გადაგვარჩენს ხეების დარგვა გლობალური დათბობისგან?
ხეების დასარგავად არსებული ტერიტორია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. მისი ჯეროვანი ათვისება კი 25%-ით შეამცირებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონეს.
სამეცნიერო კვლევის ავტორთა მოსაზრებით, ეს არის მოცემულ მომენტში ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტიანი საშუალება გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად. მათ ამგვარ პოზიციას სხვა მკვლევარები არ იზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარი ხეებს მართლაც ღირებულ იარაღად აქცევს ტემპერატურის შემცირებისთვის ბრძოლაში.
The Intergovernmental Panel on Climate Change (IPCC)-ის განცხადებით, იმისათვის რომ 2050 წლისთვის ტემპერატურის ზრდის ტენდენცია 1,5°C ლიმიტამდე შევინარჩუნოთ, 1 მილიარდი ჰექტარი ფართობის ტყის მასივის გაშენებაა აუცილებელი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დაზუსტებით შეუძლებელია ვთქვათ, თუ რამდენი ხის გაზრდის რესურსი გააჩნია დედამიწას.
კვლევაში აქცენტი გაკეთებულია არამარტო იმაზე, თუ რამდენი ხე უნდა დაირგას და გაიზარდოს, არამედ იმაზეც, თუ რა ზეგავლენა ექნება ამ ყოველივეს სათბურ აირებთან ბრძოლაზე.
ETH-Zurich-ის მეცნიერებმა მსოფლიოში არსებული 78 000 ტყის შესახებ არსებული მონაცემების გამოსაკვლევად ფოტო- ინტერპრეტაციის მეთოდს მიმართეს. Google Earth-ის რუკების გამოყენებით მათ ასევე შეძლეს გამწვანებული მსოფლიოს მოდელი წარმოედგინათ უკეთესი თვალსაჩინოებისთვის.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ სათვალავში არ მივიღებთ უკვე არსებულ ხეებსა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, მსოფლიოს შეუძლია დამატებით 0,9 მილიარდი ჰექტარი ტყის მასივი დაიტიოს.
ხეების ეს რაოდენობა ზრდასრულ ასაკში მოახერხებს 200 გიგატონა ნახშირორჟანგის შთანთქმას, რაც საწარმოო რევოლუციიდან მოყოლებული ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის საერთო მაჩვენებლის 2/3-ს, ხოლო ზოგადად ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის მეოთხედს შეადგენს.
"ჩვენი კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ დღეისათვის ტყეების აღდგენა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, ეს ნათელი მტკიცებულებაა ამ ინვესტიციის განსახორციელებლად. თუ ჩვენ ახლავე ვიმოქმედებთ, შევძლებთ ნახშირორჟანგის გამოფრქვევა ატმოსფეროში 25%-ით შევამციროთ. ასეთი მაჩვენებელი ბოლოს დაახლოებით 1 საუკუნის წინ გვქონდა", — აცხადებს პროფესორი ტომ კროიზერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
სტატიაში ასევე მითითებულია ის 6 ქვეყანა, სადაც შესაძლებელია მსგავსი მასშტაბით ტყეების აღდგენა: რუსეთი (151 მილიონი ჰექტარი), აშშ (103 მილიონი ჰექტარი), კანადა (78 მილიონი ჰექტარი), ბრაზილია (50 მილიონი ჰექტარი) და ჩინეთი (40 მილიონი ჰექტარი)
მთელ ამ პროცესში კი სიჩქარე გადამწყვეტია: პლანეტა გახურებას აგრძელებს და ტროპიკებში დასარგავი ხეებისთვის აუცილებელი ფართობი ეტაპობრივად მცირდება.
"ახალ ტყეებს გასაზრდელად და თავისი პოტენციალის სრულად გამოსავლენად ათწლეულები დასჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მანამდე უკვე არსებული ტყეები დავიცვათ და ჩვენს ეკონომიკაში სასარგებლო წიაღისეული ეტაპობრივად განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლოთ", — აღნიშნავს პროფესორი კროუტერი.
ახალი კვლევა უკვე მოიწონა გაეროს კლიმატის საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, კრისტიანა ფიგუერესმა. ამ უკანასკნელმა 2015 წლის პარიზის კლიმატის ხელშეკრულების შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.
"როგორც იქნა გვაქვს ავტორიტეტული შეფასება იმის შესახებ, თუ მიწის რა ფართობზე შეგვიძლია ტყეების გაშენება ისე, რომ კვების პროდუქტების წარმოებასა და საცხოვრებელ ტერიტორიებს არ შევეხოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მონახაზია სახელმწიფოებისა და კერძო სექტორისათვის", — განაცხადა ფიგუერესმა.
მსგავს პოზიციას ყველა არ იზიარებს. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში ხეების დარგვა ნამდვილად არ არის ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური საშუალება.
"ტყის საფარის აღდგენა შესაძლოა "ყველაზე ეფექტიან სტრატეგიათა" სიაში შედიოდეს, თუმცა იგი ძალზე შორს არის "ამჟამად საუკეთესო საშუალების" წოდებისგან", — მიაჩნია პროფესორ მაილს ალენს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
მწვავე კრიტიკის ობიექტია ასევე ნახშირბადის რაოდენობა, რაც ხეების ამგვარი რაოდენობით დარგვის შემდეგ დაგროვდება.
"900 მილიონი ჰექტარი ხის დარგვა დამატებით 205 მილიარდ ტონა ნახშირბადს გააჩენს. ამას არ ითვალისწინებს არც წინა კვლევები და არც კლიმატური მოდელები", — მიიჩნევს საიმონ ლუისი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.
"აქამდე დიდი მასშტაბით ტყის მასივის გაშენებას ადამიანები რამდენიმე საშუალებით ახერხებდნენ: რუსეთში — საკუთარი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით, დასავლეთში — სასოფლო-სამურნეო წარმოების ზრდით, ხოლო ჩინეთში — აუტოკრატიული რეჟიმის ბრძანებით. გლობალური მასშტაბით თითოეული მათგანი მიუღებელია", — მიაჩნია მარტინ ლუკაჩს რედინგის უნივერსიტეტიდან.
სტატია ჟურნალში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები