მექანიკური ფორთოხალი — რატომ აკრძალა სტენლი კუბრიკმა საკუთარი ფილმი
"რა ჯანდაბა უნდა კუბრიკს?" - კითხვა დასვა როჯერ ებერტმა მექანიკური ფორთოხლის მიმოხილვაში 1972 წელს. ფილმი დაანონსებული იყო, როგორც "თავგადასავლები ახალგაზრდა კაცისა, რომლის მთავარი ინტერესებია გაუპატიურება, ულტრა-ძალადობა და ბეთჰოვენი".
როგორ შეიძლება ასეთ ფართოდ აღიარებულ რეჟისორს უნდოდეს მაყურებელი ჩართოს მსგავსი არასასურველი პროტაგონისტის "პატარა ფსიქოპატურ ცხოვრებაში?"
"მსოფლიოში, სადაც საზოგადოება კრიმინალია, კარგმა კაცმა, რა თქმა უნდა, კანონგარეშე ცხოვრებით უნდა იცხოვროს. მაგრამ კუბრიკი ამას სულაც არ ამბობს. ის უფრო მარტივი და საშიში იდეის გატარებას ცდილობს — რომ მსოფლიოში, სადაც საზოგადოება კრიმინალია, მოქალაქეც შეიძლება კრიმინალი იყოს", — ასკვნის ებერტი.
მსგავსი კრიტიკა არც პრესის სხვა წარმომადგენლებს დაუკლიათ მექანიკური ფორთოხლისთვის, მათი უმრავლესობა უფრო მარტივი და მამხილებელი იყო. ინგლისში, კუბრიკის მეორე, შეძენილ სამშობლოში, ფილმს ბევრად სერიოზული განაჩენი გამოუტანეს.
როგორც დევიდ ჰიუზი თავის წიგნში, The Complete Kubrick , წერს, "ფილმის გამოსვლიდან ორ კვირაში მემარჯვენეები და გულმხურვალე პარლამენტარები ყეფდნენ იმის მოთხოვნით, რომ ფილმი აეკრძალათ, მანამ, სანამ მიმბაძველობითი ძალადობა ადვილად მანიპულირებად ახალგაზრდებში გავრცელდებოდა. Evening News-მა სტატიაში სათაურით - მექნიკური ფორთოხლები წამზომიანი ბომბებია, ივარაუდა, რომ ფილმი საფუძველს ჩაუყრიდა ახალგაზრდებში ძალადობის გამავრცელებელ კულტს".
ფილმის პირდაპირი ატრიბუცია ძალადობრივ ინციდენტებთან, რომლებშიც ახალგაზრდები იყვნენ ჩართული, მანამ გაგრძელდა, სანამ მექანიკური ფორთოხალი გაქირავებიდან არ ამოიღეს. და ეს თავად რეჟისორმა გააკეთა.
"1974 წელს კუბრიკმა და ვორნერ ბრაზერსმა წყნარად ამოიღეს ფილმი მიმოქცევიდან და უარი თქვეს მის ნებისმიერი სახის ჩვენებაზე", — წერს ჰიუზი.
"ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ეფექტური ცენზურის" გარღვევის მცდელობები ძალიან მკაცრად ისჯებოდა. მაგალითისთვის, მას შემდეგ, რაც ლონდონის Scala Cinema-მ 1992 წელს ფილმი აჩვენა, კინოთეატრი სამუდამოდ დაიხურა. საბოლოოდ, კუბრიკის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, მექანიკური ფორთოხალი 2000 წელს ბრიტანეთში ხელმეორედ გამოვიდა.
იმავე წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი: წამზომი კვლავ ჩართულია: მექანიკური ფორთოხლის დაბრუნება, რომლის ნახვა იუთუბზეცაა შესაძლებელი. აქ მოთხრობილია ფილმის ჩახშობისა და ხელახალი აღმოცენების ისტორია.
მაგრამ, ჩნდება კითხვა: რატომ ამოიღებდა გაქირავებიდან საკუთარ ფილმს ისეთი ძლიერი ინდივიდუალობის მქონე რეჟისორი, როგორიც სტენლი კუბრიკი იყო?
"სტენლი ძალიან შეურაცხყოფილი და ნაწყენი იყო საპასუხო რეაქციის გამო. მას არ უნდოდა, რომ არასწორად აღექვათ და არც "მოკვლის მუქარების" მიღება სურდა. ამ ყველაფერს ცუდი პრესა იწვევდა", — იხსენებს რეჟისორის ქვრივი, კრისტიანი.
"კუბრიკს არასდროს უსაუბრია თავისი ამ გადაწყვეტილების შესახებ, ის სულაც არ ადანაშაულებდა ფილმს ახალგაზრდების ძალადობრივ ქმედებებში, თუმცა ამ მოძალადეების ტანზე თავისი პერსონაჟების ტანსაცმლის ხილვა მაინც ცუდ გავლენას ახდენდა. მისი ფილმის სათქმელი არასწორად გაიგეს", — წერს დევინ ფარაჩი Birth.Movies.Death.-ზე.
და კუბრიკმა გადაწყვიტა, არ მიეცა საშუალება მსგავსი ინტერპრეტაცია გავრცელებულიყო. მან ფილმის თავდაპირველი პრომოუშენის დროსვე უარყო იდეა, რომ ხელოვნება ძალადობრივ ქმედებებს უწყობს ხელს:
"ხელოვნებაში ყოველთვის იყო ძალადობა. ძალადობაა ბიბლიაში, ძალადობაა ჰომეროსთან, ძალადობაა შექსპირთან და ბევრი ფსიქიატრი თვლის, რომ ეს კათარზისად უფრო გვევლინება, ვიდრე მოდელად", — ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
კუბრიკის ხედვით, "ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ადამიანები არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მანკიერ მოძალადეებად არასწორი დიეტის ან ფილმის გამო ტრანსფორმირდებიან. პირიქით, ფაქტი ისაა, რომ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ყოველთვის ისეთი ადამიანია, რომელიც დიდი ხანია შემჩნეულია ასოციალურ ქცევებში, ან ისეთი მოულოდნელად გამოჩეკილი ფსიქოპატია, რომელზეც მოგვიანებით ამბობენ ხოლმე "არადა როგორი სასიამოვნო, მშვიდი ბიჭი იყო".
ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბებაში ჩართულია ძალიან რთული სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალები და ამ პროცესის ასე გამარტივება და იმის თქმა, რომ ფილმს ან ტელევიზიას შეუძლია უდანაშაულო და კარგი ადამიანი დამანაშავედ აქციოს, ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს, ჯადოქრობის ელფერიც დაჰკრავს.
იმის მიუხედავად, ზედმეტი იყო თუ არა კუბრიკის მიერ მექანიკური ფორთოხლის გაქირავებიდან ამოღება, მას აშკარად უკეთ ესმოდა, თუ როგორ ყალიბდებიან ბოროტი პერსონაჟები, ვიდრე მის ადრეულ მაყურებელს.
კომენტარები