ტყუილი და სირცხვილი — ვინ როგორ შეაფასა გიორგი გახარიას ინტერვიუ
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის აქციაზე კიდევ ერთხელ TV პირველის ეთერში ისაუბრა. 2-საათიანი ინტერვიუს შემდეგ მაყურებელს უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა, ვიდრე პასუხი მიიღო. მათ შორის ოპოზიციასაც, რომელსაც შს მინისტრი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. შს მინისტრის ინტერვიუს შეფასებისას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების განცხადებებში ერთი სიტყვა უცვლელია — "ტყუილი".
ევროპული საქართველო
სერგი კაპანაძე
"გახარიას ვუსმენ და ამდენი ტყუილი ერთად არ მომისმენია ძალიან დიდი ხანია!
ვერ მოვითმინე. რომ არ დამეპოსტა.
- ხმით გავაფრთხილეთო პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი გაზის გამოყენებამდეო —ტყუილია!
პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ეს მუხლი არის პირდაპირ დარღვეული.
- ოპოზიციამ წინასწარ იცოდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ, დაგეგმა არეულობა და ჩამოსვლამდე ხმა არ ამოუღიაო — ჩვეულებრივი ტყუილია.
ორჯერ გააფრთხილეს ბრიფინგით კანდელაკმა და ბოკერიამ, რომ არ შემოეშვათ ქვეყანაში! ორივეჯერ დამცინავად გვიპასუხეს!
- უფლება არ გვქონდა, გავრილოვი არ შემოგვეშვაო — სამარცხვინო განცხადებაა.
ნებისმიერი ადამიანი შეუძლია მიაბრუნოს საზღვრიდან შსს-მ. საერთოდ არ სჭირდება ახსნა! ეს უცბად, რაც მოვისმინე! სამარცხვინო მატყუარა მინისტრი!".
სერგო რატიანი
"გახარია მინისტრად მოსვლიდან დღემდე ასეთი უსუსური არასდროს მინახავს. დღეს რაც ვიხილეთ, არის ყველაფრის მოშლა. ეს ადამიანი მთელ საქართველოს საპირისპიროს უმტკიცებდა. ის უტიფრად ლაპარაკობდა, რომ გაფრთხილება იყო, როცა არ ყოფილა.
ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ბოდვა. სინამდვილეში, რეჟიმი დგას იმაზე, რომ ივანიშვილს შეუძლია გაწიროს ყველა. ვხედავდით, რომ ივანიშვილი ნებისმიერ ძალიან სწრაფად წირავდა. გახარია იმიტომ ვერ გაწირა, რომ ამ ღამის თანამონაწილეები ერთად არიან.
ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება... მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ეგონათ, არ დავთანხმდებოდით ამ მოლაპარაკებაზე, ან ეს იყო გადმოგდებული ბოლოს, რათა მათ შეჰქმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ვიღაც არ დათანხმდებოდა მოლაპარაკებას. როგორც კი დავთანხმდით, დაიწყეს სროლა".
გიორგი კანდელაკი
"ბიძინას ფალავანი სულ მოცურებულა — გავრილოვის შემოშვებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებს. ამ ასამბლეამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ რამდენჯერმე ბრიფინგით გავაფრთხილეთ, არ შემოეშვათ არა ოკუპაციის კანონის დარღვევის, (რომელიც არც გვიხსენებია) არამედ აფხაზეთის ომში მონაწილეობის გამო — სხვა დეპუტატები კი უკრაინაში ნონ გრატა სტატუსის გამო, ანუ რადგან გავაფრთხილეთ და ვურჩიეთ არ შემოეშვათ, ამიტომ ჯინაზე შემოუშვეს და გაფრთხილებაშია ჩვენი ბრალეულობა? ვეღარ გავიგე".
ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
"შს მინისტრი არის უბრალოდ შეშინებული და, მართლაც, ადამიანს არ ჰგავდა. როგორ შეიძლება ეთქვა შს მინისტრის ის, რაც თქვა, რაც ილაპარაკა. რა ჰგონია, რომ ხალხი გადაიფიქრებს და სხვა პოზიციაზე დადგება? ჩემი აზრით, გახარია-ივანიშვილის რეჟიმის ისტორია შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად - ხალხისთვის, ქართველი ერისთვის, თვალის ჩაკვრიდან თვალის დათხრამდე".
ხატია დეკანოიძე
"ეს კაცი, რეალურად, უნდა გადადგეს და ეს ამ აქციის უპირობო მოთხოვნაა. ეს კაცი თვითონ არის სისხლის სამართლის ობიექტი იმიტომ, რომ ამ ადამიანმა დღეს აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ არავითარი მოცემულობა ლეტალური ტყვიების გამოყენების არ იყო. რაც მთავარია, ეს ადამიანი დარდობდა პოლიციელის ფარებზე და არ დარდობდა ამოთხრილ თვალებზე.
გიორგი გახარიას პირველი დანაშაული არის ის, რომ, რეალურად, რაც უწერია პოლიციის შესახებ კანონში, ყველაფერი დარღვეული აქვს. მათ შორის თანაზომადი ძალების გამოყენებაზე, მათ შორის აკრძალული იარაღის გამოყენებაზე, მათ შორის გაფრთხილებაზე.
გახარია იძიებს იმ საქმეს, რომელშიც თვითონ არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენ გვიბარებს... თვითონ იძიებს რეალურად..."
არასაპარლამენტო ოპოზიცია
თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტია
"გახარია შეშინებულია. გახარია რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება შეშინებულია და ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია. ამიტომ, საბოლოო ჯამში, გახარიაც წავა და ყველა მიჰყვება მას. ეს გარდაუვალია.
ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ მათთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რაც სირცხვილია, ამიტომ, მე არ მგონია, რომ აქ განსაკუთრებული ძალა აჩვენა გახარიამ, პირიქით, მისი გამოსვლა იყო ხელისუფლების სრული სისუსტის დადასტურება... მე თანავუგრძნობ მათ ამ მარცხში.
მე მინდა მივმართო მას, რომ ახლა, როგორც მარტო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ისე კი არ ველაპარაკები ბატონ გახარიას, მე მას, როგორც იურისტი ისე ვეუბნები. გახარია სამართლებრივად დამარცხებულია, ყველგან წაგებული აქვს სამართლებრივად, თუ ახლა მის მონამორჩილ მოსამართლეებს არ გამოიყვანენ პროცესებზე იმიტომ, რომ მელიას ნაწილში ცალსახად წაგებული აქვთ საქმე, დაშლის ნაწილში ცალსახად წაგებული აქვთ საქმე".
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია
"როგორც შემოდგომის ბუზი არის აგრესიული, ასევე, აგრესიული ხდება ბოლო ჟამის დროს ხელისუფალი. მე დამრჩა მძიმე შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს სინანულის განცდა, რომ მისი შვილის ტოლა ბავშვებს დათხარა თვალები და დაღვარა სისხლი.
მისი ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოფნა ამ თანამდებობაზე, როდესაც ამხელა ძალაუფლება გააჩნია, ასეთი ყაიდის, ასეთი ტიპის ჯალათი საფრთხეა, ხვალ შეიძლება ცხელი ტყვია გამოიყენოს... ის ივანიშვილის გამო ყველაფერზე წამსვლელია და ივანიშვილს ჯალათები უყვარს.
ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოებია ცხოველების ფერმა, სადაც მმართველი ელიტა არიან ღორები და იმ ღორებს ჰყავთ მცველები, ცოფიანი ძაღლები და მზად არიან, თუ მათ პატრონს რამე დაემუქრებათ, გაგლიჯონ. ივანიშვილს ჯალათები უყვარს..."
ბაჩუკი ქარდავა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
"შემოგვითვალა მოლაპარაკება, მოიტყუა და დაიწყო სროლა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ გახარიაზე მეტად ვიღაცას არ სურდა, სწორედ, რომ გამართულიყო მოლაპარაკებები და პირველი, ფიქრობს, რომ მხოლოდ ხალხის დაშინებით შეძლებს თავისი რუსული გეგმის განხორციელებას ივანიშვილი საქართველოში და მეორე, მას სურს, დაანახოს რუსეთს, რომ გავრილოვის გაძევება არავის საქართველოში არ შერჩება, არც ქართველ ახალგაზრდებს. ამ მიზნის შესასრულებლად, სწორედ, მოხდა ის დიდი ტყუილი, რაც განხორციელდა მოლაპარაკება და შემდეგ გასროლა".
გუბაზ სანიკიძე, გამარჯვებული საქართველო
"ჩვენ გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ, ჩემი მხრიდან და, საერთოდ, ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს. რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია დაპატიმრებული. ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. შს მინისტრი, როგორც ჩანს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი".
