რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად? — მითები და რეალობა
ერთი მითი, რომელიც არსებობას ალბათ არასდროს შეწყვეტს, ასე ჟღერს: თქვენ დღეში რვა ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.
ეს სიმართლეს უბრალოდ არ შეესაბამება.
მიუხედავად ამისა, ყოველ ზაფხულს ტელევიზორსა თუ ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით საუბარს იმის შესახებ, რომ დეჰიდრატაცია ყოველდღიური, მოსალოდნელი საფრთხეა. ეს მოსაზრებები კი თესავს შიშს იმის შესახებ, რომ სხვა მხრივ ჯანმრთელი მოზარდები და ბავშვები ყოველდღიურად დეჰიდრატაციის ზღვარზე იმყოფებიან.
ზოგი მიიჩნევს, რომ ამ მითის საწყისი 1945 წელს აშშ-ში საკვებისა და რაციონის შესახებ გამოქვეყნებული რეკომენდაციებია, რომლის მიხედვითაც ზრდასრულმა ადამიანმა დღეში დაახლოებით 2,5 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობამ ყურადღება არ მიაქცია, თუ როგორ გრძელდებოდა ეს წინადადება. რეკომენდაციებში ეწერა, რომ 2,5 ლიტრი წყალის დიდ ნაწილს ადამიანები საკვებიდან და სხვა პროდუქტებიდან ვიღებთ. წყალს უხვად ვხდებით ხილსა და ბოსტნეულში. წყალი შედის წვენში, ლუდში, ჩაისა და ყავშიც კი. არსებობს მოსაზრება, რომ ყავა ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, თუმცა კვლევები მიუთითებს, რომ ყავის ზომიერად მიღება დეჰიდრატაციასთან ასოცირებული არ არის.
რა თქმა უნდა, სუფთა წყალი ერთ-ერთი საუკეთესო სითხეა, რომლის დალევაც შეგიძლიათ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ის თქვენთვის ჰიდრატაციის ერთადერთი წყარო არ არის. არც ისაა აუცილებელი, რომ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო წყლის ოდენობა სრულად სასმელის სახით მიიღოთ. ასევე არც იმაზე უნდა შეწუხდეთ, თუ არ გწყურიათ. ადამიანის ორგანიზმს საკუთარ თავში წყლის რაოდენობის გაკონტროლება საკმაოდ ეფექტურად შეუძლია და ის საჭიროების შემთხვევაში დეჰიდრატაციამდე ბევრად ადრე მიგანიშნებთ და მოგანდომებთ, რომ წყალი დალიოთ.
იმ ისტორიების მიუხედავად, რომლებიც, შესაძლოა, მოისმინოთ, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ დამატებითი წყლის მიღება ჯანმრთელი ადამიანებისთვის რაიმეთი სასარგებლოა. მაგალითად, კვლევებით არ დგინდება, რომ ნორმაზე მეტი წყლის დალევა კანს აუმჯობესებს და ნაოჭებს აქრობს. ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მეტი წყლის დალევა თირკმლის ფუნქციას აუმჯობესებს.
დაავადების, ძლიერი ვარჯიშის და ოფლიანობის, ან წყლის დალევის უუნარობის დროს ორგანიზმის ნამდვილი გაუწყლოება მართლაც შეიძლება მოხდეს და ეს რეალური პრობლემაა. თუმცა კლინიკური გაუწყლოების შემთხვევაში ადამიანებს გარკვეული სიმპტომები თითქმის ყოველთვის აქვთ.
ადამიანები, რომლებიც დღეში რვა ჭიქა წყლის დალევას ცდილობენ საკუთარ თავს არაფერს უშავებენ. თუმცა, იმაზე მეტი წყლის დალევა, ვიდრე ორგანიზმი ბუნებრივად გვთხოვს, შესაძლოა, სრულად უსარგებლო იყოს. უფრო მეტიც, ზედმეტი წყლის მიღება საფრთხის შემცველია, რადგან ის სისხლში ნატრიუმის მარილების რაოდენობას ამცირებს.
"წყლის რაოდენობის კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მექანიზმია, რომელიც ჩვენ ევოლუციურად მას შემდეგ გაგვივითარდა, რაც ჩვენი წინაპრები წყლიდან ხმელეთზე გადმოვიდნენ. ჩვენ მრავალი მექანიზმი გვაქ, რომელიც ორგანიზმში წყლის რაოდენობას აკონტროლებს", — აცხადებს მასაჩუსეტსის ტუფტის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი ირვინ როსენერგი.
ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ყოველდღიურად რაიმე დადგენილი რაოდენობის წყლის მიღებაზე არ უნდა ვიდარდოთ. როდესაც ორგანიზმს წყალი სჭირდება, ჩვენ წყურვილს ვიგრძნობთ, ისევე, როგორც ვგრძნობთ შიმშილს, ან დაღლილობას. ახლა ადამიანებს დასალევ წყალზე იმაზე მეტი წვდომა გვაქვს, ვიდრე ისტორიის განმავლობაში ოდესმე გვქონია და ის მოსაზრება, რომ ჩვენ ყოველდღიურად ყველანი გაუწყლოების ზღვარზე ვართ, სიმართლეს უბრალოდ არ შეესაბამება.
კომენტარები