორეული ტრენდი

კეი-პოპ ჯგუფი BTS ფორბსის 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ცნობილ ადამინებს შორის 43-ე ადგილზე მოხვდა.

ფოტო: Getty

ეს, ასევე, იყო ათწლეული, რომელშიც ადრეული ოთხმოცდაათიანი წლების კორეული პოპიდან განვითარებული კეი-პოპი გლობალურად და უკიდურესად პოპულარული გახდა. ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის მომღერალსა და რეპერს სეულიდან, PSY-ს და მის 2012 წლის ექსცენტრულ მეგაჰიტს Gangnam Style-ს. ეს სიმღერა გახდა პირველი ვიდეო იუთუბზე, რომელმაც მილიარდი ნახვა დააგროვა, ობამამ კი ის თეთრ სახლში გამართულ კონფერენციაზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, პაკ კინ ჰესთან გამართულ კონფერენციაზე ახსენა.

ალბათ გასაკვირი არაა, რომ PSY-მ ამხელა წარმატების გამეორება ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ, სულ მალე აგორდა კეი-პოპ შემსრულებლების ტალღა და მათ თავიანთი ზედმიწევნით დადგმული ქორეოგრაფიითა და ენერგიული მუსიკით მილიონობით ადამიანის გული დაიპყრეს. BTS გახდა პირველი კორეული ჯგუფი, რომელმაც 2018 წლის ალბომით, Love yourself: Tear, პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ს ბილბორდის ჩარტებში და ის სტადიონებსაც უპრობლემოდ ავსებს. გოგოების ჯგუფმა, Blackpink-მაც არანაკლებ წარმატებას მიაღწია. მათი იუთუბის გვერდს ყველაზე მეტი, 30 მილიონი გამომწერი ჰყავს. მათ ასევე ითანამშრომლეს ბრიტანელ ვარსკვლავ დუა ლიპასთან. კეი-პოპის სცენა საოცრად მასშტაბურია და ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ინგლისური ენა მეინსტრიმულ მუსიკაში უპირობო ლინგუა ფრანკას წარმოადგენს.

ლათინური პოპის სიყვარული

მიუხედავად ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობისა, როგორიცაა ბიონსე, კოლუმბიელი შემსრულებელი ჯეი ბალვინი ძირითადად ესპანურად მღერის იმ იმედით, რომ ესპანურენოვან მუსიკას მსოფლიო მასშტაბით გაავრცელებს.

ფოტო: Getty

ციფრულმა პლატფორმებმა ლათინური პოპის გაპოპულარულებაც გამოიწვია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პუერტო რიკოელი ლუის ფონსისა და დედი იანკის სიმღერა Despacito, რომელიც დღეისათვის კვლავ იუთუბის ყველაზე დიდ ჰიტად რჩება; მას ამჟამად 6.5 მილიარდი ნახვა აქვს. დიდმა ხმის ჩამწერმა სტუდიებმა, როგორც იქნა, დააფასეს ესპანურენოვანი მსმენელის ძალა. თუ ლათინური აუდიტორია აქამდე ალბომების ფიზიკური ასლების სუსტი შემსყიდველობით გამოირჩეოდა, ციფრულ ეპოქაში ის მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზრად იქცა. ბიონსემ და კონორ მეინარდმა ესპანურ-ინგლისური ტრეკები გამოუშვეს; დრეიკმა თავის შემოქმედებაში დომინიკური საცეკვაო რითმები შეაპარა; კოლუმბიელმა ჯეი ბალვინმა კი ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ბიონსე, ფარელი, One Direction-ის ლიამ პეინი და ბევრი სხვა.

ბილბორდის ცნობით, 2018 წელი უახლეს ისტორიაში ლათინური მუსიკისთვის ყველაზე წარმატებული იყო. ამ წელს ამერიკის Hot 100-ში 24 ესპანურენოვანი სიმღერა მოხვდა, მაშინ, როდესაც 2016 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ ოთხი იყო.

ცეკვავს ყველა

2019 წლის იანვარში მარშმელომ კონცერტი Fortnite Battle Royale-ის თამაშში გამართა.

ფოტო: Getty

კლუბურმა მუსიკამაც არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ელექტორნული საცეკვაო მუსიკა (EDM) მოიცავს თავბრუდამხვევი რაოდენობის სხვადასხვა სტილს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ასოცირდება დიდ ამერიკულ წარმოებასთან, რომელიც მნიშვნელოვნად ევროდენსის სტილებს ეფუძნება. საცეკვაო მუსიკა ყოველთვის ტრანსკონტინენტური იყო. ჰაუსი ამერიკაში წარმოიშვა, თუმცა იქამდე 30 წლით ადრე ბრიტანეთში რეივ-კულტურა შეიქმნა. ამ ყველაფრის მიუხედავად, EDM-მა ელექტრონული მუსიკა პირველად აქცია ჭეშმარიტად საერთაშორისო კომერციულ ძალად. ცნობილი ბრიტანელი დიჯეი-პროდიუსერები, მათ შორის კელვინ ჰარისი და პოლ ოკენფოლდი, ამერიკაში გადავიდნენ და ვეგასი რეივ-კულტურის ცენტრად იქცა. კანფეტისთავიანმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, მარშმელომ კი 2019 წლის იანვარში წვეულება ვირტუალურ სამყაროში მოაწყო, როცა თამაშშიდა კონცერტი Fortnite Battle Royale-ის შიგნით გამართა.