სამოქალაქო საზოგადოება
#სირცხვილიას ორგანიზატორები
შოთა დიღმელაშვილი: "ჩვენზე ამბობს, რომ თითქოს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გვაქვს და სახელმწიფო ინსტიტუტების შეგრძნება არ გვაქვს. ეს ადამიანი რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს ანუ იმას, რასაც მთელი ევროპა ებრძვის. გახარია რუსული პიარ ტექნოლოგიებით, რაღაც ძალადობის ენით, სიძულვილის ენით მოსაუბრე ჯგუფებს, ბოტებს, ტროლებს ახალისებს. პიარი მაინც წამოიღეთ ნორმალური ქვეყნებიდან".
გიორგი ნონიაშვილი: "მე მგონია, რომ ორივე შემთხვევა მომგებიანია. პირველი, რომ გახარიას თავხედობა განაპირობებს იმას, რომ მთლიანად ის მიიღებს დარტყმას და მისი გადაგდება თანამდებობიდან ბევრად უფრო მარტივი იქნება, ქართული ოცნება რაღაცებს არ მიიწებებს და მეორე შემთხვევა — ამ სიძლიერემ შეიძლება "რკინის კაცის" იმიჯი შექმნას. ეს შექმნის მის ძლიერ სახეს. ვინმემ თუ ურჩია ეს ამბავი და ვიცით, რომ საინტერესო პიარტექნოლოგენი ჰყავთ, ორივე შემთხვევა შეიძლება მათთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. ამ ინტერვიუმ აქციის მონაწილეები უფრო გააბრაზა".
გიორგი მშვენიერაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შესაძლოა ეთქვას, თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უცხოელის შემოშვებაზე ინსპექტირებას ახდენს შსს.
ამავდროულად, შსს პირის შემოშვებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ჰქონდეს დასკვნა (სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული), რომელშიც უბრალოდ მიეთითება არ შემოშვების მიზეზი და რომელიც არ საბუთდება.
ეს პოსტი იმის ილუსტრაციისთვის, როგორ ცრუობს ბატონი გახარია, რომ თურმე 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი რომ არ შემოეშვა და ვერ იპოვა. ამ ზღაპრების მოსასმენად უკვე საკმაოდ დიდები ვართ"»
თინა ხიდაშელი, იურისტი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
"ძალიან გრძელი პოსტი გამოვა, მაგრამ, თუ მართლა გაინტერესებთ სინამდვილეში სამართლებრივად, რა მოხდა იმ ღამეს, წაიკითხეთ. არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი და იქ ყველაფერი წერია. ეს წიგნია სისხლის სამართლის კოდექსი:
სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლს თავისი აზრი აქვს, ზოგი წინასწარ განზრახვას ითხოვს, ზოგი საბოლოო მიზნის დადასტურებას, ზოგი დანაშაულის სპონტანურობას ადგენს და ზოგი ამბობს, რომ რაღაც ერთი მიზნით იწყება და მერე შეიძლება დანაშაულში გადაიზარდოსო. ამ მოცემულობოთ:
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ქმედება, რომელიც 20 ივნისის, სრულიად მშვიდობიანი მიტინგის დროს, ერთ მონაკვეთში, მომიტინგეთა ერთი ნაწილის მიერ განხორციელდა (პოლიციელების გადმოთრევა კორდონიდან, სახელმწიფო ქონების დაზირება და გატაცება=ფარები და ჩაფხუტები, პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობა პოლიციელების კორდონის გარღვევით) ერთმნიშვნელოვნად ეტევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოცემულობის ფარგლებში, აკრძალული და დასჯადი ქმედებაა.
ჩემი აზრით, ყველა, ვინც ამას უარყოფს და ცდილობს ვითარების ისე წარმოჩენას, რომ საერთოდ არაფერი მომხდარა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში, უბრალოდ, ეხმარება გახარიას, რომ დააიგნოროს ყველა შემდეგი, სრულიად სამართლიანი მოთხოვნა.
ამასობაში, სრულიად არალეგიტიმური, დაუსაბუთებელი და ტყუილია ხელისუფლების, მათ შორის ინგასთან გახარიას მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაციები (სახელმწიფო გადატრიალება, ინსტიტუციების ჩამოშლა, ამბოხი, ხელისუფლების ძალადობით შეცვლა). არ არსებობს მათი დადასტურების საჯაროდ ცნობილი ფაქტები (არადა ამაზე აპელირებს ყველა, ხომ ერთად ვუყურებდითო) და, შესაბამისად, პოლიტიკურ ხასიათს სძენს მთელს გამოძიებას.
