მარსის როვერის, როზალინდ ფრანკლინის აწყობა დასრულებულია
მარსის როვერის აწყობა, რომელზეც ევროპული კოსმოსური სააგენტო და რუსული როსკოსმოსი დაახლოებით 2014 წლიდან მუშაობს, დასრულებულია. უშუალოდ როვერის აწყობას მხოლოდ 9 თვე დასჭირდა, თუმცა მისი ინსტრუმენტებისა და დიზაინის შექმნაზე მეცნიერები უკვე ათწლეულზე მეტია მუშაობენ.
როვერის აწყობის პროცესი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობდა, ახლა კი მას ტესტირებისთვის საფრანგეთში გაგზავნიან.
ინგლისელი მეცნიერის სახელის მატარებელი ექვსბორბლიანი როვერი მარსზე სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის. რობოტი სპეციალური ბურღით იქნება აღჭურვილი, რომელსაც ზედაპირიდან ორი მეტრის სიღრმემდე ჩასვლა და იქ შესაძლო მიკრობების (ცოცხალის, ან განამარხებულის) დაფიქსირება შეეძლება.
როვერის მარსზე გაშვება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. წითელ პლანეტაზე კი ის 2021 წელს მიაღწევს.
300-კილოიან როზალინდ ფრანკლინს მომავალ კვირას საფრანგეთში, ტულუზაში გაგზავნიან. საფრანგეთში როვერს სრულად შეამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის პლანეტათაშორის მოგზაურობასა და მარსის პირობებს უპრლობემოდ გაუძლებს.
აწყობის დასრულების მიუხედავად, კვლავ დარჩა სამი კომპონენტი, რომელიც როვერში ჯერ არ ჩამონტაჟებულა.ეს სამი რადიოიზოტოპური გამათბობელია, რომელიც როვერს მარსის ცივ პირობებში დაიცავს.
როვერისთვის რადიოიზოტოპური გამათბობლების მოწოდებაზე რუსეთია პასუხისმგებელი და მათ როვერში გაშვებამდე მცირე ხნით ადრე ჩაამონტაჟებენ.
აღსანიშნავია, რომ როვერის გაშვებამდე გარკვეული დაბრკოლებების გადაჭრაა საჭირო. თვის დასაწყისში როვერის პარაშუტის სისტემის ტესტირებამ წარუმატებლად ჩაიარა. ეს როვერის პარაშუტთან დაკავშირებული მეორე პრობლემური შემთხვევაა — 2019 წელს პარაშუტი შესამოწმებლად ორი გამოცდა ჩატარდა, პარაშუტი კი ორივე შემთხვევაში გაიხა.
ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ნასას მიმართა. ნასა 2004 წელს მარსის როვერების, Spirit-ისა და Opportunity-ს პარაშუტების ტესტირებისას მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა.
დამატებითი ცდების ჩატარება ნოემბერსა და თებერვალშია დაგეგმილი.
კომენტარები