დასავლური ფოლკლორის ზეგავლენა

კეისი მასგრეივსმა 2019 წელს გრემიზე წლის ალბომის ჯილდო აიღო.

ფოტო: Getty

ამერიკულმა ქანთრი მუსიკამ და ამერიკანამაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე სამყაროში აქტუალობა არ დაუკარგავს. ეს ნაწილობრივ ტეილორ სვიფტის შემოქმედებაში ქანთრის ელემენტების სიჭარბითა და სატელევიზიო შოუ ნეშვილის წარმატებითაა განპირობებული. მაგრამ, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ახალბედა ვარსკვლავებიც, როგორიცაა კეისი მასგრეივსი, რომლის 2013 წლის სადებიუტო ალბომში, Same Trailer Different Park, სექსის, რწმენისა და თანამედროვე ცხოვრების შესახებ პროგრესულ ტექსტებს ქანთრი მელოდიების აკომპანირებით ვაწყდებით. ბრიტანელმა ქანთრის შემსრულებლებმა, დუეტებმა The Shires და Ward Thomas, საერთაშორისო მსმენლის ყურადღება მოიპოვეს. ნეშვილის ქანთრი მუსიკის ასოციაციის 2017 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთში ქანთრი მუსიკის მსმენელთა უდიდეს ნაწილს მილენიალები წარმოადგენენ.

ზედაპირზე ამოსული ანდერგრაუნდი

გლასტონბერის 2019 წლის ფესტივალის მთავარი შემსრულებელი, სტორმზი სცენაზე სტრიტ-არტისტის, ბენქსის მიერ შექმნილ ჯავშანჟილეტში გამოვიდა.

ფოტო: Getty

ეს იყო ათწლეული, როდესაც ჰიპ-ჰოპმა პოპულარობით როკი ჩაანაცვლა, როცა ის ამერიკის ყველაზე წარმატებული ჟანრი გახდა; ეს ის ერაც გახლდათ, რომელშიც ბრიტანული ანდერგრაუნდ მიმდინარეობის, გრაიმის ჟღერადობა მსოფლიოს შორეულ წერტილებში და მკაფიოდ გაისმა. 2015 წლის Brit Award-ზე კანიე გრაიმის ჟანრში მოღვაწე ვოკალისტების, სტორმზის, სკეპტასა და ნოველისტის თანხლებით გამოჩნდა. თუმცა ეს მუსიკოსები დამოუკიდებლადაც ახერხებდნენ საყოველთაო ყურადღების მიპყრობას, როგორც ეს სტორმზიმ 2018 წლის Brit Award-ზე და გლასტონბერის ფესტივალზეც დაამტკიცა.

ნაადრევად წასულები

მუსიკა ბოლო წლებში სულ უფრო თვითრეფლექსური ხდებოდა და ეს ზოგჯერ მტკივნეული დანაკარგების საპასუხო რეაქცია გახლდათ. საყვარელი მუსიკოსების — ავიჩის, Soundgarden-ის კრის კორნელის, Linking Park-ის ჩერტერ ბენინგტონის, The Prodigy-ს კეიტ ფლინტის და კეი-პოპ ვარსკვლავების კიმ ჯონ ჰიუნის, სოლისა და გუ ჰარას უდროო სიკვდილმა ინდუსტრიაში თავისთავად წამოჭრა ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორიც ფსიქიკური ჯანმრთელობა, ონლაინ შევიწროება და პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე წარმატების მავნე გავლენაა.


ამ ათწლეულის პოპ-მუსიკას სახელწოდება რომ ჰქონოდა, ეს აუცილებლად უსასრულო მიქსი იქნებოდა: ნაწილობრივ იმიტომ, რომ მიმდინარე ციფრულმა ეპოქამ გამოიწვია სიმღერების უამრავი ალტერნატიული ვერსიის შექმნა და მომღერლები თუ პროდიუსერები ერთმანეთისგან მელოდიებს დაუსრულებლად სესხულობდნენ; მაგრამ იმის გამოც, რომ მეინსტრიმულ მუსიკაში არნახული მრავალფეროვნება დამკვიდრდა. რა თქმა უნდა, პოპს ოდითგანვე ბევრი მართებს გეი კულტურისგან, თუმცა, როგორც იქნა, პოპის, როკის და რეპის ღიად LGBTQ ვარსკვლავებმაც მოიპოვეს მასობრივი წარმატება. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსები არიან ფრენკ ოუშენი, ჯანელ მონე, ტროი სივანი, ბრენდი კარლაილი, ლილ ნაზ ექსი, Years and Years-ის სოლისტი ოლი ალექსანდერი და ტრიო ლოს ანჯელესიდან, MUNA. ეპოქის სულს, ასევე, ლიზოს სხეულის ფორმაზე დაწესებული შემზღუდველი სტანდარტების გამაცამტვერბელი ჰიმნი, Juice-იც გამოხატავს.

მართლაც, რთულია, არ დაეთანხმო: 2010-იანების შემაჯამებელ საუნდტრეკს ფონად მრავალფეროვნების იდეა გასდევს.