ზუსტად ისე, როგორც ისინი ამბობენ არაფერი მომხდარა, შს მინისტრი არარსებულ დანაშაულზე აპელირებით თავად ეწევა სახელმწიფო სისტემის, ინსტიტუტების, გამოძიების ინსტიტუციურ ჩამოშლას, ნდობას აკარგვინებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად აქცევს.
ამასობაში, მე ვითხოვ ბრძანებების საჯაროდ გამოქვეყნებას. ამას ძალიან კონკრეტული მიზანი და მიზეზი აქვს. ბრძანებაში უნდა ჩანდეს:
რა იყო მიზეზი ოპერაციის დაწყების. (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მინისტრმა გვითხრა თავიდან არც კი მივსულვარ არაფერი ხდებოდაომ ანუ რაღაც მოხდა, რის გამოც მივიდა. დიახ, მეც ვადასტურებ, რომ მოხდა. მაგრამ რა მოხდა? რა ჩაწერა იმ პირველ ბრძანებაში მინისტრმა?)
იმის მიხედვით, რა ჩაწერა მიზეზად, დგინდება:
- რომელი/რამდენი ძალა უნდა გამოვიდეს;
- რა ტიპის შეიარაღებით და სხვა;
- რომელიც პროცედურის/ინსტრუქციის გამოყენებაზე მიუთითა მინისტრმა, სროლის, სპეცსაშუალებების გამოყენების თანმიმდევრობის და სხვა შესახებ;
- რამდენჯერ მოუწია ახალი ბრძანების გაცემა და რა შეცვალა
- და ბოლოს, როდის და რა გარემოებებზე დაყრდნობით გასცა საპოლიციო ნაწილების უკან, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება.
რაში გვჭირდება ბრძანება? — რომ დადგიდეს:
- პოლიციელები / სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითნებურად;
- თუ მინისტრმა გასცა უკანონო ბრძანება.
დავით ჯანდიერი, იურისტი
"ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა და ეს გზა აირჩია ანტიპუტინისტურად განწყობილ ძალებთან. ეს დავალება იყო გაცემული შურისძიების სურვილის მოსაკლავად ჩრდილოეთში გარკვეული ადამიანებისთვის... ხელისუფლება გახდა კრიმინალი, მან გადალახა წითელი ხაზი და ის ახლა უკვე არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჯერ ერთი, ფსიქოლოგიურად წააგო, ის ამას ხვდება და ის ცდილობს ახლა, რომ აჩვენოს, თითქოს, არის ძალიან ძლიერი და მიმიკები, რომელსაც დრეს ვუყურებდით შს მინისტრის სახეზე, იყო ამის დამადასტურებელი. ხელისუფლებამ არ აღიარა დანაშაული და ბოდიში არ მოუხდია დღემდე, რაც გააკეთა".
სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
"გუშინდელი განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა გახარიამ უნდა დატოვოს პოსტი და რაც მალე, მით უკეთესი. ვინმემ ვინმეს თუ დაუმესიჯა, რომ ახლა ვიწყებთ აქციის დაშლას, ეს არ ვიცი, მაგრამ შეტყობინება, რომ უნდა დაწყებულიყო აქციის დაშლა, არ ყოფილა.
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს 40-მდე მედიის წარმომადგენლის დაზიანებას და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან პოლიტიკოსების სურვილს, რომ შეიჭრან პარლამენტში, რომ მოახდინონ შტურმი, მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენლები მშვიდად, ძალიან წყნარად აჩვენებდნენ კამერებს, მიკროფონებს, ანუ მარტივად იდენტიფიცირებადი იყო, ვისთან ჰქონდა საქმეს სამართალდამცავ ორგანოებს.
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ შემხებლობაში არ იყვნენ აქციასთან. ადამიანებს აკავებდნენ არა იმის გამო, რომ იქ აქციაზე ვინმემ წინააღმდეგობა გაწია, არამედ აკავებდნენ ყველას, გარკვეულ პერიმეტრზე, ამას არაფერი საერთო არ აქვს იმ ვერსიასთან, რაზეც ბატონი გახარია საუბრობს".
აქცია #სირცხვილია და 20 ივნისის აქცია
საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია 23-ე დღეა მიმდინარეობს. სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შედეგად, აქციები ამ დრომდე გრძელდება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაგომის მოთხოვნით.
20-21 ივნისის მოვლენებს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იძიებს.
კომენტარები