#რომარაპუტინი ვიქნებოდი ცოცხალი — პროტესტის 21-ე დღე და ფოტოგრაფები ოკუპაციის წინააღმდეგ
უკვე 21 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 21 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. #სირცხვილია — ასე ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.
დღეს, 10 ივლისს #სირცხვილიაზე ანტიოკუპაციური გამოფენა მოეწყო. ფოტოები ასახავს 20 ივნისის აქციის დაშლას და 20-დღიან უწყვეტ სამოქალაქო პროტესტს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ რუსული აგრესიის მსხვერპლთა ფოტოებიც.
"ამით, ხელისუფლებასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, თუ რატომ უნდა დატოვოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა", — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ფოტოგრაფერი კი ამბობენ, რომ ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც "საკუთარ მოქალაქეებზე იძალადა".
პარლამენტის წინ მოეწყო ანტიოკუპაციური ინსტალაცია #რომარაპუტინი მე ვიქნებოდი ცოცხალი. ბანერი, რომელზეც აქტივისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს სიმბოლური წერილები დაუტოვეს, დღეს მავთულხლართებში გაეხვა. მასზე დამაგრებულია საოკუპაციო რეჟიმისა და აგვისტოს ომის მსხვერპლთა ფოტოები. მათ შორის გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის.
თბილისში წვიმს, თუმცა დემონსტრანტებისთვის ეს ხელშემშლელი ფაქტორი არ არის. ორგანიზატორებმა მათ საწვიმარები დაურიგეს.
თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს აქციიდან:
გაიგეთ მეტი #სირცხვილიას აქტივობებზე:
კომენტარები