მარში ღირსებისთვის შედგა
თბილისი, 2019 წელი, კახეთის გზატკეცილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია, 19:05 — პირველი პრაიდი, წინააღმდეგობების მიუხედავად, სწორედ, ამ დროს და ამ ადგილას გაიმართა. ლგბტ თემის წევრებმა საკუთარი სათქმელი მაინც თქვეს, ხმამაღლა, თამამად, პოლიციის კორდონისა და ყვითელი ავტობუსების გარეშე, გააპროტესტეს, მოითხოვეს და არ დათმეს საჯარო სივრცე...
ღირსების მარში, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის თვეში, პრაიდის კვირეულის დასასრულს უნდა გამართულიყო, ბევრჯერ გადაიდო. მიზეზი, უმეტესად, ლგბტ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული უსაფრთხოება იყო. შსს-მ თქვა, რომ პრაიდის მონაწილეებს ვერ დაიცავდა.
დახურული ჯგუფებიდან ღირსების მარშის ადგილი და დრო რამდენჯერმე გასაჯაროვდა. ამის გამო პრაიდის ორგანიზატორებს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების შეცვლა ან გამოხატვის უფლებაზე უარის თქმა უწევდათ.
ასე მოხდა 8 ივლისსაც, დილის რვა საათზე, ყველა მონაწილემ მიიღო შეტყობინება, რომ პრაიდი აღარ გაიმართებოდა. მიზეზი ჰომოფობიურ ჯგუფებში მარშის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა იყო.
ჯერ კიდევ 7 ივნისს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში კონტრაქციის მონაწილეებს შს სამინისტროსთან მისვლა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მოუწოდა. სწორედ იქ, სადაც დილის 9 საათზე მსვლელობა უნდა დაწყებულიყო.
ამის მიუხედავად, ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და მხარდამჭერები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე "პატრულირებდნენ" და იმუქრებოდნენ, რომ ლგბტ თემს პრაიდის გამართვის უფლებას არ მისცემდნენ. უშედეგო "მორიგეობის შემდეგ" ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტთან შეიკრიბნენ და პრაიდის აკრძალვა მოითხოვეს. იმავეს მოითხოვენ ახლაც...
შსს-სგან უსაფრთხოების გარანტიების არქონისა და თბილისის მასშტაბით მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიუხედავად, ღირსების მარში მაინც გაიმართა. არა იმ ფორმით, როგორც თავდაპირვლად იყო დაგეგმილი, მაგრამ მაინც...
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ლგბტ დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. აქცია-მსვლელობა შსს-სთან, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა და დროზე ადრე დასრულდა, მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძის რადიკალთა დაჯგუფება რუსთაველის გამზირიდან სამინისტროსკენ დაიძრა.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა და მისი გადადგომა მოითხოვა:
"გახარიამ მშვიდობიანი მოქალაქეები შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს. მოძალადე გახარიამ ჩვენ გვითხრა, რომ არ მოვიდოდა, არ უზრუნველჰყოფდა ღირსების მარშის მონაწილეების ტრანსპორტირებას ლოკაციაზე და არ მოიყვანდა პოლიციელებს ჩვენს დასაცავად. მოძალადე გახარიამ კიდევ ერთხელ დაგვტოვა მოძალადეებთან მაშინ, როცა ეს მოძალადე ჯგუფები თავისუფლად თარეშობენ თბილისის ქუჩებში. გახარია არ მოვიდა ჩვენთან და ჩვენ მოვედით მასთან და გვინდა ვუთხრათ მას, რომ უნდა გადადგეს".
პრაიდის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა მედიასთან საუბარი ამ სიტყვებით დაიწყო: "ღირსების მარში შედგა".
"ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ამ ქვეყანაში ყველას. ამ სახელმწიფოს სჭირდება გამოფხიზლება, ამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური ხელისუფლება. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ყველა ჩვენგანს და არ დავთმობთ. მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით!".
ამ სიტყვების შემდეგ ღირსების მარშს შსს-ს შენობის გარშემო მსვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. სწორედ, ამ დროს მიიღეს ინფორმაცია ჰომოფობიური ჯგუფების მოახლოებასთან დაკავშირებით. მათ აქცია დაასრულეს, თუმცა მაინც გაიმარჯვეს, დროშებითა და ტრანსფარანტებით დაანახეს და შეახსენეს საზოგადოებას, რომ ყველა თანასწორია განურჩევლად სქესის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ნიშნისა...
თბილისის პრაიდის ორგანიზატორების წასვლიდან 5 წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს, თუმცა ღირსების მარში დასრულებული დახვდათ.
გურამ ფალავანდიშვილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ის, რისი მიღწევაც პარლამენტთან დილიდან სურთ: "კონსტიტუციაში ჩაიწეროს და კანონით აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და, ასევე, არ მიეცეთ მათ უფლება დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურებში".
მოგვიანებით, შსს-თან მყოფ პირებს, ტრადიციულად, ხისგან გამოთხრილი ჯვრით მოსიარულე ლევან ვასაძე შეუერთდა.
"თბილის პრაიდი" გადაიქცა "თბილისი ჰაიდად" ეს არის თავის გაბითურება", — თქვა ვასაძემ.
გაწბილებულმა რაინდმა მხარდამჭერებს პარლამენტთან დაბრუნებისკენ და იმ ადგილის დაკავებისკენ მოუწოდა, სადაც ორკვირაზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია #სირცხვილია იმართება.
მხარდამჭერებმაც არ დააყოვნეს, მანქანებს შემოახტნენ და შსს-ს ტერიტორია დატოვეს. "ტყუილად მოვედით", — ამბობდნენ ჰომოფობიური ჯგუფების მხარდამჭერები.
ღირსების მარშზე მოლოდინი ყველას არაერთგვაროვანი და განსხვავებული ჰქონდა, ზოგი მეტს ითხოვდა ლგბტ თემისგან, ზოგი — არა. სუბიექტურობის მიღმა ორი რამ ფაქტია:
- ღირსების მარში შედგა;
- ლგბტ დროშამ კი პარლამენტთან შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფების თავზეც გადაიფრინა...
კომენტარები